მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ტრადიციული დოღი ბახმაროში

კურორტ "ბახმაროში" გამართულ ტრადიციულ დოღს ათი ათასზე მეტი დამსვენებელი და უცხოელი სტუმარი ესწრებოდა.

"ბახმაროში" დოღი, რომელიც ყოველწელს ფერიცვალების დღესასწაულს ემთხვევა წლევანდელ სეზონზე გამორჩეულად სადღესასწაულო ხასიათს ატარებდა. სპეციალურად ამ დღეს "ბახმაროს", ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პარფილოვი და პარლამენტის ვიცე სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი, პოლონელი და ამერიკელი სტუმრები ეწვივნენ.

 19 აგვისტოს, ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულზე, კურორტ "ბახმაროში" 1 წლიანი პაუზის შემდეგ "დოღი 2009" ყველა დანარჩენ წელთან შედარებით საკმაოდ მასშტაბური, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო. ტრადიციულ შეჯიბრს დოღში და მარულაში, რომელიც ერთიდან ხუთ კილომეტრიან დისტანციებზე მოეწყო, ბევრი უცხოელი ტურისტი, ევროკავშირის წარმომადგენლები, ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი და ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

 ორ ეტაპად გამართულ შეჯიბრში ჯერ ჩვეულებრივი, შემდეგ კი ჯიშიანი, სუფთა სისხლის ცხენები გამოიყვანეს. პირველობისთვის ბრძოლაში წარმატებებს ჩოხატაურელმა და ხულოელმა მხედრებმა მიაღწიეს. ტრადიციული შეჯიბრის გამართვას წინ მთელი რიგი ღონისძიებები უძღოდა. ჩოხატაურში არსებული ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლას, ყოფილი "ჯეოსტარელის" დიტო ქისიშვილის სიმღერა მოჰყვა ხევსურეთზე. საზეიმო კონცერტს სპორტული, საჩვენებელი გამოსვლები მოჰყვა კარატესა და მკლავჭიდში. ამ დღეს "ყავა პელემ" სპეციალურად ღონისძიების მაყურებლებისათვის უფასო აქცია გამართა და მსურველებს ყავაზე ეპატიჯებოდა. "ბახმაროში" სტუმრად მყოფმა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა კი, ჟურნალისტებთან განცხადება იმ მილიონ ნახევრიან პროექტზე გააკეთა, რაც "ბახმაროს" გზებზე გაბიონების მშენებლობას ითვალისწინებს. გურული ტრადიციული დოღი, რომელსაც საფუძველი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, ყოველწლიურად საეკლესიო დღესასწაულზე, ფერიცვალობას იმართება. წლევანდელი დოღი გამორჩეული იმითაც იყო, რომ წელს, ამ სპორტული ღონისძიების არსებობის 150 წლის იუბილეც აღნიშნეს. დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებამდე დილით ბახმაროს ფერიცვალობის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ტრადიციულად მეუფე იოსებმა აღავლინა.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ წელს "ბახმაროში" ტრადიციული დოღი მაღალ დონეზე ჩატარდა. ამ დღეს ყველა კმაყოფილებას გამოხატავდა და აღნიშნავდა, რომ გურული ტრადიციის გაგრძელებით დიდი საქმე კეთდება. 

მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის ვიცე სპიკერი: "უკვე მეორედ ვარ "ბახმაროში", პირველად როცა ეკლესია გაიხსნა მაშინ ვიყავი. მიხარია, რომ ამდენი დამსვენებელი და სტუმარი ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. ძალიან კარგია რომ ტრადიცია გრძელდება და ხალხი თვლის თავს ვალდებულად ამოვიდეს ამ დღეს "ბახმაროში" და დოღს დაესწროს. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის აუცილებელი პირობები შევქმნათ, რაც საჭირო არის "კურორტის" არსებობისთვის."

რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე: "პირველ რიგში მინდა ჩემს საყვარელ გურულებს და მთელ საქართველოს მივულოცო ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაული. ძალიან ლამაზია ამ დღეს "ბახმარო". დოღი ტრადიციად იქცა. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ფეხზე დადგომის კვალობაზე კურორტი "ბახმარო" საერთაშორისო მასშტაბის სახელს დაიმკვიდრებს, ამისთვის სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ბახმაროში დოღის ჩატარება, ეს არის ყველა გურულის სისხლში გამჯდარი ცხოვრების წესი და მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება. ასეთი დღესასწაულები ყველა რეგიონში უნდა ტარდებოდეს მტრის ჯინაზე."

ვალერი ჩიტაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში: "უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს, რომ მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო ყველა გურულს და არა მარტო მათ დღევანდელი დღე, ეს ზეიმი. "ბახმაროში" დოღის ჩატარებით დიდი საქმე კეთდება, იმიტომ, რომ ტრადიცია გრძელდება. ე.ი ერი ცოცხლობს არა მარტო აწყმოთი და მომავლით, არამედ წარსულითაც. საერთო გლობალიზაციის პირობებში, როცა მტერი გვიტევს, ჩვენ სხვა გზა არ დაგვჩენია, თუ არ გავარგძელეთ ტრადიცია. ბახმაროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და გავაკეთებთ. უკვე შემუშავებულია "ბახმაროს" კურორტის განვითარების გეგმა და სულ მალე ეს კურორტი სამთო-სათხილამურო და საერთაშორისო დონის გახდება."

ანტონ ხუნდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: "პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დღესასწაულს. გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო ვერ ჩავატარეთ დოღი. წელს შევეცადეთ მოკრძალებულად ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება და მომავალში ვაპირებთ უფრო მასშტაბურად მოწყობას. მიხარია რომ, დღეს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვეწვია, პოლონეთიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან." 


გიორგი სირაძე
25.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 33 °C + 35 °C
ღამით + 20 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.