|
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველო სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს. ერთ-ერთი ასეთია მსოფლიო ბანკი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3,871,554.55 ლარი გამოყო. აღნიშნული სკოლა სხვადასხვა რეგიონის ავარიულ საჯარო სკოლებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად შეარჩიეს. ახალი კაპიტალური შენობის აგება, რომელიც 400 მოსწავლეზე განისაზღვრა (შემსრულებელი სამშენებლო კომპანია `გრუსია~), 2008 წლის ბოლოს დაიწყო და ვადების მიხედვით 2010 წლის იანვრისთვის უნდა დასრულებულიყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (განმახორციელებელი) ოფიციალურ ვებსაიტზე აღნიშნულია პროექტის დასრულების თარიღი _ 2010წ. 05.06. თუმცა რამდენად შეიძლება დღეს საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულებულად ჩაითვალოს, ძნელი სათქმელია. ადგილ-ადგილ ამობურცული და აყრილია პარკეტი, სახურავიდან წვეთ-წვეთად ჟონავს წყალი და ახლადჩატარებულ რემონტს აზიანებს, გარკვეული ტიპის სამუშაოები ჯერ კიდევ შესასრულებელია და ა.შ. 3 ათას 700 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ოთხსართულიანი (მიწისპირა სართულის ჩათვლით) შენობა მოიცავს სააქტო და სპორტდარბაზებს, 15 საკლასო ოთახს, ვირტუალურ ლაბორატორიას და სამასწავლებლოს. გრანდიოზული კომპლექსი ერთი შეხედვით 400 მოსწავლისთვის ძალიან დიდი ჩანს, მაგრამ როგორც სკოლის დირექტორი ალექსანდრე ზედელაშვილი ამბობს, ეს არის თანამედროვე და ევროსტანდარტებით გაკეთებული სკოლა. "შენობა მოიცავს ყველაფერს, რაც უნდა ჰქონდეს თანამედროვე სკოლას. მშენებლობა 2008 წლის დასასრულს დაიწყო და 2009 წლის ბოლოს ვითომ უნდა ჩაბარებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სამუშაოები ზამთარში, ცივ პერიოდში არ უნდა განხორციელებულიყო და აქედან გამომდინარე, ჩაბარების ვადა გადასწიეს. ალბათ, გრაფიკი თავიდანვე კარგად არ იყო გათვლილი. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს ამობურცული იატაკი და აყრილი პარკეტი არაფერია, რა თქმა უნდა, გამოსწორდება. მე დეტალურად ვერ შევაფასებ, რადგან არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ რასაც ვუყურებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული. ჩემი მხრიდან არასწორია იმ პატარა ნაკლოვანებებზე ლაპარაკი, რაც ამ დროისთვის არის გამოკვეთილი. შესასრულებელი ფაქტიურად არაფერია, თითო-ოროლა პარკეტია ჩასასმელი და პატარა ნიუანსებია გამოსასწორებელი. მაგალითად, ზემოთ სართულზე იატაკი ერთ ადგილას დასაბეტონებელია, დაგებული პარკეტი აყარეს, რადგან სახანძრო კიბე გააკეთეს, რომელიც თავიდან პროექტით არ იყო გათვალისწინებული. პროცესი ახლა შეჩერებულია, სამშენებლო კომპანია აგვისტოში ჩამოვა და ამ მცირე სამუშაოებსაც დაასრულებს," _ განმარტა სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორმა ალექსანდრე ზედელაშვილმა. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი ის ხარვეზები, რაც დღეს შენობას აქვს, სწორედ სამუშაოების ნაჩქარევად შესრულების შედეგია. დასაქმებული პირები ზოგადად ამაზე საუბარს თავს არიდებენ. "მე რა გითხრათ, თვითონ კარგათ იციან, რატომ არის ეს ხარვეზები. პარკეტი ალბათ სიცხეზე აიყარა. სამუშაოები რამდენად ნაჩქარევად შესრულდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, როგორც კომპანია აძალებდათ ხელოსნებს, ისინიც ისე აკეთებდნენ. სამუშაოები აქამდეც უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ვადას გადასცდა, მდგომარეობა თვითონაც კარგათ იცოდნენ,"_ გვითხრა სამუშაოზე დასაქმებულმა თემურ მოსულიშვილმა. როდესაც სკოლის დათვალიერება და ფოტოების გადაღება დავიწყეთ, შენობის დარაჯმა, რომელიც ამავე დროს სამშენებლო კომპანიის თანამშრომელია, ერთგვარი აგრესია გამოხატა: "თუ მინდა საერთოდ არ შეგიშვებთ, დავრეკავ სადაც საჭიროა და რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ," _ გვითხრა დარაჯმა გიორგი მეკალუაშვილმა, თუმცა მოგვიანებით იმ ხარვეზებზე გვესაუბრა, რაც მშენებლობის დროს გამოიკვეთა. სამშენებლო კომპანია ,,გრუსიას" დირექტორი ბესარიონ მერმანიშვილი სამუშაო პროცესის შეფერხებას ცივ პერიოდს უკავშირებს. ,,ვადების გადაწევა ტექნოლოგიური პროცესების გამო მოხდა, მაგალითად, ზამთარში არ შრება გაჯი და ა.