|
საუბარია 2001-2004 წლებში წარმოშობილ დავალიანებაზე, რომელიც ამ დროისთვის 46836,47 ლარს შეადგენს. საქმის მასალებიდან ირიკვევა, რომ "ახალი ქსელების" სატელეფონო ნომრებით მოსარგებლე ქუთაისის საკრებულოს სრულად არ აქვს გადახდილი მომსახურების საზღაური. 2005 წლამდე გაწეული სატელეფონო მომსახურების თანხის ანაზღაურებას ქუთაისის საკრებულო ამ პერიოდის მანძილზე ნაწილ-ნაწილ ახდენდა. "ახალმა ქსელებმა", სწორედ დარჩენილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვალის არსებობას საკრებულოც აღიარებდა, საქალაქო სასამართლომ "ახალი ქსელების" სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია: "სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხე აღიარებდა დავალიანების არსებობას. საქმეში წარმოდგენილი აქტი სასამართლომ არ მიიჩნია დავალიანების აღიარებად".
საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის ზემოხსენებული გადაწყვეტილება "ახალმა ქსელებმა" სააპელაციოში გაასაჩივრა. წარმოდგენილი ფაქტებით: "მოპასუხე საანგარიშო თვეში ყოველთვის იხდიდა და იხდის შპს "ახალი ქსელების" მიერ გაწეული და დარიცხული სატელეფონო მომსახურების ღირებულებაზე მეტ თანხას, რითაც ამცირებს დავალიანებას და ეს გრძელდება დღემდე. საკრებულოს საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებდა ქ. ქუთაისის მერიის მთავარი ბუღალტერი ც. ხარატიშვილი და იგი უფლებამოსილი იყო ხელი მოეწერა შედარების აქტზე".
ასევე, "ახალი ქსელების" მტკიცებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დავალიანების არაერთჯერ გადახდით, 2007 წლის 1 აპრილიდან შედარების აქტზე ხელმოწერით აღიარა დავალიანების არსებობა. "სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმის გასარკვევად, უფლებამოსილი იყო თუ არა ც. ხარატიშვილი ეწარმოებინა ქ. ქუთაისის საკრებულოს საბუღალტრო აღრიცხვა, რითაც დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები," - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი ხანდაზმული არ არის.
"აპელანტის მოთხოვნა წარმოშობილია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან. ყველაზე ბოლოს, 2004 წლის დეკემბერში წარმოშობილ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა გადის 2007 წლის დეკემბერში," - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. დადგენილია, რომ 2005 წლის აპრილიდან ქუთაისის საკრებულო იხდის როგორც მიმდინარე, ასევე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ნაწილს. "ეს დგინდება იქიდან, რომ საკრებულო მუდმივად იხდის აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ თანხაზე მეტს. აქედან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ საკრებულომ გადახდით აღიარა ვალდებულებების არსებობა აპელანტის მიმართ და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. ამიტომ შპს "ახალი ქსელების" მოთხოვნა ხანდაზმული არ არის," - აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაკმაყოფილდეს "ახალი ქსელების" საჩივარი. დასკვნაში ნათქვამია, რომ: "ქუთაისის საკრებულოს შპს "ახალი ქსელების" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 46836,47 ლარის გადახდა. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის საკრებულოს შპს "ახალი ქსელების" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3327,06 ლარის გადახდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში არასრული დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი, რის გამოც არ იქნა მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. "ეს არის ძველი დავალიანება. ჩვენ პირველ ინსტანციაში მოვიგეთ ეს საქმე. მეორე ინსტანციაში არასრული დოკუმენტაციის გამო საქმე `ახალი ქსელების~ სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა უკვე მოპოვებული და ამოღებულია ჩვენი მხრიდან ყველანაირი დოკუმენტაცია. ჩვენი იურიდიული სამსახური მუშაობს კარგად. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და აუცილებად მოვიგებთ," - ამბობს ამირან ხვადაგიანი.
ქუთაისის საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის ერთი თვის ვადა აქვს.
თეა ზიბზიბაძე
23.03.2010 |