მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`სამწუხაროდ, ყველა ის პოლიციელი ვინც უკანონობა ჩაიდინა, ისევ პოლიციაში მუშაობს და არ დასჯილა~

 

 

 

 

`სამწუხაროდ, ყველა ის პოლიციელი ვინც უკანონობა ჩაიდინა, ისევ პოლიციაში მუშაობს და არ დასჯილა~

 

 

2012 წლის გაზაფხულზე, ოთხი ახალგაზრდა სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს. მათი ახლობლებისა და ადვოკატების აზრით სასამართლომ ცრუ ბრალდებების საფუძველზე მიუსაჯა: ახალკაცს  12 წელი,   გვერდწითელს 9 წელი და 11 თვე, ოქროპირიძეს 9 და ამბროლაძეს  8 წელი. იმის მიუხედავად, რომ ასალკაცისა და ამბროლაძის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, ოთხივე ბრალდებული აგრძელებს სამართლებრივ დავას. გვერდწითელი და ოქროპირიძე სააპელაციოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ უზენაეს სასამართლოში, ახალკაცი და ამბროლაძე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

დავით გვერდწითელის დედა, ქალბატონი ირმა ერთი გარემოებაზეც საუბრობს, რომელსაც ალბათ უზენაესში დააყენებს მათი  ადვოკატი: `ჩვენი მანქანა, რომლითაც დათო გაიტაცეს, ისევ პოლიციის ეზოში აყენია. მე ოფიციალური წერილით მივმართე სამმართველოს და ვთხოვე მანქანის დაბრუნება, რადგან ყაჩაღობის მუხლი არ არსებობს საქმეში. მათ კი სასამართლოს გადაწყვეტილებები მოიშველიეს და უარი მითხრეს. მანქანა თურმე, როგორც სანთებელა, სადღაც ოდესღაც მოპარული მონიტორი, კიდევ რაღაც ნივთმტკიცებანი, ყაჩაღობის დანაშაულის გახსნამდე უნდა ინახებოდეს პოლიციაშიო. თუ ყაჩაღობის ბრალი თვითონ მოუხსნეს და დათო მხოლოდ იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის ზის ციხეში, რატომ მანქანასაც არ მიბრუნებენ?~

_ ქალბატონო ირმა, იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ როგორ დააკავეს თქვენი ვაჟი?

_ 2012 წლის 25 მარტს, საღამოს საათებში, ჩემი შვილი, დავით გვერდწითელი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა  რამდენიმე პირმა გაიტაცა, ჩვენივე სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. საკუთარი ავტომობილიდან გადმოსული ჩემი შვილი უცნობმა პიროვნებამ დააკავა, ხელბორკილი დაადო და ყველანაირი პროცესუალური ქმედებების გარეშე საკუთარ მანქანაში უნდა ჩაესვა. სანამ მას მანქანაში მოათავსებდნენ, წელში ორად მოხრილმა, თავდახრილმა დათომ დაინახა თუ როგორ მოუახლოვდა მას და მის დამკავებელს უცნობი, რომლის მხოლოდ ხელ-ფეხს ხედავდა, მას ხელში ეჭირა გადაჭრილი თოფი და დათოს დამკავებელს ჰკითხა: `ეს სად წავიღოვო..~ დამკავებელმა კი უპასუხა: „მანდ სადმე დააგდეო.“ ამის შემდეგ ზემოთ ხსენებული იარაღი, დათოს მანქანაში, წინა სავარძლის ხალიჩაზე დააგდეს. დათო საკუთარ მანქანაში ჩატენეს, ორივე გვერდით მიუსხდნენ, საჭესთან კიდევ ერთი პირი დაჯდა და სასწრაფოდ გაუჩინარდნენ.

_ ვინმე შეესწრო დაკავების მომენტს?

_ ამ ფაქტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მათ მშორის ჩემი უფროსი ვაჟი გიორგი გვერდწითელი და . ოგიაშვილი. ოგიაშვილი შემდეგში სასამართლოში დაცვის მხარის მოწმედაც იყო გამოყვანილი, სადაც დაადასტურა დაკავების ფაქტი, მაგრამ სასამართლომ მისი ჩვენება არ გაითვალისწინა.

