სპექტრი. 2010 წლის ივნისიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. დავით ხიხაძე ამ თანამდებობამდე ჯერ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიწის მართვის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან "სერვისი 2007"-ის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
დავით ხიხაძე 1982 წლის 19 სექტემბერს დაიბადა, 1999 წელს დაამათავრა დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. ჰყავს დედა, მეუღლე და ერთი შვილი.
"სპექტრი" დავით ხიხაძეს მიმდინარე სამუშაო პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:
_ ბატონო დავით, მიმდინარე წელს რამდენი ლარით განისაზღვრა სოციალური პაკეტი და ხომ არ იგეგმება გარკვეული სახის ცვლილებების განხორციელება?
_ წელს სოციალური პაკეტი 250 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა ახლახანს 6 თვის შედეგების შეჯერების შემდეგ მისი ოდენობა 35 ათასი ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად სათნოების სახლ `სავანეს~ კვებასა და სტაციონარში გაჭირვებული ადამიანების მკურნალობის ხარჯებზეა გათვლილი.
_ რა სახის დახმარებას ითვალისწინებს სოც.პაკეტი და რა კატეგორიას შეუძლია ამ დახმარების მიღება?
_ ჩვენი მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა მოიცავს უფასო კვების ობიექტების, სასადილოების, სათნოების სახლ "სავანეს" დაფინანსებას, ასევე ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას: ობოლ და ინვალიდ ბავშვებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, I ჯგუფის ინვალიდებს, ახალშობილებს, მარტოხელა დედებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილ და დაღუპულთა, ასევე დაზარალებულ ოჯახებს და დევნილებს. ზამთრის სეზონზე შეშით ვეხმარებით მიწისძვრის ან ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლის მეპატრონეებს, რომლის საცხოვრებელი სახლიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და ა.შ.
_ რამდენადაც ვიცით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისე როგორც მთელ საქართველოში არც თუ ისე ცოტა სოციალურად გაჭირვებული ოჯახია. როგორ ახერხებთ ყველა მათგანის დახმარებას?
_ აღნიშნული დახმარება ერთჯერადია და ძირითადად 50 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების წარმომადგენლები განცხადებით მოგვმართავენ, იმ შემთხვევაში ვაკმაყოფილებთ.
_თქვენ ამ სამსახურში ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ბრძანდებით, მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ხომ არ აპირებთ?
_ ჯერჯერობით არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. შემდეგ კი შედეგები თავად მიჩვენებს, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგა.