|
7 აგვისტოს,
ჩოხატაურის რაიონულ
სასამართლოში უნდა გამართულიყო რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის მამუკა
ცინცაძის პროცესი.
იგი, 10 ივნისს,
საკუთარ საცხოვრებელ
სახლში დააკავეს
იარაღის უკანონო
შენახვა-შეძენის
ბრალდებით, რომელიც
ბინის ჩხრეკისას
ადგილობრივმა პოლიციამ
ამოიღო. სასამართლო
განხილვა უკვე მეორედ გადაიდო; ამჯერად, მიზეზი პროკურორის შვებულება გახლდათ. ჩოხატაურში, ამ სასამართლო განხილვის
გამო იმყოფებოდა
"რესპუბლიკური პარტიის"
ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი:
- დღეს, ყველგან - თბილისში, ხობში,
ხაშურში გადაიდო
მსგავსი პროცესები.
ჩოხატაურის ხელისუფლებამ
განსაკუთრებულად გამოიდო თავი, ეს უკვე მესამე
პოლიტიკური პროცესია.
პარალელურად, პროცესები
მიდის ხაშურში,
იქაც ასამართლებენ
ახალგაზრდული ორგანიზაციის
ლიდერს ჩხუბის
გამო. დანარჩენები
არის ძირითადად
ნარკოტიკისა და იარაღის ბრალდებით და ა.შ სულ 10 ადამიანია მარტო რესპუბლიკური პარტიიდან
პოლიტპატიმარი. ხელწერა
ყველგან ერთი და იგივეა - გამოგვაცხადეს
ტერორისტებად და ნარკომანებად. დღეს რომ პროცესი ყველგან
ერთდროულად გადაიდო,
ეს ადასტურებს
იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილი ამჟამად,
აი ამ ტალღაზე როგორ მოიქცეს, რამდენი მიუსაჯოს და რის საფუძველზე. როგორც
ჩოხატაურში, ასევე
სხვა რაიონებში
დღეს სასამართლო
პროცესზე არ გამოცხადდნენ პოლიციელი მოწმეები. სახუმარო იქნებოდა მძიმე ვითარება რომ არ იყოს ოზურგეთის
პროკურორის განცხადება: - ვინც უნდა ყოფილიყო პროკურორი, ის სამ აგვისტოს
შვებულებაში გავიდა,
ამიტომ მე მაქვს საქმე შესასწავლი
და ამისთვის
დრო მჭირდებაო.
წინასწარ მას არ შეუტყობინებია სასამართლოსთვის,
რომ საქმის
შესასწავლად დრო სჭირდებოდა - ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ დღეს მიიღო ყველა პროკურორმა
შეტყობინება, საქმე
გადადებულიყო.
ხელისუფლება, ბაიდენის
წასვლის შემდეგ,
ჯერჯერობით სათავისო
პოლიტიკას აგრძელებს:
ერთის მხრივ
რეპრესიები, ზოგან
მიუსაჯეს კიდეც,
ამის საუკეთესო
მაგალითია გოჩა ჯიქია - როგორც კი ის აქტიურად
გამოჩნდა აქციების
დროს, გაიხსენეს
წელიწადნახევრის წინ მომხდარი საქმე.
განსაკუთრებით მიუღებელი
აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის
ჯიქია, რადგან
საპრეზიდენტო არჩევნების
დროს იმ უბანში, სადაც ჯიქია იყო, ლევან
გაჩეჩილაძემ ხმის
63% მოიპოვა; ეს იყო ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი მთელი
საქართველოს მასშტაბით.
მიხეილ სააკაშვილმა
ამ სოფელში
ხმის 18% მიიღო.
- ბატონო დავით,
ამ ხელისუფლების
არსებობის პირობებში,
უშველით ამ პოლიტპატიმრებს, არსებულ
უკანონობას?