_ სად წაიყვანეს თქვენი შვილი?

_ რამდენიმე საათის განმავლობაში ვეძებდით დათოს უშედეგოდ ხან საპატრულოში, ხან პოლიციაში, ხან საავადმყოფოში.   ყველგან გვპასუხობდნენ, ასეთი გვარით არავინ შემოუყვანიათო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავაჟღერე, რომ მედიაში განვაცხადებდი და ამ ფაქტს მივცემდი გატაცების კვალიფიკაციას, შემატყობინეს ჩემი შვილის ადგილ-სამყოფელი. დათო ქალაქის პოლიციის სამმართველოში ჰყოლიათ. მომენტალურად ავიყვანე ადვოკატი, მაგრამ მისი დასწრების გარეშე დათო ერთ ღამეში ოთხჯერ დაკითხეს (დაკითხვის მანერა საზოგადოებისთვის ცნობილია) და საბოლოოდ გაუსაძლისი ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად პოლიციისთვის სასურველი ჩვენება მიიღეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოშივე შედგა ოქმი, სადაც მითითებული იყო, რომ დავით გვერდწითელი დააკავეს არა საკუთარ ბინასთან, არამედ სხვაგან, ცაბაძის ქუჩაზე, რომ იგი საკუთარი მანქანით კი არ გაიტაცეს ხელბორკილდადებული, არამედ ცაბაძის ქუჩაზე გაუჩერებია მანქანა, გადმოსულა და გაურკვეველი მიმართულებით გაქცეული შეიპყრეს. დაკავების მომენტში კი, ის პოლიციის მიერ ჩაგდებული გადაჭრილი თოფი, დათოს ვითომ შარვალში ჰქონია გაჩრილი და ისე მირბოდა. ამ უაზრო და აბსურდულ ბრალდებას კიდევ ერთი დეტალი მიაწერეს. თითქოს ჩემი შვილის მანქანაში, რომელიც ოქმით ცაბაძის ქუჩაზე იყო მიტოვებული, აღმოჩნდა სამი წლის წინ მოპარული მონიტორი. ზემოთ ხსენებულ ოქმს ხელს აწერდა სამი პილიციელი: . თაყაძე, . კობალაძე და . სვიანაძე. სინამდვილეში არც ერთი მათგანი დაკავებას არ ესწრებოდა. მათ ყალბ ოქმზე მოაწერინეს ხელი. ასე მოხდა ჩემი 22 წლის შვილის წინააღმდეგ საქმის შეკერვა, რომელსაც მიუყენეს ყაჩაღობის მუხლი. ყაჩაღობის, რომელიც იარაღის ჩადებით იყო გამაგრებული. თითქოს დაკავების მომენტში დათო იარაღით აღჭურვილი კვლავ საყაჩაღოდ მიდიოდა.

_ როგორ მოიპოვეს ასეთ მოკლე ხანში თქვენი შვილისგან აღარებითი ჩვენება?

