მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"ქართველებს არ გვიშვებენ, თორემ მათთან სომეხიც თავისუფლად შედის და აზერბაიჯანელიცა!"
სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ყაზბეგის დათვალიერება და გერგეთის ტაძრის მოლოცვა გადავწყვიტეთ. გზად ჯვრის მონასტერი და ანანურის ციხე მოვინახულეთ, თითქმის ყველა ციხე-კოშკი, კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ მოვიარეთ, გულდასმით დავათვალიერეთ, თითოეულ ქვასა და ლოდს ხელით შევეხეთ, გვსურდა სისხლხორციელად შეგვეგრძნო წინაპართა დანატოვარი ძეგლების სიდიადე.
როდესაც თბილისი უკან ჩამოვიტოვეთ და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს გზაგასაყარი, უღელტეხილი გადავიარეთ, გული კიდევ ერთხელ ამევსო სიამაყით. გზა კავკასიონის ქედისკენ განვაგრძეთ, რომლის კალთებქვეშ სოფელი გერგეთია შეფენილი, რომელსაც შორს მწვერვალზე გვირგვინივით ედგა სამების ტაძარი. სამარშრუტო ტაქსი რთულადსავალ გზაზე ზევით მიიწევს. სიმაღლეზე ასვლისას შიში გვიპყრობს, თუმცა ულამაზესი ხედები
 გვიხმობს. "რა მკაცრი ხართ, მთებო და რა ლამაზები, მშვენიერები და ამაყები, ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ, კავკასიის მთების შვილი," _ ვამბობდი გულში და სიყვარულით ვეფერებოდი გვიან ზაფხულში მთაში აფეთქებულ გაზაფხულს კლდიდან გადმომსკდარ ჩანჩქერებს, ხალიჩებად მოფარდაგებულ მინდვრის ყვავილებს და ამავე დროს, სულ ახლოს თავსდამდგარ დათოვლილ მყინვარს, რომელიც ხან ღრუბლებში შეიმალება, ხან მზის სხივებს აირეკლავს. ახლოს ძალიან ახლოს შევიგრძენით მთა და მისი სილამაზე, მანაც ფართოდ გაგვიხსნა გულის კარი და მაგრად ჩაგვიხუტა. ამასობაში უკან ჩამოვიტოვეთ სოფლები: სიონი, მლეთა, გუდაური. 
გერგეთში რეზო ხუციშვილის სახლში დავბინავდით. კავკასიური ჯიშის ძაღლი დავინახეთ და ეზოში მხოლოდ მას შემდეგ შევედით, რაც ოჯახის უფროსმა ძაღლი დააბა. ჩვენდა გასაოცრად, იქვე ყაყაჩოები ჰყვაოდა, სადღაც შორს, დამრეც კალთებზე, მამაკაცები თიბავდნენ, ქვევით კი თერგი მიედინებოდა და მისი ხმა გამუდმებით ჩაგვესმოდა.
 
ჩვენი მასპინძელი საკუთარ ცხოვრებაზე გვიყვება: 
"ექვსი ძროხა გვყავდა, მაგრამ შარშანწინ ყველა მოგვპარეს," _ ამბობს ქალბატონი ლია. _ "ზამთარი აქ ისეთი მკაცრია, ვისაც საშუალება აქვს, ქალაქს იკრიფება, აცივდება თუ არა, მიდიან და ზაფხულში ბრუნდებიან. ჩვენ კი ზამთარშიც არ ვტოვებთ აქაურობას, ჩვენთვის აქ ზამთარშიც სამოთხეა. რაც საქონელი აღარ გვყავს, ბარად წასულების პირუტყვს ვპატრონობთ, მონაგებიც ჩვენია და მონაწველიც. ამით ორივე მხარე ვსარგებლობთ. ასე ვწვალობთ, აბა როგორ იქნების? ოჯახური სასტუმრო ჩვენი ახალი წამოწყებაა, ამ საქმისათვის რომ არ მოგვეკიდა ხელი, აქ გაძლება უკვე აღარ ეგებოდის," _ ამბობს ოჯახის დიასახლისი.
ოჯახს სამი შვილი ჰყავს, ორი ვაჟი და ერთი ქალი. შუათანას 14 წლის აჩის ვეკითხები, წიგნი უყვარს თუ შრომა? _ `შრომაიც და წიგნიცა. ისტორია, ქართული ენა და გეოგრაფია მიყვარს, მაგრამ სათიბში წასვლა ყველა საქმეს მირჩევნის. აგერა, ესაა ჩვენი სათიბები. თუ გაიდარა, შეიძლება ხვალაც მოვთიბოთ, მეც მივალ სათიბსა,~ _ ამბობს აჩი.
ბინდი გვისწრებს და გერგეთის ტაძრის მოლოცვას ვერ ვასწრებთ, ამიტომ იქ ასვლა დილისათვის გადავდეთ, ნაწვიმზე საღამო ხანს სოფელში გასვლა გადავწყვიტეთ, ამისთანა ბუნების შემყურეს გული სახლში არ გვიჩერდება. გვსურს მთის ხალხის მაჯისცემას შევეხოთ, ახლოს გავიცნოთ მათი ყოფა. ვიწროდ დასახლებულ სოფელში ქვის გალავნებით შემოზღუდული ეზოები ჩვენს ყურადღებას იპყრობს, მიწას საქონლის სუნი ასდის. საოცარია, უცხო სტუმრებს ხალხი გვესალმება. ორ მოხევეს ვაჩერებთ და ვესაუბრებით.
"შირაქის საძოვარზე უწინ საქონელი დაგვიდიოდა, ვიცით თქვენი მხარე, მზიანი და ბარაქიანი ადგილიდამ ხართ. აქეთ ძალიან ჭირს, მეტადრე ზამთარში, მაგრამ ჩვენი მხარე ყველას გვირჩევნის. ჩვენს სოფელში 160 კომლი ცხოვრობს, ბუნებაც კარგი გვაქვს და ჰაერიც, მაგრამ დაუსაქმებლობის გამო სოფელი ჩამკვდარია. მხოლოდ ათიოდე კაცი მუშაობს და ისიც სოფლის თემში, დანარჩენნი ვართ ღვთის ანაბარად. ჩვენი შეღავათი მხოლოდ ზამთარში მიღებული ბუნებრივი აირია, კარტოფილი ჩვენ მოგვყავს, არას ვყიდულობთ რას, სხვა არსაითაა რა, ჩვენი გამკითხველი არავინაა. საქონელს ვსყიდით უცხოელებზე და ამით ვირჩენთ თავსა. ჩვენს ცხვარ-ძროხას მიტომ ეტანებიან, რომ ამბობენ მთაში ნაძოვები საქონლის ხორცი გემრიელიაო. ადრე ორჯონიკიძეში გადვდიოდით, ჩვენს პროდუქტს ვყიდდით, იქიდანაც იაფად მოგვქონდა შაქარი, ბრინჯი. ახლა რუსებს ჩვენი თავი აღარ უყვართ, წინა კვირასაც დაუჭერიათ იქ ჩვენი სოფლელი. ხალხიც შიშობს და ერიდება მათთან გადასვლას, არადა ორჯონიკიძე ახლოსაა და მოსახერხებელი ბაზარი იყო ვიდრე თბილისია. ქართველებს არ გვიშვებენ, თორემ მათთან სომეხიც თავისუფლად შედის და აზერბაიჯანელიცა," _ ამბობს ვაჟა ხუციშვილი.
 
