მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"ოპოზიცია ჩაიციკლა სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნაზე"

ქართულ მედიაში ანალიტიკური სტატიები არააო, დაიჩივლა ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. ამ ხარვეზის აღმოფხვრას არ დავიჩემებთ, მაგრამ მისი ეს ნაუბარი დღევანდელი ვითარების ანალიტიკური მიმოხილვაა და მას დიალოგის რეჟიმში შემოგთავაზებთ. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ამ მრავლისმნახველი რესპონდენტის აზრი, რომლის გამოთქმაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ვთხოვეთ. ამ დღეების საქართველოში ხომ სწორედ ეს ვიზიტია მთავარი პოლიტიკური მოვლენა და მისთვის ორად გახლეჩილი ქართული პოლიტიკური სპექტრი თავისებურად ემზადება. ხელისუფლების სამზადისი დემოკრატიის ნიღაბის მორგებაა და საამისოდ პრეზიდენტი სასწრაფოდ პარლამენტშიც კი მივიდა დებატებზე, ოპოზიცია კი თავისი წარუმატებლობის ხელისუფლებაზე გადაბრალებას ეცდება. კაცმა რომ თქვას, ერთმანეთზე სასაყვედურო ორივეს ბევრი აქვს, მაგრამ ორივეზე გაცილებით მეტი სამდურავი რიგით მოქალაქეებს დაუგროვდათ, თუმცა მათ, როგორც წესი, ამ ქვეყანაში არავინ უსმენს.

და მაინც - რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბაიდენის ვიზიტი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ჩამოსვლას, რატომ ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური ამინდი? ამის თაობაზე თავის აზრს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაგვაცნობს:
- ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლამ ყველა იმ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, რაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე წარმოიშვა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მოუთმენლად ელოდება როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიციაც. ხელისუფლება ელოდება იმიტომ, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აქ მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა და ისიც, რომ ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი რუსეთს საჩუქრად არ მიუტანს საქართველოსა და უკრაინას. ოპოზიცია აპირებს გრანდიოზული მიტინგის მოწყობას; უნდათ, დაარწმუნონ სააკაშვილის რეჟიმის არადემოკრატიულობაში. გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ბაიდენი მოიწონებს ქუჩების გადაკეტვას და იტყვის, რა კარგი იყო ეს საკნები და მიდით, ბიჭებოო. რასაკვირველია, ბაიდენი ხაზგასმით აღნიშნავს ძლიერი ოპოზიციის აუცილებლობას დემოკრატიული რეჟიმისათვის, მაგრამ საკითხავია, რა ხდება დღეს ქართულ რეალობაში? სამწუხაროდ, არც ქართულ პრესაში, არც უცხოურში და არც ქართულ აკადემიურ წრეებში შემხვედრია იმის ანალიზი, რა ხდება საქართველოში 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე, რა შედეგი გამოიღო ოპოზიციის ამ გენერალურმა შეტევამ ერთი კაცის - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ამ შემთხვევაში მე აკადემიური წრეების წარმომადგენლის პოზიციიდან ვილაპარაკებ და გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ იმის მიუხედავად, საქართველოში ძალზე ძლიერი მეცნიერული პოტენციალი არსებობს, მეტიც - გვაქვს პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც მოწოდებულია ანალიზისთვის, მაგრამ დღეს იგი დაკავებულია მხოლოდ ისტორიით. დღევანდელობის პოლიტიკურ-მეცნიერული ანალიზი სარისკო თემაა - აქ ყოველთვის შეიძლება რომელიმე მხარე გაანაწყენო, ვინაიდან არ არსებობს დემოკრატიული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში არსებობდეს - ჩრდილები ყველას აქვს. თავისუფალი მეცნიერების დეფიციტი სწორედ ისაა, რომ მეცნიერი, მით უფრო, თუ სახელმწიფო სამსახურშია, ამ თემას გაურბის და ყოველთვის მორიდებულია - არც ოპოზიციის განაწყენება უნდათ და არც ხელისუფლების. ქართული პრესა გაივსო ინტერვიუებით, ანალიტიკურ სტატიას კი სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით. ამიტომაცაა გაურკვევლობა ხალხში.