_ ფიზიკური და მორალური ზეწოლით. ფიზიკურით რომ ვერ მიაღწიეს საწადელს, ჩემი უფროსი ვაჟით დააშანტაჟეს. კერძოდ, როდესაც ჩემი უფროსი ვაჟი თავისი ძმის მოსაკითხად მივიდა პოლიციის სამმართველოში, მეორე სართულზე დათოსდაკითხვამიმდინარეობდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა გადაახედა იგი ფანჯრიდან, მიუთითა შენობაში შემავალ ძმაზე და უთხრა: „ხედავ შენს ძმას, ახლავე ამოვაყვანინებ და მეოთხე კაცად მოგისვამთო. ან აღიარე ყაჩაღობა ან შენი ძმაც შენს დღეში ჩავარდებაო.“ პარალელურად ცხვირწინ დაუდეს ნარკოტიკებით სავსე შეკვრა, რომელიც მისი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჩემი უფროსი ვაჟის ჯიბეში აღმოჩნდებოდა. სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც ჩემმა შვილმა უთხრა: „მე არარსებულს ვერ შევთხზავ, დაწერეთ რაც გინდათ და ხელს მოგიწერთო.“ სასწრაფოდ შემოუტანეს პოლიციისათვის სასურველი ტექსტი, რომელიც შემდგომში სუფლიორების მეშვეობით ტელეკამერების წინ რამდენჯერმე გაამეორებინეს (ყაჩაღობის მარშრუტები, გეგმები, სქემები). ამ რამდენიმე დუბლიდანსაუკეთესოშეარჩიეს და ორი დღის განმავლობაში სახელისუფლებო ტელევიზიების ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებები ამ კადრებს ატრიალებდნენ. სასამართლოს განაჩენამდე ჩემი შვილი და მისი მეგობრები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ყაჩაღებად შერაცხეს. უდანაშაულობის პრეზუმცია ლიტონ სიტყვებად დარჩა მხოლოდ. როდესაც ჩემს ადვოკატს, ილია თაყაძეს, დავურეკე და მოვთხოვე ჩემი შვილის უფლებების დაცვა, ასეთი პასუხი გამცა: „ეს მხოლოდ პიარისათვის სჭირდებათო.“

_ თუ ჩატარდა რაიმე სახის ექსპერტიზა? რა მტკიცებულებები არსებობს თქვენი შვილის საწინააღმდეგოდ?

_ პოლიციას არანაირი ბოჭკოვანი, დაქტილოსკოპიური და მეტალოგრაფიული ექსპერტიზა, რომელიც გვიჩვენებდა იმ იარაღის კავშირს ჩემს შვილთან, არ ჩაუტარებია. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ აღნიშნული იარაღი ჩემი შვილის კუთვნილებას წარმოადგენდა, ან რაიმე კავშირში იყო მასთან (ვგულისხმობ დათოს თითის ანაბეჭდებს ან მეტალის კვალს მის სამოსზე). მხოლოდ დაინტერესებული მხარის მოწმე პოლიციელების ჩვენებით იკვეთებოდა ჩემი შვილის კავშირი იარაღთან. არანაირი სხვა მიუკერძოებელი მოწმე ბრალდებას არ წარმოუდგენია.

_ რა სასჯელს ითვალისწინებდა წაყენებული ბრალდება?

_ სასჯელის ზომა მინიმუმ 25 წელი იყო. ჩვენ მხოლოდ სასჯელის შესამსუბუქებლად დანაშაულის აღიარება გვრჩებოდა გამოსავლად. ამან მე და ჩემი ოჯახი მორალურად გაგვანადგურა. მე გორის მე-5 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობა დავტოვე, დავტოვე არა მარტო სამსახური, არამედ ქალაქიც.

_ თქვენს შვილთან ერთად კიდევ ვინ დააპატიმრეს?

