 |
 |
 |
 |
 |
|
ისტორიული ,,ფირუზას~ განახლება გრძელდება |
სულ რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა ისტორიული მნიშვნელობის შენობის, ,,ფირუზას~ რესტავრაცია-რეკონსტრუქციამ ნამდვილად გაახარა ბორჯომელები. ,,ფირუზა~ ყოველთვის ბორჯომის სავიზიტო ბარათი იყო. პარკის შესასვლელთან არსებული ლამაზი შენობა იპყრობდა მოაგარაკეთა ყურადღებას. მისი საოცარი სარკეებიანი აივანი ხომ რაღაც შეუცნობელი, იდუმალი ზღაპრის სამყაროში წარმოგადგენინებდა თავს. ყოველთვის გაინტერესებდა აქ, ამ სილამაზის მიღმა რა იმელებოდა, როგორი იყო იგი შიგნით, ოდესღაც, როცა ირანის ელჩმა იგი თავის ერთ-ერთ მეუღლეს უსახსოვრა. ზღაპრები იქით... და იმ პერიოდში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მრავალი შენობის ბედი ღვთის ანაბარად დარჩა, ერთ საშინელ დღეს, როცა იქვე მყოფ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, მოსახლეობას ქუჩაში ხომ არ დატოვებდნენ და დროებით ამ შენობაში შეასახლეს. ეს დროებით შესახლება დიდხანს გაიწელა, რადგან დანგრეულ ქვეყანაში ამ ხალხს ვიღა აუშენებდა საცხოვრებელს, ამიტომ ძირითადად ხის კონსტრუქციამ და ფაქტიურად უკვე ავარიულმა შენობამ კიდევ ბევრს გაუძლო. ცოტაც და შენობა დაინგრეოდა. არადა, ბორჯომელებში სერიოზულ ტკივილს იწვევდა ამ ლამაზი შენობისადმი გამოჩენილი უყურადღეEბობა.
ბორჯომში მორიგი სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენს ბატონ მიხეილ სააკაშვილს იგივე გრძნობა გაუჩნდა და მისი რესტავრაცია გადაწყვიტა საკუთარი ფონდის ხარჯზე. ჩვენ ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ ამგვარი საუკუნის მშენებლობას თუ რესტავრაციის პროცესებს და ჩვენს მკითხველს ვაწვდით იმ საჭირო ინფორმაციას, რაც მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ.
ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი პირველი ვიზიტიდან დღემდე, როცა ,,ფირუზას~ რესტავრაცია ჯერ კიდევ იწყებოდა, ძალიან საცოდავი სანახავი იყო შენობა, განსაკუთრებით შიგნიდან. ამჯერად კი იგი უკვე თავის ჩვეულ სილამაზეს იძენს. ადგილზე მისულს, მცირე ექსკურსი გამიწია სამუშაოთა მწარმოებელმა ვახტანგ ზერეკიძემ.
პირველად იმ ცნობილი სარკეებიანი აივნისკენ გავწიეთ ძველი კიბით, რომლის ნაწილიც, კარგ მდგომარეობაში იყო, დარჩენილი ნაწილი კი აღსადგენია, ზუსტად იმ ფორმით, როგორიც იყო. ისე საერთოდ, შენობას, ფაქტიურად, ყველა დეტალი შეუნარჩუნდა ისე, როგორც აშენებისას იყო, ახალი მხოლოდ სველი წერტილები იქნება.
სარკეებიანი აივანი მთლიანად აღდგენილია, მის რესტავრაციაზე ირანელი რესტავრატორები მუშაობდნენ ოთხი თვის განმავლობაში. აივნის გარშემო გამოჭრილი ხის ჩუქურთმებიც შეცვლილია, ნაწილი კი, რაც ვარგისი იყო, შენარჩუნებულია.
რესტავრაციის დროს ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ირანელებმა ოქროს კედელი აღმოაჩინესო და ამის შესახებაც ვკითხეთ ბატონ ვახტანგს და იქ მომუშავე მუUშებს, ყველას გაეცინა და იუმორით მიუდგნენ, მართლა რომ ეგრე ყოფილიყო, ახლა უკვე საზღვრებს გარეთ ვიქნებოდითო. სინამდვილეში კი სარკეებიანი აივნის რესტავრაციის დროს აღმოჩენილი იქნა ოთხი სურათი. ერთ-ერთი მათგანი, შუაში, ირანის შაჰის სურათია, ერთ-ერთი რუსეთის ელჩის, დანარჩენი კი მეფის კარის წარმომადგენლების, ვისაც ეს შენობა ეკუთვნოდა და მის მშენებლობაში ერია ხელი. სწორედ შაჰის სურათის თავზე იყო ლომის ფიგურა, რომელიც მოოქროვილი აღმოჩნდა. ეს სურათები კი საერთოდ გადაღებილი იყო, ალბათ, კომუნისტების დროს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს. აივნის ორივე მხარე, ფაქტიურად დამპალი იყო, რამდენიმე ადგილი, რასაც რესტავრაცია ჩაუტარდა, მხატვრული დეტალებით შეივსო, სარკეების და სხვა დეტალების პირვანდელი სახე აღდგენილი იქნა. ფანჯრების ჩარჩოები და ზოგიერთი დეტალი იგივე დატოვეს, იმდენად კარგად იყო იგი შენარჩუნებული და მათგან უმეტესი მოხარშული ხისგან იყო დამზადებული.
