|
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ემიგრანტთა დაბრუნება - სპეკულაციის თემა ჩვენი ხელისუფლებისათვის
საქართველოდან წასული მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული. დრო გადის, ზოგი უკვე სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს, ზოგი კი იმდენად შეეჩვია საზღვარს გარეთ ცხოვრებას, რომ სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ დროებით, ოჯახის სანახავად აპირებს.
მოგეხსენებათ, თავგადასავლების საძიებლად ათასობით კილომეტრს (ხშირად - მეტსაც) რიგითი, ჩვეულებრივი ოჯახის წარმომადგენელი ნამდვილად არ გაივლის, ის ცხოვრებამ აიძულა, უცხო ქვეყანას შეკედლებოდა და ოჯახის სარჩენად ისეთი საქმე ეკეთებინა, რასაც სამშობლოში, ალბათ, ითაკილებდა.
***
32 წლის ლია მ. ხუთი წელი საბერძნეთში იყო გადასახლებული, რადგან ცხოვრებამ არ დაინდო და საზღვარზე გადაპარვის სხვა გზა არ დაუტოვა.
- პროფესიით ფარმაცევტი ვარ, მაგრამ აფთიაქის ნაცვლად მხოლოდ რკინების მაღაზიაში მოიძებნა ჩემი ადგილი. ერთი წლის გათხოვილი ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. შემოსავალი იმდენად მწირი იყო, თავის გასატანად არ გვყოფნიდა. დროთა განმავლობაში ვალებიც დამიგროვდა. ორი წელი ვწვალობდით მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ვალებს მაინც ვერ დავაღწიეთ თავი.
სხვა გზა რომ აღარ დამრჩა, ჯერ კიდევ თოთო ბავშვი გულიდან მოვიგლიჯე, გასაზრდელად მის ბებიას ჩავაბარე და საბერძნეთის გზას დავადექი. საბუთების შეგროვება კი დავიწყე, მაგრამ აქაც არ გამიმართლა, ვიზა არ მომცეს და საზღვარზე გადაპარვა მომიწია.
მანქანის ბინძური საბარგულით გავცდი საზღვარს, ერთი დღე-ღამე ტყეში ფეხით ვიარე და ასეთი ტანჯვა-წამებით ჩავედი ათენში. იქ ერთი ქალი დამხვდა, რომელმაც სამუშაო მიშოვა და გახარებულმა შევაბიჯე იმ სახლში, სადაც უნდა დამეწყო მუშაობა 80 წლის ქალის მომვლელად. მერე კი, დღე არ გასულა ისე, საკუთარი დაბადების წამი არ დამეწყევლა.
არ მჯეროდა, როცა ამბობდნენ, სიბერეში კაცი ჭკუას კარგავს და პატარა ბავშვის დონეზე დადისო. თურმე მართალი ყოფილა და ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა „ჩემმა ლამაზმა ბებიამ" ჭამის დროს გადმოაფურთხა, რათა საქმე არ გამომლეოდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და ყველა ხერხით ცდილობდა ჩემს გამწარებას. ათას ტყუილს მოიგონებდა, მოუყვებოდა შვილს და ეხვეწებოდა, რომ სახლიდან გავეგდე.
ასე ტანჯვის მიუხედავად, ღმერთს ვეხვეწებოდი, დიდხანს ეცოცხლა, რათა უმუშევარი არ დავრჩენილიყავი. სიცოცხლის უკანასკნელი ერთი წელი ბებომ ჩემ ლანძღვაში გაატარა.
რამდენიმე თვე უმუშევარი დავრჩი, კარდაკარ დავდიოდი სამსახურის საშოვნელად, ბოლოს კი ერთ ოჯახში ხუთი წლის ტყუპების მომვლელად ამიყვანეს.
ხომ გაგიგიათ, „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო", ზუსტად ასე დამემართა მეც. ბიჭები ძალიან მოუსვენრები იყვნენ და, კუდში თუ არ გაეკიდებოდი, აუცილებლად რამეს დაამტვრევდნენ.
