სპექტრი. 2010 წელს მსოფლიო მასშტაბით გლობალური დათბობის პირობებში ხანძრის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ტყეები მასიურად დაიწვა რუსეთში. საქართველოში ცეცხლი გაჩნდა ბორჯომის ტყეშიც. ხანძრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროშიც. რა პირობებში უხდებათ მუშაობა მეხანძრეებს და რა არის ცეცხლის გაჩენის მიზეზი? ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი გვესაუბრება.
_ ხანძრის რამდენი შემთხვევა აღინიშნა მიმდინარე წელს და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
_ წელს დედოფლისწყაროში ხანძრის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად მინდორში გაჩნდა. წესით, ნაკვეთის გასუფთავებისას მეპატრონემ, გარშემო ჯერ უნდა მოხნას და გამხმარი ბალახი ისე დაწვას, რათა სხვა ტერიტორიაზე არ გადავიდეს, თუმცა ამას არ ითვალისწინებენ, რაც ხანძრის მიზეზი ხდება. ცეცხლი კონტურებს სცილდება და ახალ კერებს წარმოშობს.
_ რამდენადაც ვიცით, ამ დროს ქარსაცავი ზოლი ზიანდება, ხშირია საძოვრების გადაწვის ფაქტებიც.
_ არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა ქარსაფარი ზოლი ან საძოვარი დაგვხვედრია გადამწვარი. ჩვენი სამსახურის მიზანია, გადავარჩინოთ მწვანე საფარი.
_ არსებობს ინფორმაცია, რომ ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზეც გაჩნდა.
_ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ვაშლოვანის ნაკრძალის სიახლოვეს კი იყო ხანძარი, მაგრამ დროულად მივუსწარით. ცეცხლი აღკვეთილის ტერიტორიაზე არ გადასულა, ფაქტობრივად, გადარჩენილია.
_ გამოძახების შემთხვევაში რამდენად მზადყოფნაშია დედოფლისწყაროს სახანძრო და არსებობს თუ არა სრული ხელშეწყობა შეუფერხებელი მუშობისთვის.
_ არის დღეები, როცა 4-5 გამოძახება გვაქვს და არ გვქონია შემთხვევა რომელიმე მათგანი რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინა. ხელშეწყობა ნამდვილად გვაქვს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ფინანსურად გვერდში გვიდგას, ხელფასებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვა დანარჩენი რაიონების მეხანძრეებს აქვთ. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ მათზე დიდ ტერიტორიებს მოვიცავთ. თუმცა გვაქვს პრობლემებიც, სამი მანქანა გვყავს და ისეთი მოძველებულია, 10 გამოძახებიდან 8 გამოძახება ავტომანქანის გაფუჭებით მთავრდება, რაც ჩვენს მუშაობას გარკვეულწილად აფერხებს. ახალი მანქანის შესაძენად საჭირო თანხა ჯერ არ გაგვაჩნია. იმედი გვაქვს ამ პრობლემას მალე ეშველება.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარ ნაკვეთებს ცეცხლს უკიდებს და ამით მიწის დამუშავების იაფ გზას მიმართავს, შევახსენებთ: გარდა იმისა, რომ ამ საქციელით ბუნებას ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიან, თავად ზარალდებიან. მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ ნიადაგის წვა 3-4 სმ-ზე ფიტავს და მინერალებისგან აშრობს ნიადაგს. შედეგად კი, მიწა უსარგებლო და შესაბამისად, მოუსავლიანი ხდება.