შ. რაც შეეხება ხარვეზებს, საერთოდ, როცა ახალი შენობაა, მსგავსი რამ ხდება ხოლმე, სახლის რემონტის დროსაც შესაძლებელია, რომ პარკეტმა აიწიოს. ეს ნაკლოვანებები, რა თქმა უნდა, გამოსწორებას ექვემდებარება," _ განმარტა ,,გრუსიას~ დირექტორმა და აქვე ისიც აღნიშნა, რომ პროექტი დაუსრულებელი იყო. ,,როგორც ბოლოს დავასკვენით პროექტი არ იყო სრულყოფილი. გვერდით ოთახს სანამ გადავხურავდით, ზემოდან დავაყარეთ ერთი ფენა შლაკი, რომელიც წვიმების დროს დასველდა. ახლა კი ნელ-ნელა იწყებს გამოშრობას და წვეთების სახით იჟონება. იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარში უცბად ვერ გაშრა, ახლა სიცხეებზე მალე ჩამოიწურება, საჰაეროებიც გავუკეთეთ და უმოკლეს დროში პრობლემა აღმოიფხვრება. ვერ გეტყით, რომ ეს ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოების შედეგია. ვადებში მთლიანად ჩავეტეოდით ზამთრის სეზონს რომ არ დამთხვეოდა. 15 აგვისტოსკენ ყველაფერს დავასრულებთ. ამ პერიოდში თუ კიდევ გამოვლინდა სხვა სახის ხარვეზი, იმასაც შევასწორებთ და დასრულებულ სახეს მივცემთ. ერთწლიანი საგარანტიო პერიოდი გვაქვს და ამ დროის განმავლობაში ნებისმიერი დაზიანების გამოსწოდებას ჩვენს პასუხისმგებლობაში ვიღებთ, თუ რა თქმა უნდა, ხელოვნურად არ იქნება გაფუჭებული. ახალი სასწავლო წლისთვის ყველაფერი მოგვარდება," _ გვითხრა ბესარიონ მერმანიშვილმა. ჯუგაანის საჯარო სკოლის შენობის პროექტის ავტორი გიორგი მახარაშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. ,,სამუშაო პროცესს, რა თქმა უნდა, ხშირად ვაკვირდებოდი. პრინციპში, მე ზოგადად კმაყოფილი ვარ. პროექტის სირთულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სკოლა ნორმალურად აშენდა. შეიძლება არის პატარ-პატარა ხარვეზები, მაგრამ ძირითადად ყველაფერი კარგად გაკეთდა. პროექტი რთული იყო, მაგრამ არასრულყოფილი ნამდვილად არ არის და ეს ნაკლოვანებები ამ მიზეზით არ წარმოქმნილა," _ განმარტა გიორგი მახარაშვილმა. სკოლაში წარმოქმნილი ხარვეზები ცივ პერიოდს რომ უკავშირდება, ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც საუბრობენ. "2010 წლის იანვარში პროექტის დაუსრულებლობა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია. არსებობს მთელი რიგი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებაც ზამთრის პერიოდში მიზანშეწონილი არ არის. ამის გამო ვადებმა აპრილამდე გადაიწია და მშენებლობა სწორედ ამ პერიოდში დასრულდა. სამუშაოები აბსოლუტურად პროექტის შესაბამისადაა შესრულებული. გვაქვს ევროსტანდარტების სკოლის შენობა. სამწუხაროდ, გამოვლენილია ცალკეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით სამშენებლო კომპანიას აკისრია. აგვისტოს ბოლოს ყველა ნაკლოვანება აღმოფხვრილი იქნება," _ განმარტა მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა თვალიაშვილმა. როგორც სოციალური ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი კლარა მოსულიშვილი განმარტავს, შენობა აბსოლუტურად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და დასძენს, რომ მისი პირობები ინკლუზიურ სწავლებაზეც არის გათვლილი. ადგილობრივი მაცხოვრებლები კმაყოფილები არიან, რომ სექტემბრიდან სწავლა ახალ შენობაში განახლდება. მათთვის უცნობია რა თანხები დაიხარჯა მშენებლობაზე, მაგრამ იციან, რომ მისი დასრულება დროულად ვერ მოხდა. "ჩვენ ვიცით, რომ ამ დრომდეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ დაამთავრეს. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით, სხვა უამრავი პრობლემაა სოფელში, ამ გზაზე სიარული აღარ შეგვიძლია ისეთი დანგრეულია, კარგი იქნებოდა ცოტა თანხა ამისთვისაც გამოეყოთ. ამხელა შენობა რომ ააშენეს მისაღებია, მაგრამ სკოლისკენ მიმავალი გზა ასეთი დაზიანებული რომ არის, ამასაც ხომ უნდა მიხედვა?" _ ამბობენ ჯუგაანელები. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობა აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, ვადებმა ამჯერადაც გადაიწია და სამუშაოების დასრულებას 10 სექტემბრისთვის ვარაუდობენ.
ქეთი არჯენიშვილი
02.09.2010 |