 |
 |
 |
 |
 |
|
,,...ცეკვა-სიმღერით _ ხელოვნების მაღალი მწვერვალების დასაპყრობად...~ |
მინდა მეტად საინტერესო ორი ახალგაზრდა, და-ძმა ნათია და ლაშა თოთლაძეები გაგაცნოთ, რომლებსაც სიმღერის შესანიშნავი ნიჭი აღმოაჩნდათ. მათ დედას _ თამრიკო ჭანკოტაძეს, რომელიც ბორჯომში სოციალური დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობს, ვთხოვე მოეთხრო შვილების შესახებ და დაწვრილებით მომიყვა წინაპართა ისტორია, რომელიც ასევე სიმღერასთანაა დაკავშირებული.
_ ჩემს ბაბუას _ ვანო ჭანკოტაძეს, რომელიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა ბორჯომში, სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: მიშა, კოლია და მამაჩემი _ საშა, რომელიც ძმებზე გაცილებით უმცროსი იყო. ძმებს მასზე დიდი ამაგი ჰქონდა. ქართული სიმღერებიც მათ შეასწავლეს. გადმოცემით ვიცი, რომ ბორჯომMში ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრები სხვადასხვა რესპუბლიკებიდან, დიდი ქალაქებიდან...
ბაბუას და მამას, სამსახურიდან გამომდინარე, მათი გამასპინძლება ხშირად უხდებოდათ. ბაბუას, მამას და მის ძმებს _ კოლიას და მიშას აღფრთოვანებაში მოჰყავდათ სტუმრები ქართული სიმღერების შესრულებით.
მამას სიმღერის ნიჭი ნამდვილად ჰქონდა და მის დახვეწაში ჩემს ბიძებს _ მიშას და კოლიას დიდი წვლილი მიუძღვით (ბიძაჩემი მიშა მარო თარხნიშვილის გუნდში სოლისტი იყო, კოლია კი _ ბორჯომის კულტურის სახლის ხალხური სიმღერების გუნდში). გარდა სიმღერისა, მამას ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა... მამა საკურორტო სამმართველოს დირექტორის მოადგილე იყო წლების მანძილზე. იმ დროისთვის კურორტი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია იყო, როგორც ფინანსურად, ასევე დამსვენებელთა მომსახურების დონით. ერთხელ, ,,ზემოდან~ სტუმრებს ელოდნენ და ბრეჟნევის სურათი სჭირდებოდათ, რომელიც ვერსად ვერ იშოვეს. მამას სასწრაფოდ მოუნახავს გამოსავალი: _ დილით სურათი გვექნებაო და... ორ დღეში დაუხატავს. ბაბუის ხატვის ნიჭი ჩემს ძმისშვილს ნინოს გამოყვა, რომელიც სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტია.
ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ანსამბლ ,,ქართული ხმების~ წევრები სრული შემადგენლობით: ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, დატო გოგიაშვილი (,,თავგასა~) და სხვები... მათი სიმღერების მოსმენა ერთ რამედ ღირდა. მამაც მათთან ერთად მღეროდა. ერთხელ მამას ნამღერი ქართული ხალხური სიმღერა ,,ჭონა~ გოგი დოლიძეს ძალიან მოეწონა, აღფრთოვანება ვერ დამალა, ხელში აიტაცა მამაჩემი და უთხრა: _ მამა! (ასე მიმართა), ეს რა კაცი ყოფილხარ, ეს რა დიდებულად ნამღერი მომასმენინე!~-ო.
ჩემი შვილები ნათია და ლაშა თოთლაძეებიც სიმღერის დიდი ნიჭით დაჯილდოებულები არიან. ისინი ბორჯომის #1 საშუალო სკოლაში სწავლობდნენ, შემდეგ კი თბილისში გადავიდნენ. ნათიამ ფარმაცევტულ, ხოლო ლაშამ სტომატოლოგიურ კოლეჯში გააგრძელა სწავლა. პარალელურად, ნათია ანსამბლ ,,ერისიონში~ ცეკვავს, ლაშა კი სიმღერას ეუფლება ამავე ანსამბლში!..
ბევრს გახსოვთ, როგორი წლები გამოვიარეთ (უშუქობა, სიცივე და ა.შ.)
ბავშვები პატარები როცა იყვნენ, შეშის ღუმელთან შეყუჟებულები ვიყავით მთელი ოჯახი... მამამ გამოსავალი გამონახა, ქართული სიმღერების შესწავლა დაგვაწყებინა!.. დედაც (ქსენია მაისურაძე) მღეროდა, მეც და ჩემი შვილებიც... ერთხელ, მამამ მითხრა: _ შენს შვილებს სიმღერის ნიჭი აქვთ და ეს საქმე გააგრძელებინე! მე ახლაც ვნანობ, რომ ზაურის (ბოლქვაძე) არ დავუჯერე და ხელოვნებას არ გავყევი. ჩვენი ოჯახები ახლაც მეგობრობენ, ბატონ ზაურის შვილი _ დათო ჩემი ნათიას ნათლიაა!
...ჩვენ კი, ნათიას და ლაშას ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ბორჯომში სწავლის პარალელურად, ლაშა ეკლესიის გუნდში გალობდა, შემდეგ კი ბორჯომის კულტურის სახლთან არსებულ გუნდში მღეროდა, ნათია კი, კულტურის სახლთან არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ცეკვავდა.
_ ძალიან კარგად მახსენდება მოცეკვავე ბავშვები (იხსენებს ნათია) და თავად დარბაზი, სადაც ფეხი ავიდგი. ძალიან მადლობელი ვარ ცეკვის მასწავლებლის დათო გოგოლაძის. მისი წყალობით მივაღწიე ასეთ წარმატებებს. ვსარგებლობ შემთხვევით და გაზეთის საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას.
