|
სულ რაღაც წელიწადნახევარში რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას.
ქალაქის შემოსასვლელში “გრანდ ვეჯინის” მშენებლობა რამდენიმე კვირაა რაც მიმდინარეობს და მისი დასრულება ზუსტად 18 თვეში იგეგმება.
სამვარსკვლავიანი სასტუმრო 70 ნომერზეა გათვლილი და იგი ერთდროულად 140 ვიზიტორს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, პირველი და მეორე სართული ვესტიბიულს, რესტორანს და სხვადასხვა მომსახურეობის ობიექტებს, დასვენებისა და გართობის ოთახებს დაეთმობა. ხოლო მესამე სართულზე კი ოფისები განლაგდება. რაც შეეხება ზედა სართულებს, იქ მთლიანად ერთ და ორ ადგილიანი კომფორტული ნომრები განთავსდება.
ასევე კეთილმოეწყობა და გამწვანდება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაც, თავისი შესაბამისი ღამის განათებებით. ხოლო ავტომობილებისთვის კი პარკინგის ადგილი გამოიყოფა.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ, თავად არქიტექტორი ზურაბ მათიაშვილს გვესაუბრება. გთავაზობთ მის კომენტარს:
_ სასტუმრო “გრანდ ვეჯინის” პროექტზე მუშაობა 2თვის წინ დაიწყო და მასზე მე და ჩემი შვილი, ახალგაზრდა არქიტექტორი ლევან მათიაშვილი ვიყავით დაკავებული. ვფიქრობ, საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში გავითვალისწინეთ ქალაქ რუსთავის მასშტაბურობა, აგრეთვე სასტუმროს მდებარეობა, ორიენტაცია, ინსოლაცია და ყოველივე აქედან გამომდინარე განისაზღვრა, რომ იგი 9 სართულიანი იქნება. “გრანდ ვეჯინი” აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების სათავსოებით, ინფრასტრუქტურით და ინოვაციური სამშენებლო ტექნოლოგიებით.
ასევე მოგეხსენებათ, რომ რუსთავმა ინდუსტრიული ქალაქის გარდა, კიდევ ერთი საავტომობილო ჰაბის სტატუსიც შეიძინა, რამაც განაპირობა ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა. ვფიქრობ, სწორედ ეს სასტუმრო მოემსახურება ამ სატრანსპორტო მაგისტრალს და ქალაქის შესასვლელიც უფრო გამოცოცხლდება.
მშენებლობის დასრულება კი დაახლოებით წელიწადნახევარშია დაგეგმილი და რუსთავს თანამედროვე ტიპის სამვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურით ჰარმონიულად ჩაეწერება ქალაქის განაშენიანებაში.
შეგახსენებთ, რომ “გრანდ ვეჯინის” მშენებლობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში სტუმრობისას დაათვალიერა და პროექტის დეტალებსაც გაეცნო.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ნათია ჯიოშვილი
06.02.2012 |