სპექტრი. ორიოდე კვირის წინ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "გურჯაანი" იტალიიდან დაბრუნდა. მსოფლიოს ხალხთა 27-ე ფესტივალზე, 34 ქვეყანას შორის მან საუკეთესო ანსამბლის სტატუსი მოიპოვა.
"წელს, იტალიაში მსოფლიო ხალხთა 27-ე ფესტივალი ჩატარდა, სადაც ჩვენს გარდა 33 ქვეყანა მონაწილეობდა. კონცერტები ჩავატარეთ იტალიის 15 ქალაქში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამარჯვებულები დავბრუნდით. გრანპრი მივიღეთ, ანუ საუკეთესო ანსამბლის სახელი მოგვანიჭეს. მეორე ხარისხის დიპლომი არგენტინას გადასცეს, ხოლო მესამე ხარისხის _ ბელორუსიას," _ აღნიშნავს ანსამბლ "გურჯაანის" დირექტორი პაატა გურგენიძე.
მისივე თქმით, მომავალ წელს მიწვევა აქვთ არგენტინაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში.
"ეს არამარტო ანსამბლის, არამედ ჩვენი რაიონის, გურჯაანის წარმატებაა. ძალიან მინდა ყველა ჩვენმა მოცეკვავემ იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. გასტროლების დროს ნაწილობრივ მთავრობა გვაფინანსებს, ასევე ის ქვეყანა, სადაც ვართ მიწვეულები, გარკვეულ თანხას კი მშობელიც იხდის. ზოგ ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ შვილი ამა თუ იმ ქვეყანაში გაგზავნოს. კარგი იქნება თუ სპონსორი გამოჩნდება, რომ ყველა ბავშვის წაყვანა და მათი ნიჭის გამოვლენა შევძლოთ. რამდენიმე მოცეკვავე ჩვენი ოჯახის დაფინანსებითაც წაგვიყვანია, მაგრამ ამას ყოველთვის როგორ მოვახერხებ. გული ძალიან მწყდება და იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება," _ აღნიშნავს "სპექტრთან" საუბარში პედაგოგ-ქორეოგრაფი ავთანდილ გურგენიძე.
საუკეთესო ანსამბლის სტატუსის მოპოვებისათვის, უახლოეს მომავალში გურჯაანის მუნიციპალიტეტი იტალიიდან მადლობის ფურცელს მიიღებს.