სისხამ დილით გერგეთისკენ მიმავალ გზას დავადექით, ერთი მოხევე გზაში წამოგვეწია და თავადვე გამომელაპარაკა.
"ამ სოფელში სამი გვარის ხალხი ვცხოვრობთ: ხუციშვილები, სუჯაშვილიბი და წიკლაურები. სოფლის მხოლოდ ორი პროცენტია დასაქმებული, ამის მიზეზობით ახალგაზრდობა აქედან მიდის. ახლახანს ჩვენმა მთვრობამ სოფელში საკანალიზაციო მილების რეაბილიტაცია მოიგონა, პატარა ბიჭებს დღიური ფულისთვის ზედახორა აქვთ, რომ იმუშაონ. საქმეს აქ არავინ თაკილობს, მაგრამ არსითაა. გული გვწყდება, რადგან ქართველებზე მეტად უცხოელები გვკითხულობენ. გაგვიხარდა, ქართველები რომ ამოხვედით. მთას ბევრი ჯაფა უნდა, ზამთარში გზები იხერგება და გაზაფხულამდის არ იხსნება. 12 ძროხა მყავს. შემოდგომით წავასხამ ხოლმე თბილისში აფრიკის ტერიტორიაზე, იქ ვზამთრიანობთ. ადგილამდე ჩასვლას ცხრა დღე-ღამეს ვუნდები. მთა ძვირფასი და კარგია, მაგრამ მკაცრი და დაუნდობელი," _ ამბობს ოთარ ხუციშვილი და თავის სათიბისკენ უხვევს.
ვუსმენდი ამ უბრალო და ალალ ხალხს და გული სიხარულით მევსებოდა. ასეთი ტკბილი და მშვენიერია საქართველო, თავისი ჭირ-ვარამით, დარდით, სევდითა და ლხინით. მადლობა ამ ხალხს, რომ არ მიუტოვებიათ რთულად საცხოვრებელი ადგილები და ცოცხალ ღობედ დასდგომიან კავკასიონის საზღვარს. დიახ, ამ უბრალო და გმირ ხალხზეა დაშენებული საქართველო ასე კარგი და ღვთიური.
უკან გამობრუნებისას დარიალის უღელტეხილზე, ლარსის პუნქტთან ახლოს მივედით, სადაც საპატრიარქოს დარიალას წმინდა გიორგის სახელობის დიდებული ტაძარი აუგია. აქ დაგვხვდა მაკეტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას გვამცნობდა. ვუყურებდით ამ დიდებულ ტაძარს და გული სიამაყით მევსებოდა. ამაზე დიდი და ძლიერი ზღუდე-საზღვარი რაღა უნდა ოკუპანტ რუსეთს, ამაზე მეტი სითამამე, გამბედაობა და შეუპოვრობა კი _ ქართველებს, რომ ლარსის პუნქტთან ახლოს თერგის პირას და კავკასიონის მთებში ქართული ტაძრები იდებს სავანეს.

ლალი მეხრიშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.