მოკლედ, ასეთი ვითარებაა - პრესა გადაერთო ინტერვიუებზე, რომელიც ბოლომდე ამომწურავი ვერ იქნება; აკადემიური წრეები და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი სდუმს, როგორც მამაცი პარტიზანი - დაკითხვაზე, როცა საკითხი ეხება თამნამედროვე პოლიტიკას. ამ დროს ანალიზს მოითხოვს, ოპოზიციის ამ ოთხთვიანი მართლაც გრანდიოზული აქციების მარგი ქმედების კოეფიციენტი რატომაა ნულის ტოლი? თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ ამ აქციებმა ხალხი გამოაღვიძა. რასაკვირველია, ამაში რაციონალური მარცვალი არის, მაგრამ ამ გამოსვლების მთავარი მიზანი ხალხის გამოღვიძება იყო თუ სხვა რამე? რა მივიღეთ მთავარი მიზნიდან? არც არაფერი - სააკაშვილი არ გადადგა და აგერ, რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნა ახალი რეზიდენცია. მას არც უფიქრია წასვლაზე და მეტიც - პირველად ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ოპოზიციაზე ძლიერი ნერვები აქვს. მისი პოზიცია ასეთი იყო - კი, ბატონო, გადაკეტეთ ქუჩებიო და ამ პროცესს ხელი არ შეუშალა, მაგრამ ვინ დაზარალდა ამით? ცხადია, უბრალო მოსახლეობა.

ოპოზიცია დღეს აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის წასვლის შემდეგ გახსნის რუსთაველს, მაგრამ თუ ჰგონია, ბაიდენი მისი გადაკეტვისთვის ტაშს დაუკრავს, ძალიან ცდება. ძალიან ხშირად ოპოზიცია ხელისუფლებას თავის მომხრეთა დევნას აბრალებს და 37-იანი წლების დაბრუნებაზე საუბრობს, მაგრამ საკმარისია ვინმემ, თუნდაც ჩემნაირმა ექსპერტმა მათ შეცდომებზე ილაპარაკოს, მაშინვე ხალხის მტრად აცხადებენ. ეს ძალზე ცუდია. ცუდია ისიც, რომ ჩვენთან ფორმალურად არსებობს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, მაგრამ, წესისამებრ, მათი სამიზნე მხოლოდ ხელისუფლებაა. არადა, დამოუკიდებელი ნიშნავს, რომ არც ერთს არ უნდა ემხრობოდე.

