მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ერის უდიდესი სატკივარი
თითქმის ათი წელი ვიყავი ბორჯომის რაიონის დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე (1989-1997 წ.წ.) და ამ ხნის მანძილზე დაწვრილებით შევისწავლე რაიონის დემოგრაფიული სიტუაცია, შეძლებისდაგვარად მრავალშვილიან ოჯახებს კიდეც ვეხმარებოდი. იმ წლებთან შედარებით, დღეს დემოგრაფიული ვითარება ნამდვილად სავალალოა.
საქართველოს და, კერძოდ, რაიონის დემოგრაფიული სტატისტიკა უაღრესად პრობლემატურია და უარესს ადამიანი ვერ წარმოიდგენს.
მოსახლეობის კატასტროფულად კლების ტენდენციაც ცნობილია და ერთჯერადი ღონისძიებებით მისი გამოსწორება არაფრის მომტანია, თუ ქვეყნის ხელისუფლებამ რადიკალური ზომები არ განახორციელა ერის გამრავლების თვალსაზრისით და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
როგორც გაეროს დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი კომისია იუწყება, 2050 წლისთვის ქართველი ერი განახევრდება.
ამჟამად ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 4,490 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად მოსახლეობის რაოდენობა 3,5 მილიონზე მეტი არაა, მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი ქვეყნიდან გასულია და დაბრუნდება თუ არა უკან, არავინ იცის. ვერც ხელისუფლების ჩინოსანთა ნათქვამს გავიზიარებ, როცა აცხადებენ, რომ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდისო. ბორჯომის მაგალითიც კმარა ამ სიცრუის დასამტკიცებლად. ჩვენი ქალაქიდან და დაბა-სოფლებიდან ყოველი მესამე-მეოთხე ოჯახი ან ოჯახის წევრი საზღვარგარეთ არის წასული და ჯერჯერობით უკან მობრუნებული არავინ გვინახავს (თუ ორიოდე კვირით ჩამოსულებს არ ჩავთვლით, რომლებიც ისევ უკან გარბიან).
ნამდვილად სასიხარულოა, რომ უკანასკნელ 2-3 წელიწადში შობადობა გაიზარდა, მაგრამ ეს პროცესი 1980-1989 წლებში დაბადებულთა ხარჯზე მოხდა, რომლებიც ნაყოფის მომცემ ასაკში, 2007-2009 წლებში, მომწიფდნენ.
1980-1989 წლებში საქართველOში 455 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჩვენს რესპუბლიკაში 236 ათასი გოგონა დაიბადა, სწორედ ეს გოგონები 2020 წლისთვის იქნებიან გასათხოვრები და შობადობის კლებაც პიკს მიაღწევს.
ოფიციალური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე 20 პროცენტით შემცირდა.
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი შორს წაგვიყვანს, ვეცდები ჩვენი რაიონის მაგალითზე მოგითხროთ და დარწმუნდებით, რომ ვითარება ნამდვილად საგანგაშოა. 
რაიონის დემოგრაფიულ მონაცემებს (შობადობა, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება) 2010 წლამდე აკურატულად და ასპროცენტიანი სიზუსტით გვაწვდიდა სამოქალაქო რეესტრის ბორჯომის სააგენტო (უფროსი ქალბატონი თამარ გელაშვილი). ახლა ეს მონაცემები ზემდგომი ორგანოების განკარგულების საფუძველზე სხვადასხვა დაწესებულებებში უნდა მოვიძიოთ. მაგალითად, შობადობის მონაცემები _ სამშობიარო სახლში, ქორწინება-განქორწინება _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, გარდაცვალების მონაცემები კი ჯერაც ვერ დავადგინე, რომელმა სამსახურმა უნდა გასცეს.
ამ სიძნელეების მიუხედავად, რამდენიმე დემოგრაფიული მონაცემი მაინც მოვიძიე და მინდა გაგაცნოთ.
ასე მაგალითად, თუ 1986 წელს რაიონში 652 ბავშვი დაიბადა, 1989 წელს _ 650, 1990 წელს _ 705, 1995 წელს _ 550, 2003 წელს _ 336, 2004 წელს _ 357, 2009 წელს _ 339, 2010 წელს _ 420, ხოლო 2011 წელს _ 360.