_ ჩემი შვილის გატაცების პარალელურად სოფელ ბერბუკში მოხდა ლევან ახალკაცის დაპატიმრება. მას გზაზე დახვდა ორი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომლებმაც სცადეს მისი მანქანაში შეთრევა. ახალკაცმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროს ერთ-ერთმა უცნობმა მას ბარძაყის არეში შპრიცით რაღაც ინექციის გაკეთება დაუპირა.. ლევანმა მოასწრო, ამოიძრო შპრიცი და შორს მოისროლა. ამის შემდეგ, დარწმუნდნენ რომ კარგად ვერ შეუყვანეს ინექცია, ხელბორკილდადებული ლევანი მანქანის უკანა სავარძელზე გულაღმა გადააწვინეს, ცხვირზე ხელის მოჭერით პირი გააღებინეს და წამლის გემოს მქონე უცნობი ფხვნილი ჩააყარეს. ლევანმა სცადა ამოღება, მაგრამ რაღაც დოზა მაინც მოხვდა მის ორგანიზმში. ამის შემდეგ იგი წაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც ნარკოტიკული თრობის ფაქტი დაუფიქსირეს. მოახდინეს ახალკაცის ბინის ჩხრეკა, სადაც თითქოს და გადაჭრილი თოფი აღმოუჩინეს. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, გელა ოქროპირიძეს, იგიც აბსურდული მიზეზით დააკავეს. გელა ჩემი შვილის ამბის და ადგილსამყოფელის გასაგებად ჩემი სახლისკენ მოემართებოდა, როდესაც რამდენიმე პიროვნებამ ჩემს ბინასთან მოახლოებული დააკავეს. არც გელას დაკავების დროს გამოუყენებიათ პროცესუალური ნორმები. ყველანაირი ჩხრეკისა და ოქმის გაფორმების გარეშე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს გელას მჭიდროდ მომდგარი ტყავის ქურთუკის ქვეშ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს 30 ვაზნით. სინამდვილეში მსგავსი არაფერი ჰქონია ჩემთან მომავალ გელას. არც ახალკაცს და არც გელა ოქროპირიძეს აღიარებითი ჩვენება არ მიუციათ. რაც შეეხება ჩემს შვილს, მან სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა პირვანდელ ჩვენებაზე, მიუთითა რომ მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით მიაცემინეს ის.

_ დააკავეს მეოთხე პიროვნებაც...

_ ამის შემდეგ პოლიცია-პროკურატურის დღის წესრიგში მეოთხე კაცის დაკავების საკითხი დადგა, რათა ახლა მისგან მოეპოვებინათ აღიარებითი ჩვენება. ასეთად რევაზ ამბროლაძე მიიჩნიეს. 23 წლის რეზო ჯარიდან, სამსახურიდან მომავალი აიყვანეს სამეფო ქუჩაზე და დაკავების პროცესში მას, ისევე როგორც დანარჩენებს, ვითომდა ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა სამხედრო ფორმაში. რეზო პირდაპირ პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს და იქ აჩვენეს იარაღი და ნარკოტიკი, რომელიც თითქოს მისი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც სიძის დაჭერით დაემუქრნენ. წარმოუდგენელი იყო ჯარიდან მონიტორულ კონტროლზე გამოვლილ რეზოს იარაღი და ნარკოტიკი ჰქონოდა თან. ესეც მორიგი აბსურდული ბრალდება. რეზოსგანაც მიიღეს აღიარებითი ჩვენება. სასამართლოზე ამბროლაძემაც უარყო თავის პირვანდელი ჩვენება და განაცხადა რომ ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით მიაცემინეს.

_ სასამართლო პროცესზე რა მოხდა?

_ ათთვიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში პროკურატურამ არაერთი მოწმე პოლიციელი დაკითხა. ერთ-ერთ პოლიციელს, კობა კობალაძეს, რომელიც სასამართლოზე ფიცის ქვეშ ამტკიცებდა, მე დავაკავე დავით გვარდწითელი, ჩხრეკვისას იარაღი აგმოვუჩინეო, დაუსვევს კითხვა _ „ამ ოთხი ბრალდებულიდან რომელია დავით გვერდწითელიო..“ კობალაძემ ჩემი შვილი ვერ ამოიცნო და თქვა: „მე რა ვიცი, ისე ძალიან გვანან ერთმანეთსო..“ ამ დროს არანაირი მსგავსება ოთხ ბალდებულს შორის არ არსებობს. კობალაძის ეს სიტყვები სასამართლოს ოქმში ამ სახით არ მოხვედრილა. მდივანმა ამის თაობაზე პასუხი ვერ გაგვცა. სააპელაციო სასამარლოზე კი კობალაძის, როგორც მოწმის სახელი არსად გამოჩენილა. ასეთი უსუსური ბრალდებების გამო, საბოლოო ჯამში, პროკურატურა იძულებული შეიქმნა თვითონვე მოეხსნა ყაჩაღობის ბრალდება ოთხივე ბრალდებულზე. საქმიდან ამოიღეს მონიტორი, რომელიც ყაჩაღობასთან კავშირის ერთადერთი უხეირო რგოლი იყო. ჩემს შვილს ბრალად დაუტოვეს მხოლოდ იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარება. ესე იგი ეს ოთხი ბრალდებული, რომლებიც თითქმის მთელი წელი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში როგორც ყაჩაღები ისე ისხდნენ და წარმოიდგინეთ რა დღეში იყვნენ, რას განიცდიდნენ, აღმოჩნდა რომ თურმე სულაც არ ყოფილან ყაჩაღები. მაგრამ კობალაძისნაირი მოწმე პოლიციელების ჩვენების საფუძველზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ისევ ცრუ ბრალდებების საფუძველზე მაინც ჩამოურიგა წლები: ახალკაცს 12; გვერდწითელს 9,11; ოქროპირიძეს 9; ამბროლაძეს 8.

