|
7 ახალგაზრდა შემსრულებლისგან (ალეკო გეგეშიძე, ლაშა დეისაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე კახიძე, გიორგი ხაჭაპურიძე, ლაშა მაღლაფერიძე, ბექა ტაბუცაძე) შემდგარი ანსამბლი რამოდენიმე თვეა, რაც არსებობს, თუმცა უკვე მოახერხა თაყვანისმცემლების მოკრებაც და კლიპის ჩაწერაც. მათ მხარდამჭერებად მოგვევლინენ მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი, სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიდევ ბევრი ორგანიზაცია, დაწესებულება, თუ კერძო პირი. ყოველ შემთხვევაში, ანსამბლის წევრებს ბევრი მადლობის თქმა მოუწიათ იმ დღეს სხვადასხვა პირის მისამართით.
ახალგაზრდა მუსიკოსების ანგარიშზე 12 კომპოზიციაა. მათ შორის, უკვე კლასიკოსებად აღიარებული კომპოზიტორების ნაწარმოებების ინტერპრეტაციებიც (მაგალითად, 3 ივნისის კონცერტზე ბერძენი კომპოზიტორის ვანგელისის "უკანასკნელი მოჰიკანისთვის" შექმნილი მელოდიის მათეული ვარიაცია შემოგვთავაზეს). ანსამბლი, 7 წევრთან ერთად, თითქმის ამდენივე განსხვავებულ ინსტრუმენტს და შესაბამისად, ჟღერადობას რთავს მათ მიერ შექმნილ კომპოზიციებში. ვიოლინო, სალამური, ტამტამი და გიტარა საკმაოდ "შეთამაშებულად" ერთვება საერთო ჰარმონიაში. მუსიკოსების განმარტებით, მუსიკალური სტილი, რომელშიც იწერება ეს სიმღერები, ფოლკია. ერთგვარი "ალტერნატიული", თუ "მოდერნიზებული" ფოლკი, რომელიც სამყაროს ყველა ხმიანობას ითავსებს: ჯაზი, როკი, ქალაქური მელოდიები და სხვა ჟანრები და სტილები ორგანულად ჯდებიან ამ სივრცეში.
ყოველ შემთხვევაში, "შინ"-თან ეს ნამდვილად გამოდის, ანუ ანსამბლ "შინის" მიერ დამკვიდრებულ და მერე ბევრისგან ატაცებულ მიმართულებას "ოჩოს ქოხის" მუსიკოსებიც შეუერთდნენ. სტილი, რომელიც საპირისპიროთა შეკავშირებას, ეკლექტიკას ამკვიდრებს, საკმაო საშიშროებას ქმნის განმეორების, ბანალურობის, განსხვავებული პრინციპით ნაგებ მელოდიათა არაორგანული შერწყმის და ა.შ. თუმცა "ოჩოს ქოხის" ახალგაზრდა წევრებს, მათივე თქმით, ეს არ აშინებთ და ამ რთული გზით სვლას აპირებენ. ანსამბლი ახალ კლიპს მალე შესთავაზებს ქართველ მსმენელს. შესაბამისად, აკუსტიკასთან ერთად, ვიზუალური ხატებიც ჩართვებიან იმ სათქმელის და იმიჯის ჩამოყალიბებაში, რის მიტანასაც ცდილობს ანსამბლი `ოჩოს ქოხი~ მსმენელთან. ეკა კუხალაშვილი
ეკა კუხალაშვილი
09.06.2010 |