მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ვუძლებთ, მაგრამ როდემდე?
,,ბორჯომი~. პარადოქსია პირდაპირ, აბა, რა არის, ტელევიზიით ათასგვარ ლოზუნგებს ვისმენთ ჩვენი წარმატებული, ლაღი ცხოვრების, თვალში საცემი ეკონომიკის აღმავლობის შესახებ, მაშინ, როცა ქვეყანა უმუშევრობას მიაქვს, უმეტესობა ათასგვარი ჩალიჩით ირჩენს თავს, ვინც მუშაობს, (სახელისუფლებო ორგანოების გარდა) ხელფასი მიზერული აქვს და ასეთი ხელფასების და ასევე მიზერული პენსიების პატრონს თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი. შეხვალ მაღაზიაში, ახლანდელი ტერმინოლოგიით მარკეტში, თუ საკოლმეურნეო ბაზარში ანუ სახელგადარქმეულ აგრარულ სავაჭრო ცენტრში და ყველაფერს ცეცხლი უკიდია. მთელი თვის ხელფასი და პენსია სამი დღის პროდუქტების საყიდლად თუ გეყოფა. სხვა არაფერი სჭირდება ადამიანს, ოჯახის პატრონს? დღითი დღე გაზრდილი დენის, გაზის და სხვა კომუნალური გადასახადების დაგვიანებას ვინ გაპატიებს?
ახლა კი პურიც გაგვიძვირდა, რასაც სხვა, პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვა.
დღეს მაღაზიებში ყველაფერია, რაც კი შეიძლება ინატროს კაცმა, მაგრამ ბევრისთვის მათი შეძენა, რომ შეუძლებელია, ესაა ჩვენი სატკივარი და გასაჭირი. ჩვენი ხალხი განსაკუთრებით პურის გაძვირებას განიცდის მტკივნეულად და შეშფოთებით. ყველა სახის პურმა, ყველგან 10 თეთრით მოიმატა, ბორჯომის პურსაცხობებშია გამომცხვარი იგი თუ სხვა ქალაქიდანაა ჩამოტანილი.
ბორჯომში კი გარდა იმისა, რომ ხუთი დიდი და უამრავი წვრილწვრილი საცხობებისა თუ თონისა, პური შემოაქვთ თბილისიდან, გორიდან, ხაშურიდან... მაღაზია ,,ნიკორაში~, მაგალითად, თბილისიდან შემოტანილი 70 თეთრიანი თეთრი პური 80 თეთრი გახდა, 80 თეთრიანი ,,უკრაინული~ _ 90 თეთრი, ჩვენდა გასაოცრად, არ მოუმატია რუხი პურის ფასს. ბორჯომში კი რუხმა პურმაც მოიმატა, თეთრმაც და თონის პურმაც, წონაშიც მოიკლოო _ წუხს ხალხი...
პური კი არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი. იგი ერთ დროს ვალუტის როლსაც ასრულებდა, დღესაც ნებისმიერ ქვეყანაში პურით მოსახლეობის უზრუნველყოფას მარტო ეკონომიკური კი არა, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. გვპირდებიან, ხორბალი არ მოგვაკლდებაო, ღმერთმა ქნას... ხალხში მოარული ხმით კი, პური კიდევ გაძვირდებაო, სამწუხაროდ, ზოგჯერ ჭორი უფრო მართლდება, ვიდრე დაპირება. _ პურის ფასს, ძირითადად, ფქვილი განსაზღვრავს, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია დენის, გაზის, წყლის ტარიფების მატებაო, _ გვითხრა პურის საცხობის უფროსმა მზია შველიძემ. ფქვილი კატასტროფულად გაძვირდა. ტომარამ, სულ ცოტა, 20 ლარი მოიმატა. მოიმატა ბენზინმა, საფუარმა, 1 ივლისიდან ორგანიზაციებს გაზის ტარიფიც გაგვიზარდეს _ კუბური მეტრი გაზი 73 თეთრიდან 80 თეთრამდე ავიდა. ყოველივე ეს, ბოლოს და ბოლოს პროდუქტის ფასზე აისახება. ორი სახის პურს ვაცხობთ. ჩვენთან პურის წონას ნამდვილად არ მოუკლია, 420-430 გრამია. აწონოს მყიდველმა და თვითონ დარწმუნდება.