სარესტავრაციო სამუშაოები ფაქტიურად დამთავრებულია, დარჩენილია სამღებრო სამუშაოები, იატაკის მოპირკეთება. ცნობილი აბანოს თავზე თავიდან გაკეთდა და დაემატა ახალი სართულები. იქ, სადაც სასადილო იქნება, მთლიანად რესტავრირებულია, რადგან კედლები ჩამოშლილი იყო, გარედან კი ხის ფაქტურა, რითაც ნაშენია შენობის ნაწილი, ძველი საღებავისგანაა გაწმენდილი. ამბობენ, რომ აქ იქნება აპარტამენტები და მაღალი კლასის 30 ადგილზე გათვლილი ნომრები, შენობის ზუსტი სტატუსი ჯერ ცნობილი არაა.
ჩვენს საუბარს შემოუერთდა მშენებლობის უფროსი ჯემალ კუპრაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ძირითადად ძველი ირანული სტილი და არქიტექტურა შენარჩუნებულია. შენობა მთლიანად იქნა შესწავლილი, მიუხედავად იმისა, რომ შენობა იყო ავარიული და იგი დანგრევის პირას იყო, აღმოჩნდა, რომ მას ფუნდამენტი მაგარი ჰქონია, ამიტომ გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. გარკვეული დონით დაწეულ ხის იატაკს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები კონსტრუქციულ ნაწილში, დაისხა ბეტონი, რაც შემდეგ კერამიკული გრანიტით იქნება მოპირკეთებული. ეს იქნება პირველი სართულის ჰოლი, სადაც მოხვდებით პატარა გადასასვლელი ხიდით, რომელიც ტროტუართან კეთდება და რომლის პროექტსაც ამ დღეებისთვის ელოდებიან.
ეზოს პროექტი არსებობს, რომელსაც ექნება რამდენიმე შესასვლელი, ეზოში დაკარგული იყო შადრევნები, რომლებიც მიწით იყო დაფარული. შადრევნები, გამწვანება, ეზოს მოპირკეთება ბაზალტის ფილებით გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ ,,ფირუზას~ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია თავის თავზე აიღო თბილისურმა ფირმამ ,,რესტავრატორები და კომპანია~ (ხელმძღვანელი ივანე გრიმელაშვილი), სარემონტო სამუშაოების მსვლელობას თვალს ადევნებს არა მარტო ამ ფირმის წარმომადგენლობა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოც, რომლის ნუსხაშიცაა აღნიშნული შენობა.
სარემონტო სამუშაოებისთვის მასალები ძირითადად თბილისიდან მოაქვთ, ხის მასალა _ ადიგენიდან, კარ-ფანჯრები და ხის სხვა დეტალები ადგილზე, ობიექტის ეზოში, დროებით გაკეთებულ საამქროში მზადდება. ასეთი ძეგლი მსოფლიოში სულ სამია, ,,ფირუზა~ 1892 წელსაა აშენებული, სიფრთხილითა და მოფერებით ვეპყრობით, რაც შეგვიძლია, გვითხრა ბატონმა ჯემალმა.
მშენებლობის პროცესში მშენებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აბანოს ნაგებობამ შენობის შიგნით. ძველი ვერსიის თანახმად, ეჭვი გაუჩნდათ, რომ აბანოში გოგირდის წყალი შედიოდა, მაგრამ კლდის ფენებიდან გამოსული წყლის ანალიზით, სამწუხაროდ, არ დადგინდა წყალში გოგირდის არსებობა. თუმცა ძველ წყაროებში ნახსენებია, რომ ,,ფირუზაში~ იყო აბანო, მაგრამ კონკრეტულად მისი დანიშნულება დაბანის გარდა, არ არის ნახსენები. არის ის ვერსიაც, რომ შეიძლება გოგირდიანი წყალი აქ მოჰქონდათ და აუზის ტიპის ნაგებობებში იღებდნენ აბაზანებს, რაც ნაკლებ სავარაუდოა.
ამჯერად არის საუბარი გოგირდის წყლის შეყვანაზე. დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იციან მშენებლებმა, განხორციელდება ეს პროცესი თუ არა.
,,ფირუზას~ რესტავრაციის სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია, _ აღნიშნავს ბატონი ჯემალი, იმდენად რთული სამუშაოები მოვიტოვეთ უკან, რომ ვუფიქრდები, თითქმის შეუძლებელი იყო, ამჯერად წესრიგში მოგვყავს კანალიზაცია. ახალი ჭები ამ დონესთან მაღლა დგას, გავწმინდეთ და მასზე უნდა გადავრთოთ კანალიზაციის სისტემები. ერთმანეთის მხარშეწყობით ჩქარი ტემპით მივდივართ. მუშები თითქმის სულ ბორჯომელები არიან, მხოლოდ ქვის ხელოსნები გვყავს ჩამოყვანილი. ვმუშაობთ მთელი ძალით, რათა მაისის ბოლოსთვის დავამთავროთ, თუმცა რეზერვში ერთი თვეც გვაქვს, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ბორჯომელები გავახაროთ და დავანახოთ, რომ ისტორიული ,,ფირუზა~ ისევ ლამაზად გამოიყურება.
მარი ზაქაშვილი
06.02.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|