|
,,ბორჯომი~. დრო გარბის და ცხოვრებისეული სიახლეებიც ისე მალე შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ანალიზის და შეფასების გაკეთებასაც ვერ ვასწრებთ. ასეა ჩვენს რეფორმირებულ ქვეყანაში.
დიდი ხანი არაა, რაც ახალი ტექნიკის წყალობით ჩვენში შემოვიდა ბიომეტრიული პასპორტები.
რა არის ბიომეტრიული პასპორტი?
გვესაუბრება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბორჯომის სამსახურის უფროსი ქალბატონი თამარ გელაშვილი.
_ მართლაც, დრო ყველაფერს ცვლის და ტექნიკის განვითარებასთან ერთად, გაადვილდა პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვებაც. სწორედ ასეთი დოკუმენტია ბიომეტრიული პასპორტი. იგი არის დოკუმენტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ. როგორც ამბობენ, საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების შემოღება საშუალებას იძლევა პირველ ეტაპზე ევროკავშირთან გაიოლდეს სავ=იზო რეჟიმი. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლით, საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად გახდომის შესაძლებლობა ეძლევა, რადგან მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი. ბიომეტრიული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამგზავრო დოკუმენტია მსოფლიოში..
ბიომეტრიული პასპორტი 10 წლის ვადით გაიცემა და მისი ღირებულება 100 ლარია.
დღეისთვის ბორჯომში გაცემულია 100-ზე მეტი ბიომეტრიული პასპორტი, იგი ქართულ-ინგლისურ ენოვანია.
პასპორტის მიღების მსურველებს სამოქალაქო რეესტრი დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრიული პასპორტის აღება განცხადების შეტანიდან მეხუთე სამUუშაო დღეს 120 ლარი ეღირება, მესამე სამუშაო დღეს _ 150 ლარი, განცხადების შეტანიდან 24 საათის განმავლობაში _ 190 ლარი, ხოლო იმავე დღეს _ 205 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტის გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე მოქმედებაში იქნება დღეს მოქმედი პასპორტები. ბიომეტრიული პასპორტი სურვილისამებრ შეუძლია მიიღოს 16 წლამდე ასაკის ბავშვმა. ამ შემთხვევაში პასპორტის ფასი 50 ლარია. გარდა ამისა, ბავშვებზე სამი წლის ვადით გაიცემა საქართველოს მოქალაქის (არაბიომეტრიული) პასპორტი, რომლის ღირებულებაც 17,50 ლარია.
ქალბატონო თამარ, კიდევ თუ არის რაიმე სიახლეები თქვენს სამსახურში?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს ოფისში ხდება ფოტოსურათის გადაღება-დაბეჭდვა (საფასური 3 ლარი), ადგილზევეა ვითიბი ბანკის მომსახურება ყველა ქვითრის მიღება.
ქორწინების რეგისტრაცია გახდა უფასო, განქორწინების ვადამაც მოიკლო _ იყო ერთი თვე, ახლა 15 სამუშაო დღეა (საფასური 45 ლარი).
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი (დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობების) გაცემა ხდება ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში (მაგალითად, ქუთაისში დაბადებულს შეუძლია დაბადების მოწმობის ასლი აიღოს ბორჯომში) და იგი მხოლოდ 2 ლარი ღირს ხუთ სამუშაო დღეში. თუ სურს დაჩქარებული წესით მისი მიღება, მაშინ შეუძლია შესაბამისი მომსახურების თანხის გადახდით.
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
ასევე სიახლეა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებითაც. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს დაჩქარებული წესით _ ადრე მოქალაქე 3 თვეში იხდიდა 200 ლარს, ახლა გადახდა ხდება მე-80 კალენდარულ დღეში 200 ლარის ოდენობით, მე-60 კალენდარულ დღეს _ 300 ლარი, 30 კალენდარულ დღეში _ 400 ლარი (თუ განხილვისას მოგანიჭებენ).
გმადლობთ, ქალბატონო თამარ, ასეთი საინტერესო სიახლეებისათვის.
ს. ხეთაგაშვილი
02.09.2010 |