მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ლიანდაგები გზის ნაცვლად...
სპექტრი. წნორში, `ქიზიყის~ ქუჩის მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად ლიანდაგებზე უწევს სიარული, წვიმების დროს კი წყალი გუბდება და ეს უბანი, ფაქტობრივად ცენტრს მოწყვეტილია. აღნიშნულ პრობლემას ისიც ემატება, რომ მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წელია ნაგვით არის დაბინძურებული და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე იქმნება. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. 

"სპექტრი" ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას გაესაუბრა. გარდა იმისა, რომ ცენტრთან დასაკავშირებლად ადგილობრივები რკინიგზის გადასასვლელით სარგებლობენ, ყოველი მანქანის გავლაზე აქ ისეთი მტვერია, რომ მოსახლეობა ქუჩაში ვერ გამოდის. როგორც მათ აღნიშნეს, დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 
"შეიძლება ითქვას, რომ გზა ფაქტიურად არ გვაქვს. ცენტრს საერთოდ მოწყვეტილები ვართ, კუნძულზე ვცხოვრობთ. ადრე პატარა ბილიკი მაინც იყო და იმით ვსარგებლობდით, რომელიც ამჟამად წისქვილის ტერიტორიაზეა და ჩვენთვის უსარგებლოა. მეორე საცალფეხო ბილიკი - სადგურიდან ჩამოდის და საშინლად არის დაზიანებული. საავტომობილო გზა ისეთი ვიწროა, ორი მანქანა ერთად ვერ გაივლის. ტაქსის მძღოლებს ამ ქუჩაზე საერთოდ არ მოვყავართ.
ზემოთ გვირაბია და წვიმის დროს ბოდბისხევიდან წამოსული წყალი ამ გვირაბში გამოდის, შემდეგ საცალფეხო ბილიკთან მდებარე კიბეებზე ჩამოდის, რის შედეგადაც ლიანდაგები წყლით ივსება და სახლებში გვივარდება. ძალიან ბევრჯერ პურისა და წამლის საყიდლად წასულებს იმხელა გუბეები დაგვხვედრია, რომ ფიზიკურად ვერ მოგვიხერხებია გადასვლა და უკან მოვბრუნებულვართ,~ – გვითხრა ამ ქუჩის მკვიდრმა, ნაილი ბეჟაშვილმა. მას მეზობლებიც დაეთანხმნენ და დასძინეს, რომ ადრე `ქიზიყის~ ქუჩაზე სამხედრო გზა გადიოდა. წლების წინ მან ფუნქცია დაკარგა და მას შემდეგ არავინ აქცევს ყურადღებას. 
"ბევრჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, საჩივრის წერილიც არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ არასოდეს დაგვხმარებიან. ჯერ გვითხრეს, რომ თქვენი ქუჩისა და მინდორთან მისასვლელი გზებისთვის სარეაბილიტაციოდ 20 ათასი ლარია გამოყოფილიო. გაზაფხულზე გვითხრეს, რომ მგფ-ის პროგრამით კიდევ 9 ათასი ლარი გადმოირიცხაო. მაგრამ წინასაარჩევნოდ ჩვენი გაჩუმების მიზნით, მხოლოდ 3 მანქანა ქვიშა დაყარეს და გადაასწორეს, სულ ეგ იყო. ამ გზას კი ეგ ნამდვილად არ შველის. ყოველი მანქანის გავლაზე ისეთი მტვერი დგება, სახლში შევრბივართ. სულ 1 კმ მონაკვეთია და რა გახდა მისი გაკეთება?! დავიღალეთ, უიმედოდ ვართ. სჩანს ჩვენი მომხედი მაინც არავინაა," – გვითხრა ნაილი ბეჟაშვილმა. 
`სპექტრი~ წნორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, რეზო ტუხაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩის მოხრეშა თანხის გამოყოფისთანავე დაიწყება. მისივე თქმით, სამანქანე გზა არსებობს და ტრანსპორტს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია.
"შესაბამისმა სამსახურებმა იციან, რომ ამ ქუჩაზე გზა გასაკეთებელია და გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. როცა თანხას გამოყოფენ მოიხრეშება. ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული და ვერ გეტყვით როდის გავაკეთებთ. ეტაპობრივად ყველაფერი უნდა მოგვარდეს.
წისქვილიდან არის სამანქანე გზა, რომელიც `ქიზიყის" ქუჩას ცენტრალური გზასთან აკავშირებს. რაც შეეხება თანხას, რომლის შესახებაც მოსახლეობა საუბრობს, ნაკვეთებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციაზე გაიხარჯა," – განაცხადა `სპექტრთან~ საუბარში რეზო ტუხაშვილმა.
 
`ქიზიყის~ ქუჩის მაცხოვრებლებს ნაგავსაყრელის პრობლემაც აქვთ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არც ამ ტერიტორიის გაწმენდით დაინტერესებულა.
"ჩვენს წინ დიდი `ბასეინია.~ წლების განმავლობაში არც ნაგვის მანქანა დადიოდა და არც ურნები იდგა. მოსახლეობას სხვა საშუალება რომ არ ჰქონდა, ნაგავს ამ ბასეინში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიდა. წლების წინ დაგროვილი ნაგვის გატანა არავის უფიქრია,"_ გვითხრა `ქიზიყის~ ქუჩის მკვიდრმა, დიანა ღვედაშვილმა. საპირისპიროს ამბობს წნორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რეზო ტუხაშვილი. 
"ჩვენ ერთხელ უკვე გავასუფთავეთ არსებული ნაგავსაყრელები. იმის მიუხადავად, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ნაგვის მოტოციკლი დადის, მოსახლეობა ამ ტერიტორიებს ისევ აბინძურებს," – აღნიშნა რეზო ტუხაშვილმა.
ნაგვის მოტოციკლის არსებობას მოსახლეობა არ უარყოფს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ამ უბანში ბევრი გაჭირვებული ცხოვრობს და გადასახადის გადახდა არ შეუძლია. 
"სულ ცოტა ხანია რაც აქ ნაგვის მოტოციკლი გამოჩნდა და ერთ ადამიანზე 40 თეთრია გადასახდელი. თითქმის ყველა ოჯახში 4-5 ადამიანზე მეტი ცხოვრობს და გადასახადი 2 ლარს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს, მაინც ვცდილობთ ამ ბასეინს ახალი ნაგავი აღარ დავამატოთ და მოტოციკლს გავატანოთ. ადგილობრივი ხელმძღვანელობის მტკიცება, რომ ეს ტერიტორია გასუფთავდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ეს ადგილი არავის გაუწმენდია," – გვითხრა ამ ქუჩის მკვიდრმა, ნათელა ნადირიანმა.
ფაქტია, რომ "ქიზიყის" ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხეც რეალურად არსებობს. მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ თავის მართლებას და დამნაშავის ძებნას, სჯობს ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარებაზე დროულად იზრუნოს.



ნინო კორაშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.