პატარები სასეირნოდაც დამყავდა ხოლმე. ერთ მშვენიერ დღეს კი უფროსი ბიჭი გამეპარა. მის ძებნაში მთელი ბაღი შემოვირბინე, მაგრამ ვერსად მივაგენი. აღარ ვიცოდი, რა მექნა და ტირილი დავიწყე.
ამ დროს კი ეს პატარა ვაჟბატონი ბუჩქიდან მომღიმარი სახით გამოძვრა!
ეს ამბავი უფროსების ყურამდეც მივიდა და, ჩემდა გასაოცრად, ნება დამრთეს საჭიროების შემთხვევაში დამეტუქსა ბავშვები, უკიდურეს შემთხვევაში კი - მსუბუქად მეცემა კიდეც. იმ დღიდან ამოვისუნთქე, გემოზე ვუყვირებდი და გვერდებშიც მოვცხებდი ხოლმე. პირველად რომ ვცემე, დედას მოახსენეს, მაგრამ, როცა ვერაფერი გააწყვეს, მერე სულ თვალებში მიყურებდნენ და, რასაც ვეტყოდი, იმას აკეთებდნენ.
სამი წელი ამ ოჯახთან ერთად დავდიოდი weekend-ზე, კუნძულებზე, ბოლოს საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ და მთხოვეს, თუ სურვილი მექნებოდა, მეგობრის სახლში დამლაგებლად გადავსულიყავი. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და მუშაობას შევუდექი.
ბოლო ერთი წელი იმ ოჯახში გავატარე. როგორც იქნა, გამიმართლა და კარგ ოჯახში მოვხვდი. ყველანი კარგად მექცეოდნენ და კარგ ხელფასსაც მიხდიდნენ.
ამასობაში ვალებიც გავისტუმრე და პატარა ბიზნესიც წამოვიწყე. მართალია, ბევრი ვიწვალე, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს, მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ხუთი წელი ჩემს შვილს დედის სითბო აკლდა, ჩემნაირები ბევრნი არიან, მაგრამ ამ ყველაფერზე ოჯახთან ჩამოსვლამდე არ ლაპარაკობენ.
ზოგიერთებთან შედარებით გამიმართლა კიდეც, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ბევრი ჩემოდანზე ზის და ბილეთის ფულს ელოდებიან, რათა სამშობლოში დაბრუნდნენ.
***
გოჩა გ. 24 წლის ბიჭი ვარ, სოფელში ვცხოვრობ მშობლებთან და ძმასთან ერთად. მინდოდა ჩემი შრომით მეშოვა ფული და ბიჭებთან ერთად თურქეთში წავედი სამუშაოდ.
იმის გახსენებაც მეზარება, რაც იქ გადავიტანეთ. ოთხი ბიჭი ერთ პატარა, ნესტიან ოთახში ვცხოვრობდით და ველოდებოდით, ვინ როდის გადააგდებდა ავეჯს, რათა შეგველამაზებინა და სხვა ოჯახისთვის მიგვეყიდა.
ხან ტომრებს დავათრევდით, ხან - ნაგავს და ისე ვშოულობდით ფულს. სამი თვე ვიყავით ასეთ დღეში. ისეთი დღეებიც ყოფილა, ფული რომ არ გვქონდა და სიგარეტსაც ვერ ვყიდულობდით, მშივრებსაც ბევრჯერ დაგვიძინია. მართალია, ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ, საბოლოოდ, თითოეულმა 800 დოლარი ჩამოვიტანეთ.
