|
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა.
გასული კვირიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა, ოცდაათლარიანი ფქვილის ტომარა კი 45 ლარი გახდა. ამის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთის ტყეებში გაჩენილ ხანძარს და მათგან ხორბლის ექსპორტის შეწყვეტას ასახელებს. საზოგადოების აზრით კი, რუსეთში გაჩენილი ხანძარი ქართველი მონოპოლიებისთვის ერთგვარი მიზეზი გახდა, რომ პურზე ფასი ხელოვნურად გაეზარდათ. "რამდენადაც ვიცით, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან ხორბალი არც შემოდიოდა. მაინტერესებს, რატომ აბრალებენ რუსეთში გაჩენილ ხანძარს პურის გაძვირებას? ეს ხომ ცხადზე ცხადია, რომ ფასი ყველანაირ პროდუქტზე გაიზარდა და არა მხოლოდ პურზე? ამბობენ სამსახურები უნდა გააუქმონ და თანამშრომლები შეამცირონ, წყალზე, გაზზე, დენზე ფასი ძვირდება და ლარის ინფლაცია იწყებაო. მეგონა მთავრობა მართლა ზრუნავდა ხალხზე, მაგრამ როგორც ჩანს სააკაშვილს ჩვენი ბედი აღარ აღელვებს," _ ამბობს 60 წლის გურამ მჭედლიშვილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წელს დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავალი საგრძნობლად ნაკლები იყო ორი მიზეზით: პირველი იმის გამო, რომ მიწის მესაკუთრეებმა გაძვირებული მომსახურების გამო ნაკვეთები ვერ დაამუშავეს, მეორე, ვინც ყანა დათესა მათაც გაუსაძლისი გვალვის გამო, იმდენად მწირი მოსავალი მიიღეს, რომ ნაკვეთში კომბაინიც კი არ შეუყვანიათ. ფერმერთა თქმით, მიუხედავად სარეალიზაციო ხორბლის სიმცირისა, წელს მარცვლეულის შესყიდვით არც ერთი წისქვილკომბინატი არ დაინტერესებულა. როგორია ამჯერად შირაქელი ფერმერებისთვის ხორბლის ბაზარი გაძვირებული პურისა და ფქვილის ფონზე, ამაზე თავად ფერმერებს ვკითხეთ. "თუ დააკვირდებით მაღაზიებში ბურღულეულზე ფასი აწეულია, გარდა ამისა, თითქმის ყველაფერი დაძვირდა. ამ დრომდე ხორბლის რეალიზაცია ჭირდა, ახლა კლიენტიც არის და 60-65 თეთრში თავისუფლად იყიდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასები ყოველდღიურად იზრდება და კარს მომდგარია სახნავ-სათესი სამუშაოებიც, მომავალს შიშით ვუყურებთ," _ ამბობენ ფერმერები. თუმცა პურის გაძვირებაზე მეტად მათ `სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონპროექტში მიმდინარე ცვლილებები აღელვებთ, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტმა მხოლოდ პირველი მოსმენით დაამტკიცა, მისი საბოლოო მოსმენა კი, სექტემბერში იგეგმება. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 2011 წლისთვის ფერმერებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ არ გამოუსყიდიათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, საძოვრის ან მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზისო ღირებულების არა ათმაგი ოდენობით შესყიდვა მოუწევთ, არამედ ოცმაგი ოდენობით. იმის ფონზე, რომ გლეხს მიწა ვეღარ დაუმუშავებია და გადასახადი ვეღარ გადაუხდია, აღნიშნული კანონპროექტის უბრალოდ პერსპექტივაში არსებობაც კი მოსახლეობას ძალიან აღელვებს. "ჯერ საბაზისო ღირებულების ათმაგი საფასურითაც გვიჭირდა მიწის გამოსყიდვა, ოცმაგი როგორ უნდა გადავიხადოთ? ეს ყველაფერი ხომ ზღაპარს ჰგავს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მიწები იძულებით დავტოვოთ? არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ასე გაგვწირავს, მაგრამ ჩანს სახელმწიფოს მიზანიც ესაა. ამბობენ, შირაქი არაბებს უნდა მიჰყიდონ და ამით სარფიანი გარიგება ნახონო, ადგილობრივებს კი ისეთ სიტუაციაში გვაგდებენ, რომ იძულებული გავხდეთ ჩვენივე ნებით დავთმოთ მიწები. სააკაშვილს გვინდა ვუთხრათ, იქნებ დაფიქრდეს, რას შვრება, ნუთუ მართლა გაგვწირა?!"