- ეს ხელისუფლება
დიდხანს არ იქნება, მაგრამ სანამ არის, ჩვენი
ვალია, არ მივცეთ განსაკუთრებული სისასტიკის შესაძლებლობა. გავიხსენოთ ის, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, მოხერხდა უდანაშაულო ადამიანების გამოშვება სწორედ ოპოზიციონერთა აქტიურობით. ჩვენ, ქვეყნის შიგნით და გარეთ ვაგრძელებთ
ამ ზეწოლას.
რესპუბლიკელებმა ბაიდენს გავუგზავნეთ წერილი, სადაც ეს ფაქტებია აღწერილი.
ინტენსიური ურთიერთობა
გვაქვს ასევე
საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ეს არის ერთ-ერთი ქმედითი
საშუალება ხელისუფლებაზე
ზეწოლისა. ის, რომ გოჩა ჯიქიას
მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი
სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯიქიას მოუწევს
ამ დროის
მანძილზე ციხეში
ჯდომა.
- ანუ მაშინ
სასამართლომ უნდა აღიაროს, რომ საქმე არასწორად განიხილა...
- წინ არის არჩევნები და ეს ყველაფერთან კავშირშია - რაც უფრო მეტ პოლიტიკურ დამარცხებას
ვაგემებთ ნაციონალურ
მოძრაობას, მით უფრო გაუჩნდებათ სიმართლის
მოთხოვნილება. ბუნებრივია
მოხერხდება საქმეების
თავიდან შესწავლაც,
ცრუ მოწმე
პოლიციელებშიც აღმოჩნდებიან
ისეთები, რომლებიც
იძულებული გახდებიან
საკუთარი ცრუმოწმეობის
მოტივაციებზეც ილაპარაკონ.
ეს მოხდება,
როცა ქვეყანაში
პოლიტიკური მდგომარეობა
შეიცვლება.
- და თუ არ შეიცვალა?
- ასე არ ხდება. ყველა ძველი ხელისუფლება შეიცვალა
საქართველოში ისე, რომ არავინ ელოდა.
ყველა კვლევა
ადასტურებს, რომ თბილისში მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი 15-16 % არ აღემატება, ქვეყნის
მასშტაბით კი
25-26%-ს. ჯამში,
ოპოზიციის რეიტინგი
მნიშვნელოვნად აღემატება
ხელისუფლების რეიტინგს.
მე ვსაუბრობ
სერიოზულ კვლევებზე
და ჰაერზე
სიტყვებს არ ვისვრი. მთელ ქვეყანაში არჩევნების სასტარტო პოზიცია ნაციონალურ მოძრაობას აქვს კატასტროფული. პირველივე
არჩევნები, რომელიც
ჩატარდება, არ ვიცი 30 მაისს თუ უფრო ადრე,
აჩვენებს იმას,
რომ ხელისუფლება
განიცდის დიდ კრიზისს.
- გამოკლებული დეპუტატს
სანაცვლო კანდიდატი
თუ დაასახელა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
რესპუბლიკურმა პარტიამ?
- გამოკლებულ არჩევნებზე
ალიანს არ შეუტანია არცერთი განაცხადი - ჩვენ არ ვაპირებთ გამოკლებული
დეპუტატების ნაცვლად
ჩვენი კანდიდატის
დასახელებას. ჩვენ ვემზადებით პირველი ნაციონალური არჩევნებისთვის იქნება მარტო თვითმართველობის არჩევნები
თუ ვთქვათ,
საპარლამენტო არჩევნები,
საკონსტიტუციო ანსამბლეა
ან რეფერენდუმი
ვადამდელი საპარლამენტო
არჩევნების მოთხოვნით.
- ბატონო დავით,
ხშირად, დაჭერების
დროს, ხალხისგან
ისმის - დაგიცვათ
ახლა თქვენმა
ლიდერებმაო...
- გარანტიები არ აქვს არავის, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას;
ზურაბ აბაშიძე
მეორე კაცია
ალასანიას პარტიაში,
მაგრამ ის სასიკვდილოდ სცემეს პოლიციის წინ, მშვიდობიანად მდგარი. რესპუბლიკური პარტიის პოლიტპატიმრები გარკვეული
თანამდებობის ხალხია.
