|
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი მშობიარეების ერთჯერადი დახმარებისთვის განსაზღვრულ თანხას (200 ლარის ოდენობით) ვერ იღებს. მოქალაქეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად ერთის მხრივ ლიმიტის ამოწურვას ასახელებს, მეორეს მხრივ კი განმარტავს, რომ დახმარება არ ეკუთვნის იმ პაციენტებს, რომლებიც გურჯაანის სამშობიაროში არ იმშობიარებენ.
უკვე რამდენიმე წელია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, 2012 წელსაც სოციალურ და ჯანდაცვის არაერთ პროგრამას დააფინანსებს, რისთვისაც სულ 640 ათასი ლარია გამოყოფილი.
2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამისთვის 85 ათასი ლარია განსაზღვრული (თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით), მშობიარეებისთვის კი _ 40 ათასი (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით). თუმცა, თუ პაციენტი გურჯაანის სამშობიარო სახლში არ იმშობიარებს, ის მხოლოდ ახალშობილის კუთვნილ 100 ლარს მიიღებს. ამ ფაქტს მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი დაყოფა ყოვლად დაუშვებელია და დახმარებას ყველა უნდა იღებდეს. ანი ბეციაშვილი `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, რომ თბილისში იმშობიარა, თუმცა ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, რის გამოც დახმარება ვერ მიიღო. `აღრიცხვაზე გურჯაანის სამშობიაროში ვიყავი და რა თქმა უნდა, მშობიარობასაც აქ ვაპირებდი. მაგრამ ტყუპები იყვნენ, რვათვიანები დაიბადნენ და სამშობიაროში მისულებს ექიმებმა გვითხრეს: ბავშვებს, შესაძლოა, ინკუბატორი დასჭირდეთ, რაც გურჯაანში არ გვაქვსო, ამიტომ იძულებულები გავხდით თბილისში წავსულიყავით. გამგეობაში დახმარების ასაღებად რომ მივედი, მითხრეს არ გეკუთვნის, რადგან აქ არ იმშობიარეო. შესაბამისად, მხოლოდ ბავშვების ფული ავიღე. ასეთი დაყოფა არ შეიძლება. გამგეობა ამ თანხას ხელზე გასცემს, უშუალოდ სამშობიაროს ხომ არ ურიცხავს?! ამიტომ ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი სად იმშობიარებს, ის ხომ მაინც გურჯაანის მკვიდრია. თანაც ჩვენი ნებით ხომ არ წავედით თბილისში?!~ _ ამბობს ანი ბეციაშვილი.
ის ფაქტი, რომ მშობიარეებსა და ახალშობილებზე ადგილობრივ ხელისუფლებას ერთჯერადი დახმარებისთვის გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი, არ სჯერა მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან საუბარში ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. `რა პროგრამაზე და დახმარებაზე საუბრობთ, ესეც ალბათ კაცისკაცით კეთდება. ჩემმა გოგომ ნოემბრის შუა რიცხვებში გურჯაანში იმშობიარა. რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ თურმე ასეთი სახის დახმარება ყოფილა. გამგეობაში რომ მივედით, გვითხრეს, პროგრამა კი გვაქვს, მაგრამ წლის ბოლოა, ფული ამოგვეწურა და ბოდიშიო. მაგათი ბოდიში ვის რაში სჭირდება. ე.ი. მხოლოდ წლის დასაწყისში ვინც დაამთხვევს ბავშვის გაჩენას, დახმარებაც იმას ეკუთვნის?!~ _ ამბობს იგი.
გურჯაანის მკვიდრი მანანა მაზანიშვილი აღნიშნავს, რომ დახმარების ამგვარი გადანაწილება, შესაძლოა იმიტომ ხდება, რომ გამგეობას სამშობიარო სახლთან რაღაც გარიგება აქვს დადებული. `ძალიან მიხარია მუნიციპალიტეტი თავის მოქალაქეებზე რომ ზრუნავს, მაგრამ ჩემი აზრით, სამშობიაროსთან ხელშეკრულება ან გარიგება აქვთ დადებული და სწორედ ამიტომაა, რომ მხოლოდ აქ ვინც იმშობიარებს, იმას ეხმარებიან. სხვა ვერაფერს ვფიქრობ. ჩემთვის გაურკვეველია ამგვარი დიფერენციაცია,~ _ ამბობს მანანა მაზანიშვილი.
აღნიშნულ პროგრამასა და დახმარების გადანაწილების პრინციპზე გაზეთი `სპექტრი~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილს ესაუბრა. როგორც იგი განმარტავს, ეს პროგრამა ისევ და ისევ მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული. `ჩვენ გვინდა, რომ სოციალურად დაუცველ ფენას დავეხმაროთ. გაჭირვებული ადამიანი კი ექიმთან აღრიცხვისა და მშობიარობისთვის თბილისში არ წავა, რადგანაც იქ ეს მომსახურება გაცილებით ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ 200 ლარის ოდენობით ვეხმარებით მას, ვინც გურჯაანში იმშობიარებს,~ _ აღნიშნა ზაქარია იაგანაშვილმა და იქვე განმარტა, რომ არსებობს გარკვეული შემთხვევები როდესაც უკიდურესად გაჭირვებულსაც ვეღარ აფინანსებენ.
`გეთანხმებით, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის გამო იძულებულია სხვა ქალაქში იმშობიაროს. თუმცა ბუნებრივია გამოსავალი არსებობს. ჩვენ გვაქვს ერთჯერადი დახმარების პაკეტიც, რომელიც გაიცემა ოპერაციებისთვის, წამლებისთვის და ა.შ. მოქალაქემ უნდა მოგვმართოს განცხადებით, რის შემდეგაც მდგომარეობას ჩვენს მიერ დანიშნული კომისია შეამოწმებს. ასეთ შემთხვევაში, მას თანადაფინანსებით დავეხმარებით. ორასი-სამასი ლარის გადარიცხვის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს,~ _ განმარტავს იგი.
რაც შეეხება სამშობიარო სახლთან მოლაპარაკებას, საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და არანაირი გარიგება ან ხელშეკრულება არ არსებობს.
`თუ გასულ წელს გადავხედათ, დიდია ალბათობა, რომ აღნიშნული პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა არც იყოს საკმარისი. დეფიციტი შარშანაც გვქონდა. ოქტომბერსა და ნოემბერში ლიმიტი სრულად ამოვწურეთ და ძალიან ბევრი მოქალაქე ნამვილად უარით გავისტუმროთ. დეკემბრის თვეში კი ჭარბმა შემოსავლებმა ფინანსების დამატების საშუალება მოგვცა, რის შემდეგაც აღნიშნულ თვეს დახმარება კვლავ გავაგრძელეთ,~ _ აღნიშნა ზაქარია იაგანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 672 ათას 400 ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება ახალშობილების ერთჯერად დახმარებას, ამისათვის _ 85 ათასი ლარი, ხოლო მშობიარეებისთვის 45 ათასი ლარი გაიხარჯა.
ინგა ბიტარაშვილი
06.02.2012 |