_ საბოლოო ჯამში სააპელაციო სასამართლომ რამდენი მიუსაჯა თქვენს შვილს?

_ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ოთხივე მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც ერთ-ერთ მოსამართლედ გვირგვლიანის საქმის მოსამართლე - გიორგი ჩემია გახლდათ. მოსამართლეთა შემადგენლობამ: . ჩემია, . ლომთათიძე, . ხოლუაშვილმა არ დააკმაყოფილა ჩემი შვილის და . ოქროპირიძის შუამდგომლობა გამამართლებელი განაჩენის შესახებ. ჩემს შვილს, ამინისტიის გათვალისწინებით ოთხნახევარი, ხოლო . ოქროპირიძეს 3 წელი მიუსაჯეს, იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისათვის. ხოლო ახალკაცისა და ამბროლაძის შუამდგომლობა გამამართლებელ განაჩენზე დაკმაყოფილებული იქნა. ისინი სასამართლოს დარბაზიდან სამართლიანად იქნენ გათავისუფლებულები. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან უდანაშაულოდ ისჯებოდნენ. მაგრამ ასევე უდანაშაულო გვერდწითელი და ოქროპირიძეც იმსახურებდნენ გამამართლებელ განაჩენს, მაგრამმაინც კვლავ რჩებიან პატიმრობაში.

_ რატომ მიიღო სააპელაციომ ბრალდებულთა მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებები?

_ ამის შესახებ მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება გამაჩნია. ამბროლაძის და ახალკაცის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს არ გამოუყვანია მოწმე პოლიციელები სასამართლოზე. ხოლო გვერდწითელსა და ოქროპირიძესდამკავებელიმოწმე-პოლიციელები დაუპირისპირეს. ჩემს შვილს ზემოთ ხსენებული პოლიციელები, ხოლო ოქროპირიძეს კი მხოლოდ პოლიციელი - მიხეილ პაპელიშვილი. მტკიცებულებად მხოლოდ მათი ჩვენებები მიიჩნიეს. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ჩემი შვილი და ოქროპირიძე არ გაამართლეს. ამისათვის მინიმუმ სამ-სამი პოლიციელი მაინც უნდა მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ჩვენებისა და საქმის გაყალბებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროინდელი ქალაქის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ლევან ქირია, მსგავსი ქმედებებისათვის უკვე იხდის 14_წლიან სასჯელს. უსაფუძვლო ბრალდებით ჩემი შვილი და მისი მეგობარი ოქროპირიძე უკვე წელიწადზე მეტია სხედან ციხეში. გადაიტანეს საშინელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. მე და ჩემთან ერთად . ოქროპირიძის დედა, დიანა შაბანოვა ვითხოვთ კანონიერ, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი

შვილების მიმართ გამამართლებელ განაჩენს.

_ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ არიან ჩართული სასამართლო პროცესში?

