|
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასებისას, კრიტერიუმებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ქრონიკული დაავადებებიც განისაზღვრა. ახალ მეთოდიკაზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ამ დღეებში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მეთოდიკის ცვლილებები პარალელურ რეჟიმში უკვე ძალაში შედის, თუმცა, საბოლოოდ მიმდინარე წლის 1 ივლისს განხორციელდება.
კრიტერიუმებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად ოჯახში ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის არსებობა დასახელდა და ითქვა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისას, ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამასთან, „ყბადაღებული“ თემა მაცივრებთან, კბილის ჯაგრისებსა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებთან დაკავშირებით, მოიხსნება. ამიერიდან, მნიშვნელობა მიენიჭება არა ყოველდღიური მოხმარების, არამედ ისეთ საგნებს, როგორებიც არის ძვირადღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა და ასე შემდეგ. ამასთან, გათვალისწინებული იქნება, არის თუ არა ესა თუ ის ნივთი იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მტკიცებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმებში ცვლილება მიზნად არ ისახავს ბაზის გაზრდას. არამედ, იგი ტარდება შეფასების სრულყოფის მიზნით და ამას შესაძლოა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც კი მოჰყვეს
სიახლეა ისიც, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახში დაბადებულ ბავშვებს დაბადებისთანავე დააზღვევენ. რაც შეეხება ღარიბი ოჯახების შეფასებას, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობებიც. ამასთან, ოჯახს დეკლარაციის შევსების შემდეგ ხარვეზის გამოსასწორებლად სამთვიანი ვადაც მიეცემა, რათა ელემენტარული მიზეზის გამო, მისთვის დახმარების გაცემა არ შეფერხდეს.
სამედიცინო მომსახურების საგენტო ყველა სოციალურ აგენტს მკაცრად გააკონტროლებს, რათა ისინი კორუფციულ გარიგებაში არ შევიდნენ ოჯახებთან და თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ.
06.05.2010 |