***
ანი ჯ. 21 წლის: პირველი კლასიდანვე კარგად ვსწავლობდი. სკოლა ისე დავამთავრე, რომ, ხუთის გარდა, სხვა ნიშანი არ მიმიღია. სწავლის გაგრძელებაზე ვოცნებობდი. ჩემი ერთადერთი შანსი უმაღლესში სასწავლებლად გრანტის მოპოვება იყო. ეროვნული გამოცდები კარგად ჩავაბარე და 70%-იანი გრანტი ავიღე, თუმცა ოცნების ასახდენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მარტოხელა დედაჩემი ბაზარში ვაჭრობით ვერასდროს გადამიხდიდა სწავლის საფასურს, მითუმეტეს, როცა ჩემს გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავდა მისახედი.
ყველამ ერთად გავიჭირვეთ და გერმანულის საფუძვლიანად სწავლა დავიწყე. სკოლაში მიღებული ცოდნა ერთ თვეში გავიღრმავე და სასწავლებლად გერმანიაში წავედი.
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც გერმანიაში ვარ. ვმუშაობ და თან ვსწავლობ კიდეც, თავსაც ვირჩენ და დედასაც ვეხმარები. მართალია, ამ ქალაქში სწავლა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ სწორედ ამისთვის გამოვიარე ამხელა გზა. ყოველთვიურად 500 ევროს ვიხდით სწავლის ქირას.
ამჟამად, ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ და კარგ ხელფასსაც ვიღებ. ყოველ შემთხვევაში, მე მაკმაყოფილებს. ადრე „ჰოთ-დოგების" საცხობში ვმუშაობდი და მაღალი ანაზღაურება იყო, მაგრამ - უმძიმესი სამუშაო! ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ორი დღე არ მიძინია და ვმუშაობდი. ბოლოს წამოვედი, რადგან უფროსს ხელფასის გაცემა აღარ უნდოდა. ძალიან ძუნწი იყო. თან გადაგყვებოდა, ოღონდ ფული არ გეხსენებინა.
კმაყოფილი ვარ ჩემი სამსახურით და სწავლითაც. სამუდამოდ აქ დარჩენას არ ვფიქრობ. გერმანიაში ვისწავლი და მერე დავბრუნდები სამუშაოდ.
ღმერთმა მისცეს ყველას იმის საშუალება, რომ სამშობლოში ისწავლონ. თუ სწავლა ნამდვილად ენდომებათ, უნდა იცოდნენ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარია, იბრძოლონ და ფარ-ხმალი არ დაყარონ.
***
1990 წლამდე შედარებით მაღალი შობადობა ემიგრანტების რაოდენობას თითქოს აბალანსებდა. მდგომარეობა სწორედ მაშინ შეიცვალა, როცა ბუნებრივმა მატებამ იკლო, მიგრაციის ტემპი და მასშტაბი უკვე თვალში საცემი გახდა.
დღეისთვის კი ემიგრაცია საქართველოს მოსახლეობის ფორმირების წამყვან კომპონენტს წარმოადგენს. დემოგრაფ ექსპერტთა ვარაუდით, ეს ფაქტორი 2020 წლამდე მაინც გაგრძელდება.
ემიგრანტთა რაოდენობის ზუსტი დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანამ მილიონობით მოქალაქე „დაკარგა".
თუ წარსულში მიგრაციის მიზეზი პოლიტიკური მნიშვნელობის იყო, დღეს შეიცვალა და ეკონომიკური ხასიათის მატარებელი გახდა.
ემიგრანტების უმრავლესობა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილებას იღებს, უმთავრესად, იმ მიზეზით, რომ ოჯახს დაეხმაროს და ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნას ოჯახის წევრებს. მაგრამ, როგორც კი ხდება პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, უმრავლესობა იწყებს ფიქრს, დააგროვოს განსაზღვრული თანხა, რათა უკან დაბრუნებულმა შეძლოს ბინის ყიდვა, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, შეიძინოს მანქანა და ა.შ.
ყველა ემიგრანტის წასვლის მიზეზი სხვადასხვაა, ასევე განსხვავებულია დაბრუნების მიზეზებიც, რომელიც, ძირითადად, ორი სახისაა: ერთ კატეგორიას წარმოადგენენ იძულებით დაბრუნებულები, ანუ ისინი, ვინც, ოჯახური პრობლემების, ჯანმრთელობის გაუარესების ან დეპორტაციის გამო იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ, მეორენი კი, საკუთარი ნებით ბრუნდებიან, ანუ მათ უკვე მიაღწიეს „მიზანს".