_ ჩვენი საქმით თავიდანვე დაინტერესებული იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. თუ უზენაესი სასიკეთოდ არ გადაწყვეტს ამ საკითხს, ეს ორგანიზაცია თვითონ მიხედავს. გვითხრეს, რომ უზენაესის ინსტანციის გავლა აუცილებელია.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ ლევან ახალკაცი და რევაზ ამბროლაძე გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ბრალდებულად იქნენ ცნობილი და ლევან ახალკაცს სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა 12 წლით და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რევაზ ამბროლაძეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ანუ იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და 260 მუხლის პირველი ნაწილით-ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა).

თამარ თედლიაშვილი, ლევან ახალკაცის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამამართლებელი განაჩენით დასრულდა:

_ ლევანის ბრალდებები: იარაღის უკანონო ტარება გადაჭრილი თოფი, ვაზნით 236- მუხლი, ნარკოტიკული საშუალება `ჰეროინი” 260- მუხლის 2- ნაწილი და თავიდან, დაკავებიდან ჰქონდა წარდგენილი 239- მუხლი _ ყაჩაღობა და 143- მუხლი _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა. 11 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პროკურორმა ირაკლი შანიძემ მოხსნა 239- და 143- მუხლები და დატოვა 260- და 236-.

_ როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?

_ პროცესზე არ დაკითხულა ახალკაცის ეპიზოდში მოწმე პოლიციელები და დაიკითხა დაცვის მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ლევანი მანქანით წაიყვანეს ბერბუკიდან და არა ვერხვების დასახლებიდან, როგორც ამას წერდნენ პოლიციელები. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა (რომელიც დამსახურებისათვის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი და ახალაიას პროცესს უძღვება) ჩათვალა რომ ბრალდება საკმარისია ახალკაცისთვის გამამტყუნებელი განაჩენის განსაზღვრისთვის და მიუსაჯა 10 წელი, ამას დაემატა პირობითი 2 წელი და 8 თვე (წარსულშიც გაფაქტული იყო იარაღით ქარელში და პროკურორი იქაც ირაკლი შანიძე იყო) და საბოლოოდ 12 წელი და 8 თვე. შანიძე ამჟამად ხაშურის რაიონული პროკურორია. აქ საყურადღებოა მოტივი, რითიც დაასაბუთა მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომ იზიარებს პოლიციელთა ჩვენებებს და არ იზიარებს დაცვის მოწმეების ჩვენებებს. განაჩენიდან ვციტირებ: `სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მოხელეებს, კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვთ საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესების და კანონის მოთხოვნათა დაცვის უფლებამოსილება, რაც პოლიციის თანამშრომლებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იყვნენ მიუკერძოებელნი, იმოქმედონ კეთილსინდისიერად და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განახორციელონ კანონის ფარგლებში”(!!!!). ესაა დასაბუთება მგელიაშვილის განაჩენის.

_ სააპელაციოში?

_ განაჩენი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, იმ მოტივით რომ ვინაიდან არ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეზე არ იყო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს .. საქმეთა კოლეგიამ (მზია ლომთათიძე, მარინა ხოლოაშვილი, გიორგი ჩემია) ლევან ახალკაცის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი 2013 წლის 18 მარტს დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

გვესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე:

_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განაჩენით გამართლებულნი იქნენ წარდგენილ ბრალდებაში და სხდომათა დარბაზიდან განთავისუფლდნენ. ლევან ახალკაცი და რევაზ ამბროლაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფობოდნენ 2012 წლის 26 მარტიდან ანუ თითქმის ერთი წელი. ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამის ორგანოებს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, რაც დაკავშირებულია მათ უკანონო პატიმრობასთან და თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული მივმართავთ სასამართლოს. ორივე პირი უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმყოფობეოდნენ საპყრობილეში არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში. სამწუხაროდ, ყველა ის პოლიციელი, ვინც უკანონობა ჩაიდინა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაპატიმრა ლევან ახალკაცი და რევაზ ამბროლაძე, დღეს ისევ პოლიციაში მუშაობს და არ დასჯილა იმ უკანონობის გამო, რაც მათ ჩაიდინეს და რომლის თანახმადაც ორი ადამიანი ხანგრძლივი ვადით უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, ასევე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და პროცესზე გამომსვლელი პროკურორიც ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. არსებობს საშიშროება, რომ ეს ადამიანები სხვათა მიმართაც იგივე უკანონობას განახორციელებენ, როგორც ამ ორი ადამიანის მიმართ განახორციელეს. `ხალხის გაზეთმა~ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს რევაზ რევაზაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა.

