|
ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში ძლიერმა ქარმა ადმინისტრაციულ შენობას სახურავი გადახადა, რაიონში გაითიშა ელექტროენერგია. ქარმა ბაღდათში რადენიმე ხე მოთხარა, ზესტაფონში, სოფელ ილემსა და საქარაში სახურავის გარეშე დარჩა ორი საბავშვო ბაღის შენობა. დენის მიწოდება გვიან ღამემდე შეწყვვეტილი ჰქონდა თითქმის მთელს რაიონს. დიდი ზარალია ხონის რაიონშიც: ქარმა სახურავი გადახადა სოფელ დედალაურის, სოფელ ივანდიდის, სოფელ მათხოჯის, სოფელ სუხცის და სოფელ ხიდის საჯარო სკოლებს. ასევე, ქარისგან დაზიანდა რაიონის 5 საბავშვო ბაღის შენობის სახურავები. სასპორტო სკოლის შენობაში სახურავის ზარალი 20 300 ლარია, გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას დაუზიანდა სახურავი, მათხოჯის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობას დაუზიანდა სახურავი. სოფელ დედალაურში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აჭარის რეგიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები, დაუზიანდა სახურავი, ზარალის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 20 ათას ლარს. სულ ხონის რაიონში ზარალი 44 000 ლარს აღემატება.
სტიქიამ დააზიანა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შვიდი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა, კულტურის ობიექტების გაერთიანება - კულტურის ცენტრი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ხელოვნების სკოლა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური და 9 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სულ ქარისგან მიყენებულმა ზარალმა ტყიბულის რაიონში 24 100 ლარი შეადგინა.
ზარალია წყალტუბოს რაიონშიც: მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის შენობებს ქარმა სახურავები გადახადა, დაზიანდა სოფელ ქვიტირის და ცხუნკურის ადმინისტრაციული ერთეულების შენობები, სანატორიუმ "მეტალურგისა" და სანატორიუმ "გეოლოგის" შენობების სახურავები, სადაც ამჟამად აფზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. წყალტუბოში ზარალი 10 000 ლარზე მეტია.
ქარის შედეგად ზესტაფონის რაიონში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა: 9 კერძო სახლი სხვადასხვა სოფელში და ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ ზესტაფონში. ასევე, დაზიანებულია ხუთი საბავშვო ბაღის შენობის სახურავები. ამ რაიონში ზარალმა სულ 80 000 ლარი შეადგინა. მხოლოდ 27 მარტის ქარის შედეგად მიყენებული ზარალი იმერეთში 2 მილიონ ლარზე მეტია.
მანამდე - ერთი კვირით ადრე მოსული ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ყვირილამ წაიღო სოფელ ქვედა სიმონეთთან არსებული საავტომობილო ხიდის ნაწილი. ამჟამად შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებს შორის. "აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩანგრეული ხიდი იყო ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ნახშირღელის, ნავენახევის, ზედა სიმონეთისა და ქვედა სიმონეთის მოსახლეობის სახნავ-სათეს ფართობებთან, როგორც დახვნა-დათესვის, ასევე მოსავლის აღება-დაბინავების მხრივ. ფაქტიურად ყოველგვარი გადაადგილება შეწყვეტილია" - აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშში. ამ ხიდის ჩანგრევით მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარს აღემატება.
წვიმის შედეგად დაზარალდა ვანის რაიონიც: ჩამოინგრა ძველი ნაპირსამაგრი და დაზიანდა საავტომობილო გზა მდინარე ჭიშურაზე, 5-6 მეტის სიღრმეში ჩავარდა ფერეთა-ზეინდარის საავტომობილო გზის მონაკვეთი. წვიმამ ხარაგაულის რაიონში დააზარალა 7 ობიექტი, სულ 54500-ზე მეტი ლარის ზარალით. წვიმისა და ღვარცოფისგან დაზიანდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზები: სოფელ ორპირში ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-13 კილომეტრზე დაიმეწყრა 2 ადგილი. ძლიერ დაიმეწყრა გზა სოფელ კოკის ტერიტორიაზე ტყიბული-სოჩხეთი-ორპირი-ცუცხვათის გზის 29-ე კილომეტრზე. "ამ ეტაპზე სრულდება დროებითი სამუშაოები (დაახლოებით 2 000 ლარი), რომელიც გზას გახდის გავლადს. საკითხი დაყენებულია საგზაო დეპარტამენტის წინაშე და ჩასმულია საპროექტო სამუშაოების შესრულების გეგმაში. გზის ამ მონაკვეთის სრული რეაბილიტაციისათვის სავარაუდოდ საჭიროა 100 000 ლარის სამუშაოების შესრულება," - ნათქვამია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშში.
სოჩხეთის თემის სოფელ წყნორში ტყიბული-სოჩხეთი-ორპირი-ცუცხვათის გზის მე-13 კილომეტრის დაზიანების შედეგად მიყენებული ზარალი დიდია. როგორც ანგარიშშია მითითებული, გზის ეს მონაკვეთი ისედაც მეწყრული იყო და აღნიშნულმა სტიქიამ გაამწვავა სიტუაცია. "გზაზე ამ ეტაპზე შესრულდება დროებითი სამუშაოები (დაახლოებით 2 000 ლარი), რათა გადაადგილება უსაფრთხო იყოს. საკითხი სრული რეაბილიტაციის შესახებ დაყენებულია საგზაო დეპარტამენტის წინაშე და სამუშაოების შესრულებას დაჭირდება სავარაუდოდ, 80 000 ლარი".
სტიქიამ დააზარალა ჭიათურის რაიონიც: სოფელ მორგვეთში მდ. ყვირილას მარცხენა სანაპიროზე მეწყრულმა მოვლენამ გამოიწვია ფერდობის ჩამოშლა და საფრთხე ექმნება 4 ოჯახს. სამუშაოების შესასრულებლად საორიენტაციოდ საჭიროა 20 000 ლარი. სოფელ ბჟინევში განვითარდა მეწყრული მოვლენები, რის შედეგადაც საფრთხე ემუქრება 3 ოჯახს. სამუშაოების შესასრულებლად საორიენტაციოდ საჭიროა 8000 ლარი. სოფელ ხრეითში - სპარიეთის უბანში, განვითარებულმა მეწყრულმა მოვლენამ დააზიანა საუბნო გზის 30 მეტრიანი მონაკვეთი. შემდგომი განვითარების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება 8 ოჯახს. მეწყერული მოვლენების შედეგად, სოფელ ზედა ჭალოვანში ცენტრალური საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე წარმოიშვა ნაპრალები და ჩაწყვეტილია სავალი ნაწილი ამას გარდა, დაზიანებულია სხვა ობიექტებიც. "მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე, მეწყერული კერების დაზუსტებისა და შემდგომ სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოთხოვნილია გარემოს დაცვის სამინისტროდან სპეციალისტთა ჯგუფი," - ამ შენიშვნით მთავრდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში.
გასულ კვირას ქუთაისში საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სწორედ ამ ზარალის დაზუსტებისთვის ჩამოვიდა, "ყველა რაიონის ხელმძღვანელს აქვს მომზადებული ზარალის შესახებ ანგარიში და ყველა მათგაზე იქნება პასუხი გაცემული მთავრობის მიერ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
2010 წელს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.
სოფიკო ყანჩაველი
06.04.2010 |