ანალოგიური გულისტკივილი გამოთქვეს სხვა პურსაცხობების უფროსებმაც და იმ აზრის არიან, რომ ფქვილის გაძვირებასთან შედარებით პურის ფასი არარეალურია, უფრო ძვირი უნდა ღირდესო, თუ ასე გაგრძელდა, გაგვიჭირდება, ვერ გავუძლებთო.
უმუშევრობა გვინდა ახლა ჩვენ?
პურის გარდა, კიდევ რა გაძვირდა, რა გაიაფდა? შემოვიარეთ რამდენიმე სუპერ-მარკეტი, ყველგან განსაკუთრებით მოიმატა ზეთმა, წიწიბურამ ამ ორ კვირაში 1,50 ლარიდან 3, 3,15 ლარამდე ავიდა, მოიმატა ბრინჯმა, მაკარონმა, საფუარმა, ცოტაა? _ ყოველდღიურად თუ არა, ყოველ ორშაბათს ფასები მომატებული გვხვდება ბაზებში და კიდევ ველით მომატებასო, ,,დაგვაიმედეს~ ერთ-ერთ მაღაზიაში. ქალაქის პერიფერიებში და სოფლებში პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირებულია.
არ ვიცი, თბილისის რომელი მაღაზიიდან იყო ის რეპორტაჟი, სადაც ფასებს არ მოუმატია, მაგრამ ჩვენთან თბილისთან შედარებით რომ ძვირია, ფაქტია, და საერთოდ, იმასაც დავუმატებდი, რომ ბორჯომელები სხვა რაიონებთან შედარებით უფრო ცუდ დღეში ვართ _ ,,თქვენთან რა ძვირი ბაზარიაო~ _ შეგვიცოდა ამას წინათ ერთ-ერთმა დამსვენებელმა. ბაზრის სიძვირეს ჩვენ საკურორტო სეზონს ვაბრალებთ და იმედს ვიტოვებთ ხოლმე, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ყველაფერი გაიაფდება. სხვა რაიონებთან შედარებით ჩვენს რაიონში გაზის ტარიფიც ძვირია. ახლა წყლის გადასახადის გაძვირებას შიშით ველოდებით. მილიონერები ხომ არ ვგონივართ ამ გაძვალტყავებულ ბორჯომში?
ახლა აფთიაქებში შეიარეთ _ ძვირფასიანი წამლების ღირებულება გაორმაგდაო, გვითხრეს, ზოგიერთისთვის ციტრამონიც ძვირფასიანი გახდა, 20 თეთრიდან 40-50 თეთრამდე რომ აიწია ფასმა. საერთოდ კი, უბრალო ხალხისთვის ცხოვრება ძვირდება და ძვირდება. სამაგიეროდ, ხელფასი და პენსია კვლავ სტაბილურად ერთ დონეზეა. უფროსი თაობა ახლა იმ დროს შენატრის, როცა წელიწადში ერთხელ პროდუქტების გაიაფებით ტკბებოდა ხალხი. ვცხოვრობთ უკეთესის იმედით, ბოლოს და ბოლოს გაძვირებასაც ხომ აქვს დასასრული. გამუდმებით ფასების მატებამ და ,,ხვალე რა იქნება~ იმაზე ფიქრმა ხალხი დაასნეულა. ყველაფერი ხომ უფულობისგან გვჭირს. მოკლედ, გაჭირვებაში გამობრძმედილი ხალხი ვუძლებთ უკეთესის იმედით, მაგრამ, როდემდე?

იზა სანიკიძე
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.