_ ბატონო რევაზ, პროკურატურამ ბრალდებულებს თუ მოუხსნა ყაჩაღობის მუხლი, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბრალდების ვარაუდით გამოიყენებოდა ყაჩაღობის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს თუ არა პატრონს? კანონიერია თუ არა, რომ ავტომობილს არ უბრუნებენ?

_ ეს არის, რა თქმა უნდა, უკანონო. თუ ბრალი ედებოდა ყაჩაღობაში და პროკურატურამ მოუხსნა ეს ბრალდება, თავისთავად ცხადია, რომ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაკავშირებული იყო აღნიშნულ ბრალდებასთან, უნდა დაუბრუნდეს პატრონს. საერთოდ, რაიონულ სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ საკითხზეც, თუ გამოძიებამ ეს ავტომობილი ამოიღო, როგორც ყაჩაღობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცება, სასამართლოს ავტომატურად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ მოხდა,

ეს არის სასამართლო ხარვეზი და დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს ავტომობილის დაბრუნების მოთხოვნით.

_ პატიმრობაში მყოფი პიროვნების ახლობლები აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში სისტემატურად ხდებოდა ეჭვმიტანილის დაკითხვა ღამის საათებში, ზოგჯერ რამდენჯერმე. ეს საკითხი როგორ რეგულირდება კანონმდებლობით?

_ ღამის საათებში დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე, კონკრეტულად ამ თემაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა კანონში ცალსახადაა აღნიშნული, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ღამით, უნდა არსებობდეს ამის გადაუდებელი აუცილებლობა. თუ ამის აუცილებლობა არ იყო, ეს, თავისთავად, არის უკანონობა. ასეთი ქმედება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისაღები ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს. საერთოდ კანონში ცალსახადაა გაწერილი რას გულისხმობს `გადაუდებელი აუცილებლობა~.

_ თუ მსჯავრდებულებმა გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები გაამართლა, თუ დგება იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი ვისი ჩვენებების საფუძველზეც სასამართლოს მიერ მოხდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

_ ზოგადად, როცა პიროვნება წარდგენილ ბრალდებაში მართლდება, ეს, ავტომატურად, არ ნიშნავს, რომ პოლიციელი სამართლებრივად უნდა გამტყუნდეს. გააჩნია სიტუაციას, რა გარემოებებში გამართლდა. სასამართლომ უნდა დაადგინოს პოლიციელთა მიერ მიცემული ჩვენებები იყო რეალური თუ არა, ხომ არ იყო მიცემული ჩვენებები მოგონილი, ზუსტად ასახავს თუ არა საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს. თუ აღმოჩნდება, რომ მიცემულია შეგნებულად არასწორი ჩვენება, ამ შემთხვევაში, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. გარდა ამისა, შესაძლებელია, ეს მოხდეს სასამართლოს მეშვეობითაც, თუ ჩათვალა, რომ ჩადენილია სამოხელეო დანაშაული, შეგნებულადაა მიცემული არასწორი ჩვენება, სასამართლო უგზავნის პროკურატურას მოთხოვნას _ დაიწყონ გამოძიება, შეამოწმონ ამ ფაქტის კანონიერება. თუმცა ასეთ შემთხვევაში სასამართლო არანაირ ზედამხედველობას არ ახორციელებს გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე.

 

რეზო ოქრუაშვილი

`ხალხის გაზეთი~


რეზო ოქრუაშვილი
25.06.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
23-11-2017
2.7137   0.0077
3.1897   0.0131
3.5943   0.0116
4.6071   0.0539
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 7 °C
ღამით + 1 °C -1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.