ვის დაიჭერენ
და ვის არ დაიჭრენ, ვის მოერევიან და ვის არა, ეს არ არის დამოკიდებული
პარტიულ თანამდებობებზე.
ეს არის ბრძოლა, ჩვენ ვართ ამ პროცესში
ჩართული. რაც შეეხება ნიშნისმოგებით ლაპარაკს, ასეთი ხალხის მდგომარეობა არ მეჩვენება გაფურჩქნულად - აქ არის ღირსებასა და უღირსობაზე, წესიერებასა და უწესობაზე საუბარი.
- ჩოხატაურისათვის დამახასიათებელი ე.წ. ყვარყვარეობა რამდენადაა
თქვენთვის მისაღები?!
ის ადამიანები,
რომლებიც დღეს თქვენი წინააღმდეგი არიან, შესაძლებელია ხვალ, ხელისუფლებაში თქვენი
მოსვლის შემდეგ,
თქვენს მხარეზე
დადგნენ _ ჩოხატაურს
აქვს ამის გამოცდილება: ვინც ადრე აქციებსა და მიტინგებს მართავდნენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, დღეს ხელისუფლების სახედ იქცნენ...
- ჩვენი ბირთვი
იქნება ის ხალხი, ვინც დღეს არის წესიერი
და კვალიფიციური,
და არა ის - ვინც მოვიდა,
გაუმარჯოს! არავისთან
არ ვაპირებ
ანგარიშსწორებას, არც პოლიტიკურ დაპირებას,
არც პოლიტიკურ
დაპირისპირებას - ჩვენ არ ვქმნით
პერსონალურ კალენდარს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ
ყველა რეალურ
ოპოზიციურ ძალასთან,
მათ შორის
ახლადგამოჩენილ პოლიტიკურ
ჯგუფებთანაც, ბუნებრივია
მათი მხრიდანაც
ველოდებით მხარდაჭერას.
- და ბოლოს,
ბატონო დავით,
როგორც ჩოხატაურელი
დავით ბერძენიშვილი
რას გვეტყოდით?
- ჩოხატაური მართლაც
არის ჩემთვის
მნიშვნელოვანი - მე აქ გავიზარდე,
სწორედ ამ უბანში. ჩოხატაურში ხელისუფლებამ განსაკუთრებული სისასტიკე გამოამჟღავნა: სამი დაკავებულია, ასეთი
სამარცხვინო შედეგი
არც ერთ ქართულ რაიონში არ არის. ეს ადასტურებს ორ რამეს: ერთი, რომ ჩოხატაურის ადგილობრივი
ხელისუფლება არის ქვეყანაში ყველაზე უვარგისი და მშიშარა; მთელმა თბილისმა ნახა ის კადრები, როგორ
იქცეოდა თქვენთან,
ჟურნალისტებთან "მაგარი ვაჟკაცი" გამგებელი - მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩოხატაურს ჰყავს ყველაზე თავმოჭრილი ხელისუფლება. მეორე სიმართლე ის არის, რომ წინააღმდეგობის
ფრონტი ჩოხატაურში
არის ერთ-ერთი მოწინავე, სწორედ
ამიტომაა ასეთი
რეპრესიები. მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით
ჩვენი შესაძლებლობები
გამოვიყენოთ. გოჩა ჯიქიას სოფელში გაჩეჩილაძის მაღალი რეიტინგი მისი სიყვარულით არ ყოფილა, ეს იყო ხელისუფლების მიუღებლობის
გამოხატულება. მე იმედი მაქვს, რომ ახლადგაოპოზიციონერებული ჯგუფები
შეძლებენ და დააპირებენ ნამდვილ ოპოზიციონერობას, ისე არ გამოვა ცალი ფეხი იქეთ და ცალი აქეთ ჰქონდეთ.
ეკა მათითაშვილი
11.08.2009 |