|
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] „უნდა აიღონ „სინკარები" და დაიდოს 25 ტონიანი კონსტრუქცია"
როგორც ჩანს, ქუთაისის ხედით მოხიბლულ და პარლამენტის კეთილმეზობლობით დაინტერესებულ ტელეკომპანია „იმედის" ხელმძღვანელობას მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე გადაუწყვეტია, იქვე, მაინცდამაინც საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის თავზე მოიწყოს თავისი „ბუდე".
რამდენიმე კვირის წინ ირაკლი აბაშიძის ქუჩის №17-ში მდებარე რვასართულიანი სახლის მცხოვრებნი გვარიანად შეაშფოთა მათ სახურავზე გამართულმა ხმაურმა, გამუდმებულმა, ეგრეთ წოდებული „დრელის" გუგუნმა. როდესაც იკითხეს, რა ხდებოდა, პასუხი ვერ მიიღეს.
მხოლოდ მოგვიანებით, არაოფიციალურად გაარკვიეს: აღნიშნულ მისამართზე, კორპუსის თავზე, შენდება ტელეიმედის სტუდია, ფილიალი, თუმცა ამ მშენებლობის შესახებ მოსახლეობისათვის არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ და, მათი თქმით, არც ხელშეკრულება არსებობს. წარმომადგენელი, რომელიც კორპუსის მცხოვრებთ ამ ფაქტის შესახებ წინასწარ აცნობებდა, არ გამოჩენილა მანამ, სანამ მობინადრეებმა ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკი არ დაიწყეს.
კორპუსის მცხოვრები ფარნაოზ სინატაშვილი გვიამბობს:
„ყოველგვარი შეთანხმების გარეშე შემოიჭრა ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანია, „შპს 184", რომელმაც დაიწყო ნგრევითი სამუშაოები სადარბაზოს ჭერზე, ტელეკომპანია „იმედის" სტუდიის ფილიალის განთავსების მიზნით. პირველ შეხვედრაზე მერია და მუნიციპალიტეტი არ იყვნენ საქმის კურსში. მეორე შეხვედრა გაიმართა მერიის წარმომადგენლების, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის და რამდენიმე მეზობლის მონაწილეობით. ცუდია, რომ რამდენიმე მეზობელი მყისიერად დაეთანხმა მშენებლობის პროცესს. ამხანაგობის თავმჯდომარემ ამ მშენებლობის სანაცვლოდ ხეების ტოტების შეკრეჭა მოითხოვა, ხოლო ზოგიერთმა მეზობელმა - ლიფტის გამართული მუშაობა და სადარბაზოს შეღებვა. ზოგიერთი მცხოვრებიც მშენებლობაზე დასაქმდა. ბინა არის პრივატიზებული. მერვე სართულზე სამი ოჯახი ვცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. არის აუტანელი ხმაური. დასკდა ჭერი, იყრება ბათქაში, ჩამოდის წყალი. გვაქვს პრივატიზებული საცხოვრებელი ფართი და არანაირი სურვილი არ გვაქვს, ჩვენი სართულის ზემოთ მოხდეს რაიმე ობიექტის დაშენება. ხდება საკუთრების ხელყოფა. მათ უნდათ, მერვე სართულის ჭერი გამოიყენონ იატაკად და თვითონ განთავსდნენ. უნდა აიღონ „სინკარები" და დაიდოს 25 ტონიანი კონსტრუქცია. ყოველივე ამის გამო ჩვენს სართულზე უნდა დაიბურღოს საყრდენი კედლები. არ გვინახავს ექსპეტიზის დასკვნა. არ ვიცით, იქნება თუ არა გამოსხივება. საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი სამსახურის განთავსება საცხოვრებელი ბინის სახურავზე? არა გვაქვს უსაფრთხოების გარანტია, არ არის გაფორმებული ხელშეკრულება მერვე სართულის მცხოვრებლებთან, არ არის გამოყოფილი კომპენსაცია. ტელეკომპანია „იმედის" მენეჯერს არც უკადრებია ქუთაისში ჩამოსვლა, მხოლოდ თბილისიდან იძლევა ბრძანებებს."
აღნიშნული კორპუსი 43 წლისაა. საკმაოდ მოძველებულია და არც რესტავრაცია გაკეთებია როდესმე. საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ აღნიშნული სამუშაოები ჩატარდეს - თუნდაც ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო. საინტერესოა, კომუნისტური წყობის დროს აშენებულ ბინას რომ შესძლებოდა კიდევ ერთი სართულის დატვირთვა, მანამდე, ამ წლების განმავლობაში, არ გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას? ან რატომ გახდა საჭირო მაინცდამაინც ბინის მერვე სართულის თავზე ტელესტუდიის განთავსება?
შეგახსენებთ, რომ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ე.წ. დიდების მემორიალის დემონტაჟი მოხდა და რომლის ადგილზე დღეს პარლამენტი შენდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დემონტაჟს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სხვათაშორის, სწორედ ერთ-ერთ ოჯახში (მამიდასთან) იზრდება ობლად დარჩენილი გოგონა, რომლის დედა და და მემორიალის აფეთქებისას დაიღუპნენ. ღირს კი ამდენი მშენებლობა ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე?