ჟურნალისტები ხშირად მეუბნებოდნენ, თქვენ ერთადერთი ნეიტრალური ხართო, რაზეც სულ ვეკამათებოდი, ნეიტრალური კი არა, ობიექტური ვარ-მეთქი. ერთხელ ასეთ კურიოზულ ვითარებაშიც აღმოვჩნდი - როგორც კი დავწერე, ოპოზიციას გეგმა და შედეგები გათვლილი არა აქვს-მეთქი, ერთმა, პირდაპირი გაგებით, მძიმეწონიანმა ოპოზიციონერმა მაშინვე თქვა, ცინცაძე დამოუკიდებელი კი არა, კვლავაც სააკაშვილის მრჩეველიაო. ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს თავად ხვდებიან პირზე კოცნით. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე სწორედ ასე ხვდებოდნენ მინისტრ იაკობაშვილს, რომელიც მე შორიდან მომესალმა და ახლოსაც ვერ მოვიდა. ეს მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ერთი კაცის ამოჩემება პოლიტიკა არაა. ეს ოთხთვიანი აქციები ოპოზიციისთვის წამგებიანი აღმოჩნდა - მას მომხრეები უმცირდება. მოაზროვნე საზოგადოება თანხვდება იმაში, რომ მათ არ ჰქონიათ სწორი გეგმა. თუ ვერ იმარჯვებ, ამას ამინდს და სხვა გარეშე ფაქტორებს ნუ დააბრალებ. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს 9 აპრილამდე ვეუბნებოდი, რომ მათი ტაქტიკა არ გაამართლებდა, სააკაშვილი არ გადადგებოდა და ქუჩის აქციები შედეგს არ მოიტანდა. ასევე სკეპტიკურად ვუყურებდი ოპოზიციის გაერთიანებას და თუ შევცდებოდი, პირველს მე გამიხარდებოდა, რაც, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა ექსპერტს საკუთარი შეცდომა უხარია. აგერ, უკვე ლევან გაჩეჩილაძემაც ორგანიზაცია დააარსა, რითაც ის ეფემერული ერთობაც კი დაიშალა - ცხადზე ცხადია, რომ მისი გაერთიანება პარტიად მოიაზრება, რაც ხვალ-ზეგ ოფიციალურადაც გაფორმდება. ჭაბუა ამირეჯიბის თავმჯდომარედ არჩევა არ ნიშნავს, რომ ის სახალხო ფრონტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავს გაერთიანებად დარჩება. სექტემბერში ყრილობასაც გეგმავენ, მაგრამ მისი სტადიონზე ჩატარება უცნაურად მეჩვენება - მსოფლიოში ასეთი ანალოგი არ ყოფილა. ფაქტია, ოპოზიცია დაიშალა და ყველა საკუთარი გზით წავიდა, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ერთი კლასიკური, დასავლური ყაიდის პარტიაც კი ვერ შეიქმნა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ისტორიისთვის მცირე, მაგრამ არცთუ ცოტა დრო - 20 წელიწადი გავიდა, ეს კი ერთი თაობაა. 30 წელიწადია არსებობს "რესპუბლიკური პარტია", რომელიც ინტელექტუალთა კლუბია მხოლოდ. მიაქციეთ ყურადღება - რატომ არ აანალიზებენ იმას, რომ ასეთ ინტელექტუალურ პარტიას დამოუკიდებლად ერთი არჩევნებიც არ მოუგია? ეს ფართო ანალიზს, დისკუსიას მოითხოვს. მე არ გამიგია, რომ რომელიმე პარტიაში შიდა დისკუსია გაიმართოს. ევროპაში, ამერიკაში ეს ყველა პარტიაში ხდება. ამერიკაში რომელიმე პარტია არჩევნებს რომ წააგებს, მაშინვე იწყება შიდა დისკუსია. ასეა ახლაც, როცა "რესპუბლიკელები" აანალიზებენ მარცხის მიზეზებს, უკვე ეძებენ პრეზიდენტ ბარაქ ობამას სუსტ წერტილებს და პოულობენ კიდეც... ჩვენში რატომღაც ეს არ არის. აქ მთელი ოპოზიცია ჩაიციკლა სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნაზე. ის მაინც წავა არჩევნებისას და ეს ფუჭი გასროლებია, ამ წლებს სააკაშვილის შემდგომი პერიოდისთვის მოსამზადებლად უნდა იყენებდეს ოპოზიცია, ახალ არჩევნებში კი მას მარაგში მხოლოდ ის იარაღი ექნება, რომლითაც სააკაშვილს ებრძოდა და არ ექნება ის იარაღი, რაც არჩევნებს მოაგებინებს. ეს ძალზე ცუდია. მხოლოდ კრიტიკაზე პოლიტიკას ვერ ააგებ. ხელისუფლების ნაკლოვანებებს ნებისმიერ ოპოზიციონერ ლიდერზე უკეთესად ნებისმიერი ქსენია-დიასახლისი ხედავს. ჩადით კახეთში, ქართლში, სხვაგანაც და ხელისუფლების ნაკლოვანებებს ნებისმიერი გლეხი ლიდერებზე უკეთესად გეტყვით, მაგრამ არც ამ ქსენია-დიასახლისმა და არც ამ გლეხმა არ იციან მდგომარეობიდან გამოსვლის გზები. ოპოზიციამ სწორედ ეს პროგრამა უნდა დადოს, მაგრამ პოლიტიკურ პროგრამებზე ქვეყანაში მოთხოვნილება არაა, ხალხი მათ არ კითხულობს. საინტერესოა, რომ როცა პოლიტიკურ პარტიებთან კამათისას პროგრამას მოვითხოვდი, მაშინვე გამოიღებდნენ უჯრიდან, მაგრამ, წესისამებრ, საზოგადოებაში ის წაკითხული არავის ჰქონდა. პრობლემაც ისაა, რომ ამ პროგრამების ნებისმიერ ოჯახში, ნებისმიერ ქსენია-დიასახლისთან და გლეხთან მიტანის მეთოდი არავის აქვს. ახლანდელი პარტიებიდან ბრწყინვალე სასტარტო პოზიცია ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ მერე მომხრეებმა მასზეც აიცრუეს გული. ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ყალბი დივიდენდი გაიცა - 9 აპრილს ხალხს გამოვიყვანთ და სააკაშვილი წავაო... შეიძლება, ეს დივიდენდი იმდენად არა ბურჯანაძის პარტიიდან, არამედ უფრო გაერთიანებული ოპოზიციიდან გაიცა, მაგრამ მაინც... პოლიტიკა ასეთ გულუბრყვილობას, ასეთ ინფანტილობას ვერ იტანს.


ირაკლი თავაძე
29.07.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიანიუსი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ukan
amindis prognozi
ოზურგეთი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.