-ამბობენ ფერმერები. მართალია, ზემოთ აღნიშნულ კანონპროექტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პრივატიზაციების საკითხის მოწესრიგებას და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ეძახიან, მაგრამ ფაქტია, ამან მოსახლეობის დიდი აღელვება გამოიწვია და ბევრი კითხვისნიშანიც გააჩინა. ფერმერების ვარაუდით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად ნებისმიერ გზას მიმართავს, თუნდაც ამან ქართველობის გადაშენება გამოიწვიოს. ფერმერებისთვის ერთადერთ იმედად ისღა რჩება, რომ `სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონპროექტში მიმდინარე ცვლილებებს დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ან საძოვრის ღირებულების შესყიდვას დედოფლისწყაროში ვერავინ შეძლებს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია თვლის, რომ აღნიშნული პროექტი სწორედ ბიუჯეტის შევსებას ემსახურება: "აღნიშნული პირველ რიგში მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის ნაკარნახევი, რათა მწირი საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში ხელისუფლებამ შეძლოს მოსახლეობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მეტად შესრულება. მეორეს მხრივ, ამით დიდწილად გამოირიცხება მცირე მეურნეობების მიერ მიწების შესყიდვა და მიწების მეტი ნაწილი დიდი ფერმერული მეურნეობების ხელში აღმოჩნდება. მცირე და საოჯახო მეურნეობები გადასახადის გადამხდელები არ არიან, ხოლო დიდი მეურნეობები კი ბიუჯეტში სოლიდურ შემოსავლებს გადაიხდიან, რაც ასევე საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის. ანუ, შემოსავლები გაიზრდება როგორც პრივატიზაციიდან, ასევე შემდგომ გადასახადებიდან." ბატონ დავითს რამდენიმე კითხვით ფასების მატებასთან დაკავშირებითაც მივმართეთ: -შესაძლებელია თუ არა რომ პურზე და ზოგადად პროდუქტზე ფასების ზრდა გამოეწვია რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან მარცვლეულის შემოტანის შეზღუდვას? -საქართველოში იმპორტირებული ხორბლის დიდი ნაწილი ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოდის. თუმცა, ბოლო პერიოდში პურზე ფასების ზრდა ამ ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანის შეზღუდვას არ გამოუწვევია, ვინაიდან ასეთი რამ არ განხორციელებულა. ფასების ზრდა ძირითადად რამოდენიმე ქვეყანაში ხობლის ცუდ მოსავალს და შედეგად საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასების გაძვირებას მოჰყვა. საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა. -თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ ტონა ხორბალს(ფქვილს) მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა და აქედან რამდენი პროცენტი შემოვიდა აღნიშნული ქვეყნებიდან გასულ წელს? -სამწუხაროდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნებიდან შემოსული საქონლის მოცულობის შესახებ ასეთ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ამ ქვეყნებზე საქართველოში იმპორტირებული ხორბლის უდიდესი ნაწილი მოდის. -ხანძარი რუსეთში და ზოგადად მწირი მოსავალი არის თუ არა ფასების გაზრდის არგუმენტირებული მიზეზი? საქართველო რუსეთიდანაც იღებს ხირბალს, თუმცა არა იმდენად დიდი მოცულობით, რომ რუსეთში არსებულ ხანძარს და მწირ მოსავალს გამოწვეული ფასების არსებითი გაზრდა. ზოგადად ფასების გაზრდა რუსეთის ფაქტორის გარეშეც მოხდებოდა ეს სწორედ ცუდ მოსავლიანობას უკავშირდება. -მოსალოდნელია თუ არა მომავალში ფასების ზრდა და შესაძლებელია თუ არა კლება? აღნიშნულზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ფასების არსებით შემცირებას ადგილი არ ექნება, პირიქით ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. მცირედით რომც შემცირდეს ფასები, არარეგულირებადი ბაზრის და არაკეთილსინდისიერი მეწარმეების ფონზე პურზე არსებითად ფასები არ შემცირდება.
ლალი მეხრიშვილი; მაია ყალაბეგაშვილი
02.09.2010 |