ემიგრანტების დაბრუნების უმთავრესი წინაპირობა ეკონომიკური ხასიათისაა. სამშობლოში სამუშაოდ გადმოსვლა მხოლოდ გარკვეული წინაპირობების შესრულების შემდგომ მოხდება. საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ემიგრანტების შინ დაბრუნების პოტენციალი ჯერჯერობით სუსტია, შრომითი მიგრაცია მყარია, ამიტომაც, საინტერესოა, ახლო მომავალში ამ კუთხით მაინც რა მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება.
ერთი რამ ცხადია, საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად მუშაობს ემიგრანტების დაბრუნების საკითხებზე, მაგრამ საკითხავია, თუ რა და როგორ კეთდება საამისოდ?
ფაქტია, რომ პრეზიდენტმა სამშობლოში დააბრუნა რამდენიმე ისეთი პერსპექტიული ემიგრანტი, როგორებიც არიან ელენე გედევანიშვილი, ალექსანდრე კვიტაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ვერა ქობალია და სხვები, მაგრამ რა ქნან სხვებმა? მათაც ხომ სჭირდებათ, დაბრუნების შემთხვევაში, სამსახური, რათა ოჯახი არჩინონ?
ყველა ვერ იქნება მაღალი დონის სპეციალისტი, პოპულარული შემოქმედი, მაგრამ უწიგნური და გამოუსადეგარი არც სხვა ემიგრანტები არიან, მათაც ხომ უნდა მიხედოს სახელმწიფომ!
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები წარმატებული და ამასთანავე მყარია, რასაც მოწმობს სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა.
პრეზიდენტის ამგვარ ამაყ განცხადებას ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე სპეკულაციად აფასებს და აცხადებს, რომ საკმარისია, კიდევ უფრო გამარტივდეს საზღვარგარეთ გასვლის პროცედურები და ნახევარი საქართველო უცხოეთში წავა. ამის მაგალითად მოჰყავს აჭარა და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცათამბჯენები შენდება, შრომისუნარიანი მამაკაცების 50% მაინც თურქეთშია წასული და იქ მძიმე სამუშაოს ასრულებს. „ეს არის რეალური სახე ქვეყნის ეკონომიკისა!" - აცხადებს გ. თარგამაძე.
თურქეთის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო რეფორმების გატარება თავისი ტერიტორიიდან ემიგრანტების სამუდამო თუ არა, დროებით გაყვანაზე მაინც. დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე სამთვიანი „სტუმრობის" შემდეგ სამშობლოს უნდა დაუბრუნდეს ამავე ვადით.
თურქმა მმართველებმა ხალხს უკან დაბრუნების შანსი მაინც დაუტოვეს, საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს, ნებით თუ არა, ძალით მაინც დაუბრუნოს სამშობლოს ხალხი და გზავნილებზე გარკვეული შეზღუდვებიც კი დაუწესა. თუ ადრე ტვირთის საქართველოში ჩამოსატანად საკმარისი იყო ორი დღე, ახლა უკვე იმავე საქმისთვის საჭიროა არანაკლებ ორი კვირისა.
მსგავსი ნაბიჯებით საქმე არ გაკეთდება, ამიტომაც აჯობებდა, ჩვენს ხელისუფლებას ეზრუნა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის დასაქმებაზე, გარუნჩევლად ასაკისა.
საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი აიღოს მიგრაციის მართვაზე და შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მეშვეობით ჩამოაყალიბოს თავისი ნათელი ხედვა, რათა ნათლად განისაზღვროს ემიგრანტთა დაბრუნების წესები და პროცედურები.
მალვინა ზარანდია
06.02.2012 |