|
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ოცი წლის წინ ქუთაისელი ქალბატონი, მანანა კაშია, აფხაზეთში გათხოვდა. ახლადდაქორწინებული წყვილი ოჩამჩირეში ბედნიერად ცხოვრობდა. მოულოდნელად, ომიც დაიწყო. მანანა კაშიას ცხოვრების ტრაგიკული ისტორიაც აქედან იწყება. პირველად მათი საცხოვრებელი სოფელი ქეთუვანი რუსებმა გადაწვეს. შეტაკებაში მანანას მეუღლე დაიღუპა. სუსხიან ზამთარში, ხუთი თვის ფეხმძიმემ, ასობით კილომეტრი ფეხით გაიარა და მშობლიურ ქალაქში დევნილად დაბრუნდა. დღეს ის დევნილის სტატუსის გარეშეა, ჰყავს ერთი შვილი (უმუშევარი) რძალი და ავადმყოფი შვილიშვილი. არ აქვს საკუთარი ბინა და მატერიალურად ძალიან უჭირს.
მანანა კაშია: „1992 წელს ომი დაიწყო. როდესაც ჩემი სოფელი გადაწვეს, შეტაკების დროს მეუღლე გარდამეცვალა. ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, აღარ იყო იქ ჩემი გაჩერების დრო, ქუთაისში მშობლებთან ფეხით ჩამოვედი. აქ ვიმშობიარე, ვაჟი შემეძინა. ჯერ ბებიის ბინაში ვცხოვრობდი. იმ პერიოდში დევნილად დარეგისტრირება მსურდა, მივედი მერიაში, მაგრამ უარი მითხრეს. მიზეზი ის იყო, რომ მეუღლესთან ხელი არ გაქვს მოწერილიო. მე ნერვიულობის გამო, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ცუდად ვიყავი. მერე აღარ მივსულვარ. ვიფიქრე, ხელი რომ არ მაქვს მოწერილი, არც ჩაწერილი ვიქნები ოჩამჩირეში-მეთქი. ამიტომ, მერიაში ტყუილად სიარულს თავი დავანებე და ისე გავზარდე ჩემი შვილი მთავრობისგან არანაირი დახმარება მიმიღია. თავს არ ვზოგავდი, სანამ შემეძლო ფიზიკურად ვმუშაობდი. ერთადერთი ვაჟი მყავს. ერთ ოთახიანი ბინა დეიდამ მაჩუქა და იქ ვცხოვრობდი.
მერე ბავშს მენინგიტი დაემართა, ყველაზე ძვირფასი შვილი არის, მისი ავადმყოფობის გამო ბინა გავყიდე. მას შემდეგ ნაქირავებში ვცხოვრობ. ავად ვარ, ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რომ ვარ მერიაში განცხადება შევიტანე. დღევანდელმა ხელისუფლებამ უმწეობის დახმარება არ მომცა. იმიტომ, რომ ავეჯი გაქვს ოჯახშიო. ეს სახლი ხომ ჩემი არ არის. უკვე მესამე თვეა, ქირის ფული ვერ გადავიხადე, მომივარდა სახლის პატრონი და გაყრით დაგვემუქრა. რა უნდა ვქნათ? მისი სახლია, შეიძლება რამდენიმე დღეში ქუჩაში აღმოვჩნდეთ. ვაჟს საგზაოში დავაწყებიე მუშაობა, მუშაობდა ვირივით, ხელფასი ერთი თეთრი არ მისცეს. მოწამეთის გზა მაგან დააგო. გზის ფული რომ არ ჰქონდა, ათობით კილომეტრს ფეხით გადიოდა. შემდეგ ქვის ქარხანაში დავაწყებიე მუშაობა, თავისი შრომით იმდენი დაიმსახურა, „ცეხში" ბრიგადირად დანიშნეს. თუ გინდა კაბინეტში დაჯექი, თუ გინდა მუშადაც იმუშავეო, - უთხრა უფროსმა. მუშადაც მუშაობდა, იქ თვის ბოლოს ხელფას, ხან 10 ლარს და 15 ლარს აძლევდნენ. მერე დაიწყეს: „დღეს არ არის ხელფასი, ხვალ იქნება" და ასე შემდეგ. არც ეს აწყობდა, იძულებული შეიქნა, წამოსულიყო სამსახურიდან. ამჟამად უმუშევარი მყავს. მეუღლე მოიყვანა, ახალი შეძენილი მყავს შვილიშვილი. ამწუთში, არც პატარა არის ჯანმრთელად. მას გულის სარქველი არ აქვს შეხორცებული. მისაყვანი მყავს ნევროპათოლოგთან. ბავშვი ვერ მიმყავს ექიმთან, რომ ეხო გადავუღო და დავუწყოთ მკურნალობა. მითუმეტეს, თუ სარქველი არ შეხორცდა, გულის მანკი შეიძლება ჩამოუყალიბდეს. ამას არ ვახმაურებ. თავად გულით ავადმყოფი ვარ, მაქვს ნევროზი. წლების წინ ერთადერთი, მატარაძე გამოჩნდა მთავრობაში, რომელმაც ჩემი განცხადება ყურად იღო და ყოველი წლის ბოლოს უფასოდ მედიკამენტებს მაძლევენ. მხოლოდ პოლისი გამიკეთეს. სიღარიბის ქვემოთ დახმარება რომ არის - 90 ლარი, არც ის დამინიშნეს. მოვიდნენ შემოწმებაზე და მითხრეს ავეჯი გაქვს ოჯახში, დახმარება არ გეკუთვნისო. შვილო, გიმეორებ, ეს ავეჯი ჩემი არ არის. რაც აქ დევს, რამდენიმე ნივთის გარდა, ყველაფერი ამ ოჯახის პატრონისაა. მაშინდელ გუბერნატორსაც მივწერე, ვუთხარი, ვარ აფხაზეთიდან დევნილი, არ მაქვს საკუთარი ოჯახი. იქნებ, ერთოთახიანი ფართი მაინც გამომიყო ჩემს ქალაქში-მეთქი. მიპასუხეს, რომ ამ წუთში არ გვაქვს ფართი და ვერ დაგაკმაყოფილებთო. როგორც კი გამოჩნდება ბინა, აუცილებლად შეგასახლებთო.