როდესაც მშენებლობის სანახავად მივედით, სურათი ასეთი დაგვხვდა: მერვე სართულის ეგრეთ წოდებულ „ჩერდაკებზე" მუშაობდა რამდენიმე მუშა, ჩასობილია რკინის რამდენიმე კონსტრუქცია და ხდება დემონტაჟი პროექტისთვის გამოუდეგარი მშენებლობისა. მუშებთან საუბრისას გაირკვა, რომ აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია და შეკვეთილია თბილისიდან, ხოლო ქუთაისში სამუშაოებს კურირებს შპს „184." როდესაც ერთ-ერთ მუშას, თამაზს, ვკითხეთ, თავად რამდენად უსაფრთხოდ თვლიდა ამ მშენებლობას, გვიპასუხა:
„აქ უსაფრთხოებაზე არ არის ლაპარაკი. პროექტი დადებულია, შეკვეთა აღებული გვაქვს და უნდა დასრულდეს გარკვეულ ვადაში. დაახლოებით პარლამენტის დასრულების დროისათვის."
მუშებისაგან ისიც გავიგეთ, რომ ბინის თავზე არსებული ჭერის აღებას და მერვე სართულის ჭერის იატაკად გამოყენებას აპირებენ. შენობა შეიცავს შუშის კონსტრუქციას. რამდენად ხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულდება ეს ყოველივე, გაურკვეველია. პასუხისმგებლობას, ჯერჯერობით, არავინ იღებს.
აღნიშნული ბინის მერვე სართულზე ცხოვრობს სამი ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახში არის ავადმყოფი ქალბატონი, რომელიც მწოლიარეა და, მისი ოჯახის წევრთა თქმით, უბედურების შემთხვევაში გაქცევასაც ვერ მოახერხებს. ეს ოჯახები მუდმივ შიშსა და განცდაში იმყოფებიან.
როგორც ამ სამ ოჯახთან საუბრისას გამოირკვა, კორპუსის სხვა მეზობლები არ იზიარებენ მათ პრობელმას, რადგან ზოგიერთი დასაქმდა (დღეში 20 ლარად), ზოგიერთმა კიდევ სხვადასხვა საკითხის მოგვარება მოითხოვა.
ისიც გვიამბეს, რომ როდესაც მერვე სართულის მობინადრეებმა პროექტის არქიტექტორთან შეხვედრა მოინდომეს, ადგილზე მოვიდა წარმომადგენელი და მათ განუცხადა, შეგიკეთებთ იმას, რასაც დაგიზიანებთო, თუმცა ამის შესახებ, მათი თქმით, არც ხელშეკრულება გაფორმებულა და არც დოკუმენტი. შესაძლოა, ეს უბრალო სიტყვად დარჩეს.
ფარნაოზ სინატაშვილი:
„ჩვენს მხარეს არის სინდისი, ნამუსი, ღირსება და სამართლიანობა. აღმოჩნდება თუ არა ეს საკმარისი სამართლიანობის მისაღწევად, ამას დრო გვიჩვენებს. საწყენი ის არის, რომ ყველაფერი ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა."
ზემოთხსენებულმა ოჯახებმა მერის სახელზე განცხადება შეიტანეს მერიაში, თუმცა დიდი იმედი არ აქვთ, რომ აღნიშნულ პრობლემას რამე ეშველება.
***
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, „ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა და ქალაქის რჩეულთ აუწყა, თუ რა მდგომარეობაში არიან ირაკლი აბაშიძის ქუჩის №17-ში მცხოვრები ოჯახები. მას ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ უპასუხა. მერის შეფასებით, ქალაქისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება, რომ ისეთი სოლიდური მედიასაშუალება ჩვენს ქალაქში თავისი სტუდიის მოწყობას აპირებს და ახალ მემარჯვენეთა ადგილობრივ ლიდერს ურჩია, პოლიტიკური ქულების დაწერას და „ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას" შეეშვას.
საკრებულოს სხდომა ტრანსლირებული იყო ტელეკომპანია „რიონის" მიერ, ამდენად, მოსახლეობას შეეძლო, საკუთარი ყურით მოესმინა და დაენახა, როგორ იცავდა ქუთაისის მერი პარლამენტის, მთავრობის სახლის, იუსტიციის სახლისა და კონტროლის პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაინცდამაინც საცხოვრებელი კორპუსის თავზე, მიმდინარე „მედია-მშენებლობას".
მოგვიანებით გაზეთ „P.S."-ს საკრებულოს წევრმა, ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ ასეთი კომენტარი მისცა:
„ჩვენ მოგვმართეს მოქალაქეებმა აბაშიძის ჩვიდმეტი ნომრიდან, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა - ვიღაცა ავიდა და დაიწყო სამუშაოები... იდეაში, კარგია, რომ იქ ან სადმე იქნება ტელეკომპანია „იმედი", შეიძლება „ქრონიკა" პირდაპირ ეთერში გავიდეს ქუთაისიდან. მე საკრებულოს სხდომაზე დავსვი საკითხი, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს პიროვნული უფლებების დარღვევას-მეთქი. ქალაქის მერმა ჯერ განმარტა, თუ რა კეთდებოდა და მისგან ასეთი კომენტარი მივიღე, თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცულიო. მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ ამას ვერ ვატყობთ. კონტაქტიც გვაქვს იქ მცხოვრებ ადამიანებთან. მე მივესალმები იმ იდეას, რომ „იმედი" ფართოვდება ქუთაისში, მაგრამ არ მინდა, ამ ფონზე ისე შესრულდეს სამუშაოები, ვინმე დაზარალდეს. მე დარწმუნებული ვარ, ჯერ პროექტი არ დამტკიცებულა, ითქვა და უცებ დაიწყეს კეთება. იქ რომ იყოს საინფორმაციო დაფა გამოკრული, თუ ვინ აკეთებს, როგორი პროექტი კეთდება, მოსახლეობა არ დაიწყებდა ასეთ პანიკას."
ჩვენ განვაგრძობთ ამ თემაზე მუშაობას.
ნინო ჩიტიაშვილი
09.01.2012 |