სამწუხაროდ, იმ 360 ახალშობილიდან, რომელიც შარშან დაიბადა ბორჯომის სამშობიაროში მხოლოდ 207 ახალშობილია ბორჯომელი, 153 სხვა რაიონის მკვიდრია ანუ სხვა რაიონის ქალებმა ბორჯომში იმშობიარეს.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა 2010 წლის შობადობის მონაცემებშიც. იმ წელს სულ დაიბადა 420 ახალშობილი, აქედან 166 სხვა რაიონის მკვიდრია.
ახლა ხშირად გაიგონებთ სკოლები მცირდება, მასწავლებლები უმუშევრები რჩებიანო. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, სკოლების შემცირება კანონზომიერია.
შარშან რაიონში დაბადებული 207 ბავშვი 5-6 წლის შემდეგ სკოლაში უნდა წავიდეს, ფაქტიურად ამ ბავშვების რაოდენობა მხოლოდ 6-7 კლასს შეავსებს, დანარჩენ სკოლებს და კლასებს რა ვუყოთ, მთვარიდან ხომ ვერ ჩამოვიყვანთ პირვეკლასელ მოსწავლეებს.
როგორც ხედავთ, მეტად არასახარბიელო ვითარებაა რაიონში შობადობის თვალსაზრისით.
ახლა გარდაცვალების სტატისტიკას გადავხედოთ. 2011 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ვერ დავადგინე, მაგრამ 2010 წლის მონაცემი ვიცი და იმ წელს 396 ადამიანი გარდაიცვალა, თითქმის ანალოგიური მაჩვენებლებია წინა წლებშიც ანუ საშუალოდ რაიონში ყოველწლიურად 350-400 ადამიანი კვდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შობადობის მაჩვენებელს, ამ პროცესს დემოგრაფები ერის ნაადრევად დაბერებას უწოდებენ.
შეგნებულად გვერდი ავუარე შობადობის ეროვნულ შემადგენლობას. დღეისთვის რაიონში 20-მდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს იმ 207 ახალშობილს შორის რამდენია ქართველი, არ დამითვლია, შემეშინდა, ვაი თუ აქაც უმცირესობაში აღმოვჩნდეთ.
აქედან გამომდინარე, საფრთხე ექმნება ეროვნული ინტერესების დაცვას (თუ აქამდე საფრთხე არ შექმნია), ეროვნული ეკონომიკის აღმავლობას, სახელმწიფო ენის პრობლემა დღითიდღე რთულდება, იკარგება და იბღალება ერის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ტრადიციები, ადათ-წესები და სხვა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მეტად მტკივნეულია ქართველებისთვის. ქართულ მოსახლეობაში წლიდან წლამდე მცირდება მრავალშვილიანთა რაოდენობა.
ასე მაგალითად, თუ 1990 წელს რაიონში ცხოვრობდა 750 მრავალშვილიანი ოჯახი (3 და მეტი შვილი), 2011 წელს მათი რიცხვი 300-ზე მეტი არაა.
შარშან 169 წყვილმა იქორწინა ანუ 2010 წელთან შედარებით 28 ოჯახით მეტმა, მაგრამ 34 ოჯახი განქორწინდა, რაც 5 ოჯახით მეტია წინა წლის მონაცემებზე.
ვიცი, მკითხველი იტყვის, მე სავალალო სტატისტიკა კი არა, მდგომარეობის გამოსწორების გზები მაინტერესებსო.
დიახ, ამ გზების ძიება თქვენთან ერთად მეც მაინტერესებს.
დასკვნის სახით გავბედავ და ვიტყვი _ ქართველი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია და იგი ერთ კონკრეტულ რეგიონში ან რაიონში ვერ გადაწყდება, საჭიროა ქვეყნის მთავრობამ, ხელისუფლებამ და პარლამენტმა შეიმუშაოს ერის გადარჩენის და გამრავლების ფართომასშტაბიანი, მრავლის მომცველი პროგრამა (სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა) და მკაცრი კონტროლი დააწესოს მის შესრულებაზე, თუ გვინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე იცოცხლოს და გამრავლდეს ქართველი ერი, სხვა მხრივ ქართველებს გადაშენება უწერიათ.

ვალერიან ლომიძე
26.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: This info is the cat's pamjaas!
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
23-02-2012
1.6384   -0.0026
2.1688   -0.0022
2.5903   -0.0102
5.5018   -0.0085
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 4 °C
ღამით -3 °C -6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.