მას შემდეგ წლები გავიდა, არავის გავხსენებივართ. არც მიმიმართავს ხელისუფლებისათვის. ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ისეთებს გამოუყვეს ბინა, ქუთაისში რომ ცხოვრობდა და დევნილად გაასაღა თავიო. ჩემს თავზე გადაიარა საშინელმა დღეებმა, ჩემს თვალწინ იბომბებოდა აფხაზეთი, იხოცებოდნენ საყვარელი ადამიანები, მეუღლე დავკარგე. განადგურებული ჩამოვედი ქუთაისში. ბინის მოცემა კი არა, ისე გავზარდე შვილი, შაქარი რომ შაქარია, ის არ ამიღია მთავრობისგან.
გაჭირვებით ვირჩენთ თავს. დღემდე ასე არ გამჭირვებია (მე ასე ჯერ არ ამომსვლია სული, ჩვენს მტერს ამოუვიდა სული!), მაგრამ არ ვიცი, ვერავის ვერ გავაგებიე, რომ ერთადერთი, რასაც ხელისუფლებას ვთხოვ, ერთოთახიანი ბინაა. იქნებ, დროებით შევაფარო თავი, რომ გავზარდო პატარა შვილიშვილი. მანამდე არავინ შემიწუხებია, იძულებული ვარ, წავიდე თბილისში და პრეზიდენტს მივმართო. მაგრამ ჩემმა კუთხემ, ჩემმა ქალაქმა რატომ არ უნდა გამიგოს? რატომ უნდა წავიდე ამათზე წინ? დავბერდი ქალი და ერთხელ მივედი მერიაში და ვთხოვე, მომეხმარეთ, მომეშველეთ-მეთქი.
ერთი ოთახი, რომ მქონდეს ხელისუფლებისგან საერთოდ არაფერს მოვითხოვდი. სად წავიდე, ხის ძირში დავჯდე? ნუთუ, არ აქვს ამ მთავრობას იმის საშუალება, რომ ერთი ოთახი დევნილ ადამიანს გამოუყოს?
***
კაშიების ოჯახის მდგომარეობა მართლაც უმძიმესია. მათი ბედის გასარკვევად პირველად ვის უნდა დავკავშირებოდით, თუ არა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომლის საქმიანობასაც ასე აქტიურად აშუქებენ ხოლმე ოფიციალური ტელეარხები. აგერ, 12 იანვარს, ბათუმში დევნილთა ახალი დასახლების გახსნის ვრცელი რეპორტაჟიც ვიხილეთ და ისიც, თავად საქართველოს პრეზიდენტი როგორ ეხმარებოდა ერთ-ერთ ოჯახს ბარგის გადატანაში. კადრში არაერთხელ გაიელვა მინისტრ კობა სუბელიანის სახემაც.
ჰოდა, ვიფიქრეთ, რომ ბატონი კობა და მისი სამსახური ამ საოცრად უმწეო, კანონში ფრიად გაუთვითცნობიერებელი დევნილი ქალბატონისა და მისი ოჯახის ბედსაც გულთან ახლოს მიიტანდა.
ტრადიციულად, სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა, ამჯერად მას ახალი ხელმძღვანელი ჰყოლია - ლიკა ბასლანძე. ქალბატონმა ლიკამ, ჩვენი მრავალგზის შეხსენების შემდეგ, როგორც იყო, ელექტრონული ფოსტით მოგვწერა პასუხი:
„ნოდარ, სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. დროებით."
პასუხიც ამას ჰქვია!
გაზეთი კვლავ განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას. შევეცდებით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მაინც მოვიპოვოთ „კომენტი".
ბოლოსდაბოლოს, მანანა კაშია საქართველოს მოქალაქეა და თავისი კონსტიტუციური უფლებები გააჩნია.
ნოდარ ჯოჯუა
16.01.2012 |