|
"გურიის მოამბე". ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი პრესკონფერენციაზე ყველა იმ საკითხსა თუ ცვლილებებს შეეხო, რომლთა გატარებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისათვის დაგეგმა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ, წლევანდელი სასწავლო წელი, გასულ წლებთან შედარებით, უფრო ინტერესიანი, შინაარსიანი და ამავდროულად, რთული იქნება. დიდი ყურადღება მიექცევა სწავლების ხარისხს და მოსწავლეთა დისციპლინას. აუცილებელი დოკუმენტი გახდება საკლასო ჟურნალი, რომელიც მუდმივად იქნება გამოყენებული. იმედაშვილმა განმარტა, რომ სასკოლო ჟურნალში მოხდება, როგორც მიმდინარე, ასევე ტრიმესტრული ნიშნების დაფიქსირება. ამასთანავე, ჟურნალშივე აღირიცხება მოსწავლეთა გაცდენები, როგორც საპატიო, ასევე არასაპატიო. იმ მოსწავლეს, რომელსაც სასკოლო ჟურნალში არასაპატიო გაცდენათა რიცხვი 20%-ზე მეტი ექნება, ან სულაც, საპატიო-არასაპატიო გაცდენების საერთო საათების რაოდენობა 50% მიაღწევს, ასეთ მოსწავლეს სასკოლო საგნების ექსტერნად ჩაბარება, ეროვნული გამოცდებისა და შეფასებების ცენტრის მიერ შერჩეულ, მისთვის უცხო სკოლასა და კომისიასთან მოუწევს.
Pპრესკონფერენციაზე ლელა იმედაშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა, რეპეტიტორების და მათ მიერ სარეპეტიტორო საათების არკეთილსინდისიერად გამოყენებაზე. უფრო კონკრეტულად კი, საუბარი იყო რეპეტიტორების მიერ აბიტურიენტების სასკოლო საათებში დაბარებასთან დაკავშირებით. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა რეპეტიტორებს, სასპორტო სკოლებისა თუ ქორეოგრაფიული სტუდიების პედაგოგებს, ერთგვარი გაფრთხილება მისცა. გაფრთხილების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, ქმედებების გამკაცრებაზედაც იყო საუბარი, როგორც პეგაგოგების, ასევე მოსწავლეების მისამართით. ამ შემთხვევაში მთავარ სამიზნედ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა საკუთარი შვილი დაასახელა და განაცხადა, რომ პირად კონტროლზე ეყოლება აყვანილი და საჯაროდ გახდის მის მიერ საპატიოდ თუ არასაპატიოდ გაცდენილ საათებს.
შემდეგი საკითხი, რომელზედაც პრესკონფერენციაზე გამახვილდა ყურადღება, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ფორმირება გახლდათ. იმედაშვილმა სკოლაში არა მარტო მოსწავლის, არამედ მასწავლებლის ვიზუალური მხარის მოწესრიგებულობაზეც გაამახვილა ყურადღება. ძირითადი აქცენტები კი, მაინც ბავშვზე, მოსწავლეზე გააკეთა და განაცხადა, რომ ფორმა სკოლის მოსწავლის ის ატრიბუტია, რომელიც გარკვეულწილად მუხრუჭებსაც მისცემს ბავშვს და აიძულებს მოიქცეს ისე, როგორც სკოლის ტრადიციებს და ღირსებას შეეფერება.
გახმიანდა ისიც, რომ წელს სასწავლო პროგრამებში ცვლილებები შეეხო საგნების ინტეგრირებული სწავლების პროცესსაც, მაგალითად, მე-7 კლასში უქმდება ისტორია-გეოგრაფიის ინტეგრირებული სწავლება. ასევე, უქმდება საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლების მეთოდი. თუკი გასულ წლებში მოსწავლეები პირველ ტრიმესტრში ქიმიას, მეორეში - ბიოლოგიას და მესამეში - ფიზიკას სწავლობდნენ, ახალი სასწავლო წლიდან ამ საგნების სწავლა მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მოუწევთ.
სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებებიდან ერთ-ერთია სახელმძღვანელოს არჩევითობის პროგრამაც. პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა გამომცემლობებისაგან, თავად შეარჩიონ მათთვისა და მოსწავლეებისათვის ხელსაყრელი სახელმძღვანელო, რომლის გამოყენებაც ხუთი წლის მანძილზე შეეძლებათ. წიგნების არჩევითობის ხუთწლიანი პროგრამა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ძველი, გამოყენებული სახელმძღვანელოებითაც ისარგებლონ ან კიდევ, უფროსი და-ძმის, მეგობრისა თუ ახლობლის, გასულ წელს გამოყენებული, წიგნით ისარგებლონ. ამ ყველაფრით კი, მშობლებს შეღავათები მიეცემათ.
ნინო ვაშალომიძე
23.09.2009 |