|
ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ტელეარხ 25“ –ის პროცესი დაასრულა. ამ მედიასაშუალებასა და აჭარის შემოსავლების სამსახურს შორის დავა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და მან თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა.
შემოსავლების სამსახური ტელეარხისაგან ასლანტ აბაშიძის დროს დაგროვილი დავალიანების გადახდას მოითხოვს, თუმცა როგორც 25-ე არხის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე ამბობს ამ დროს არხს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან დაახლოებული პირები მართავდნენ.
რევოლუციის შემდეგ ტელევიზიაში ვითარება შეიცვალა და იგი კვლავ მის დამფუძნებელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ აჭარის შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების დაფარვის მოთხოვნითა და შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო კიდეც.
გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში და 2008 წლის აპრილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მან შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტი ბათილად ცნო.
ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ აჭარის შემოსავლების სამსახურს ახალი აქტის მიღება დაავალა, თუმცა აღნიშნულმა სამსახურმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა.
შემდეგი პროცესების შემდეგ მოსამართლემ ტელეკომპანიას დავალიანების გადახდა დააკისრა და ეს თანხა 277 ათას 247 ლარს შეადგენს.
მედიასაშუალების დამფუძნებელს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 14 დღიანი ვადა აქვს.
16.10.2009 |