ასევე მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დედიკოს, მითხრა ნათიამ.
_ თბილისში როცა ჩამოვედით, არავის არ ვიცნობდით, _ ერთხელ დედამ გაიგო, რომ ანსამბლი ,,ერისიონი~ მოცეკვავეთათვის კონკურსს აწყობდა. კონკურსის მრავალრიცხოვან მონაწილეებს შორის მხოლოდ ორი(!) გოგონა შეგვარჩიეს! დავიწყე მეცადინეობა მკაცრი რეჟიმის პირობებში, დღეში ოთხი საათი ვმეცადინეობდი, თავიდან გამიჭირდა, მერე კი ჩემს თავს შემოვუძახე: _ აბა, ნათია, შენ ბორჯომი უნდა ასახელო! და... გავყოჩაღდი! ახლა კი, ერთი სული მაქვს, რეპეტიციაზე როდის მივალ.
...ასე დაიწყო ნათიას სვლა ქართული ხალხური ცეკვის მწვერვალებისკენ. იგი ჯერ ,,ერისიონში~ ცეკვავდა (ქორეოგრაფი ტარიელ მილაძე), მერე ანსამბლ ქართული ლეგენდა _ ,,სამაიაში~. მაშინ ანსამბლის პროდიუსერი იყო ფრანგი პასკალ ჯორდანი. მისი ხელშეწყობით ანსამბლმა მოიარა საუდის არაბეთი, თურქეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ევროპის სხვა ქვეყნები...
ამჟამად ნათია ცეკვავს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,სეუ~-ში (ქორეოგრაფები ზაალ და მაია ჭუმბურიძეები), ასევე სწავლობს მედეა ჩახავას სახელობის კინოსა და თეატრის აკადემიაში სამსახიობო ფაკულტეტის II კურსზე, ასევე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა დიზაინერების ჩვენებებში!
ლაშა კი, 2010 წლიდან ,,ერისიონში~ მღეროდა, შეისწავლა ქართული ხალხური საკრავები. ამჟამად დათო არჩვაძის ,,ქართული ხმების~ მეორე თაობის ანსამბლში მღერის, პარალელურად სტომატოლოგიურ კოლეჯსა და #142 საჯარო სკოლაში სწავლობს და დასახული მიზნების ასრულებაზე ოცნებობს... ის ხომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა. ღმერთმა გაუმარჯოს!
...ნათიას და ლაშას სკოლის პერიოდის გახსენება ვთხოვე...
ნათია: _ ძალიან მენატრება ბორჯომი, ჩემი სკოლა, ჩემი მასწავლებლები. ძალიან მიყვარს ჩვენი დამრიგებელი ლოლა გოგოლაძე. ახლაც დიდი სიყვარულით ვიგონებ ჩემს პირველ მასწავლებელს მზია ხუციშვილს და ირმა ყეინაშვილს, ასევე ბიოლოგიის მასწავლებელს მარიზა ჯიქიას.
დიდი სიყვარულით ვიგონებ ასევე სიმღერის გუნდის მასწავლებელს თინიკო ჩიგოგიძეს. გუნდში ყოველთვის სოლისტი ვიყავი (იცინის), ყველას ეგონა, რომ მომღერალი გამოვიდოდი, მაგრამ ცეკვამ გადამძლია. სამუსიკო სკოლაში ჩემი მასწავლებლები იყვნენ მარინა გაბაშვილი და მზია აბრამაშვილი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი წარმატებებისთვის.
ნათიამ გასტროლებთან დაკავშირებით გაიხსენა: _ ერთხელ, როდესაც საპასუხისმგებლო ხუთთვიან გასტროლებზე მივემგზავრებოდით მთელი ანსამბლი, ამეკვიატა სურვილი, რომ ჩვენი მიტროპოლიტი სერაფიმე მენახა და მისი დალოცვით სულიერი სიმშვიდე მიმეღო; აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში მეუფეც თბილისში ყოფილა. რომ გაიგო ჩემი სურვილის შესახებ, თვითონ მოვიდა ჩემს სანახავად(!). ეს იყო ჩემთვის დიდი მადლი, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ! ჩვენი მეუფის ლოცვა ყოველ გასტროლზე თან დამყვება და მეხმარება სიძნეელების დაძლევაში საქართველოდან მოშორებულს.
ლაშა: _ ყველა თანაკლასელი ძალიან მენატრება, ჩემი მასწავლებლებიც, ყველას მოკითხვას ვუთვლი, განსაკუთრებით კი ლია გულიკაშვილს და ლამზირა ლურსმანაშვილს, ასევე კულტურის სახლის პედაგოგებს გივი ხვედელიანს და ჯუმბერ გუგუბერიძეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემზე გაწეული შრომისთვის!
რას უსურვებთ ბორჯომსა და ბორჯომელებს?
ნათია: _ ყველა მენატრება და გული მწყდება, რომ ბორჯომში ხშირად ვერ ჩამოვდივარ, რადგან ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ რასაც ვაკეთებ, ჩემი ბორჯომის სიყვარული მაკეთებინებს და გჯეროდეთ, რომ არ შეგარცხვენთ!
ლაშა: _ მინდა ჩემი ანსამბლით ჩამოვიდე ბორჯომში და ჩემმა კლასელებმა, მასწავლებლებმა და ყველა ბორჯომელმა მოისმინოს ჩემი ნამღერი, ამით ჩემი ბაბუის ოცნებასაც ავასრულებ! მიყვარხართ, ბორჯომელებო!!!
ივეტა კუპრაძე
12.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|