|
სპექტრი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეორე სხდომა ჩატარდა. შეიქმნა კომისიები და განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატებმა გურამ ნატროშვილი აირჩიეს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა თავმჯდომარედ - ლევან ნატროშვილი, ხოლო ინფრასტრუქტურის, აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გამგებლის ყოფილი მოადგილე - გელა თეთრაული.
საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია "მაჟორიტარების" დაფუძნება, რომლის თავმჯდომარედ ვეფხია ნატროშვილი დაინიშნა, ხოლო ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარედ - ივანე ლაპიაშვილი. დეპუტატებმა სხდომის დასრულების შემდეგ გამგებლის კაბინეტში გადაინაცვლეს და თათბირის მონაწილეებს შეუერთდნენ. სხდომას აქ უკვე მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი უძღვებოდა. მანვე დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. გამგებლის მოადგილედ აპარატის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი დაინიშნა, მის ადგილზე კი გამგებლის თანაშემწე ნინო ჩოხელი წარადგინეს, მის ადგილზე საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა ლეკაშვილი გადაიყვანეს. გამგეობის განათლების კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამსახურის უფროსად ყოფილი საკრებულოს დეპუტატი გიორგი ყოჩიაშვილი დაინიშნა. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სავარძელი - შპს "სერვისი 2007"-ის ყოფილმა დირექტორმა დავით სიხაძემ მოირგო. მის ადგილას კი ყოფილი მოადგილე ზურაბ ყოჩიაშვილი გადაიყვანეს.
ლალი მეხრიშვილი
14.07.2010 |