|
იანვარი დასასრულს უახლოვდება. თოვლი ჩვენს თეთრ მარგალიტში _ ბაკურიანში მართალია უხვადაა, მაგრამ, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და კურორტზე მყოფი გარემოვაჭრეები ამბობენ, რომლებიც დაბის ცენტრალური ქუჩის გარდა, სხვა ხალხმრავალ ადგილებშიც დილიდან საღამომდე დგანან თავიანთი პატარა დახლებით, ისე ვეღარ ვაჭრობენ, როგორც იანვრის პირველ ნახევარში, რადგან მოაგარაკეთა რიცხვმა იკლო.
ზამთრის კურორტზე სურსათი და სამრეწველო საქონელი სხვა ქალაქებთან შედარებით ძვირია, აღიარებული ფაქტია, კურორტი მოაგარაკეებით ცხოვრობს და არსებობს. ასე რომ, თუ გინდათ ბაკურიანელი დალოცოთ, უნდა უსურვოთ უხვი თოვლი და მრავალი სტუმარი. ეს ისე ცნობისთვის.
პარკის შესასვლელის ორივე მხარე მოვაჭრეებს აქვთ დაკავებული, თვითონ პარკი კი, წინა წლებთან შედარებით, ბევრად ზღაპრულად გამოიყურება ათასნაირი საბავშვო გასართობებით და ატრაქციონებით, ცხენებით, კვადროებით, სხვადასხვა მოდელის მანქანებით, უამრავი სახის ციგებით და თხილამურებით. აქ ყველაფერია... ბავშვების საყვარელი ბამბის ნაყინი, ბატიბუტი, სხვადასხვა ფერის ბუშტები... აქ ტირიცაა და საციგაო მოედანიც, რომლებსაც თავისი კლიენტები ჰყავთ. აი, ხუთჯვრიანი დროშით დამშვენებულ ,,ქართულ ნავიგაციას~ მართლაც მოუწყენია, მას ჯერჯერობით მაინცდამაინც ბედი არ სწაყლობს, ფრენა არავის უნდა, ბავშვებს უფრო თოვლზე სრიალი იზიდავთ. შპს ,,ჯოილენდის~ პატარა პარკში, რომელიც შემოღობილია და შესვლა 3 ლარი ღირს, ბავშვები გაბერილი ტუბებით მოძრავი ბილიკით ადიან (ასვლა 50 თეთრი ღირს) დაახლოებით 150 მეტრზე და იქიდან ეშვებიან სპეციალურ ბილიკზე ზოოპარკის ცხოველების ფიგურების შემოვლით.
ცოტა მოშორებით ბეიბლენდია, კუბიკების ტუმბოებით მოწყობილი და პატარები ისე ხალისიანად ერთობიან, რომ სიცივესაც კი ვერ გრძნობენ.
11 წლის თბილისელ გიორგი ბოდოკაიას ძალიან მოეწონა მოძრავ ბილიკზე ტუბით ასვლა და ზოოპარკში გასეირნება.
ძალიან მაგარიაო, ამბობს იგი, არ უარყოფს იმასაც, რომ თხილამურებსაც ფლობს, მაგრამ მაინც მეტ დროს ბავშვურ გასართობს ანდომებს.
,,ჯოილენდს~ მშვენიერი ბარიც და კაფეც ამშვენებს, აქვეა თხილამურების გაქირავების პუნქტიც. თუ კარგი მზეა, აქ გარუჯვა და მზის აბაზანების მიღებაც შეიძლება სპეციალურ ,,საწოლებზე~. ალბათ ბევრს დააინტერესებს თოვლის დიდი ზვინი, რომელიც პატარა მთას ჰგავს. ეს ყინულის სახლია, სადაც ბავშვებს შეუძLლიათ შევიდნენ და გაერთონ. ერთი სიტყვით, შპს ,,ჯოილენდის~ პატარა პარკი ანუ ,,ზოოპარკი~ და ასევე მთლიანად ბაკურიანის პარკი გალამაზებული და გახალისებულია, სამწუხაროდ, აქ აღარ არიან პარკის კოლორიტი ფოტოგრაფები თენგიზ მიქაბერიძე და კოლია გავვა, ახლა ციფრული ფოტოაპარატი თითქმის ყველას აქვს.
დამსვენებელთა შორის კურორტზე საკმაოდ მომრავლდა ეკლესიის სულიერ მამათა რიცხვი, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობენ მოაგარაკეთა შორის.
დეკანოზი იოსებ მამულაძე ბათუმის ეპარქიიდანაა. იგი მეუღლესა და ერთი წლის შვილთან ერთად ისვენებს ბაკურიანში.
_ ჩამოსვლის მიზეზი ბავშვის ავადმყოფობა გახლდათ. ექიმებმა ბაკურიანის სუფთა ჰაერზე ჩამოსვლა გვირჩიეს, _ ამბობს დეკანოზი იოსები და დასძენს, რომ აქვე პარკთან არსებულ სასტუმროში იმყოფება, ღვთისმშობლის ტაძართანაც ახლოს არიან და წირვა-ლოცვასაც ესწრება.
აჭარაშიცაა დიდი თოვლი, იქაც კეთდება სათხილამურო ტრასები და კურორტი, მაგრამ მათ ბაკურიანი აირჩიეს დასასვენებლად. მამა იოსები და მისი მეუღლე ბაკურიანში დასვენებით კმაყოფილნი არიან და სწამთ, რომ მათი შვილიც გამოჯანმრთელდება.
ს. ხეთაგაშვილი
26.01.2012 |