|
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ თვალის მიკოროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა `ოფთალმიჯის~ გურჯაანის ფილიალი გაიხსნა, რომელიც კომისარიატის შენობაში მდებარეობს და თელავის შემდეგ კახეთში მეორეა. "ჩვენ გადავწყვიტეთ კახეთში კიდევ ერთი ფილიალი გაგვეხსნა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გურჯაანის მუნიციპალიტეტი შევარჩიეთ. აქ დასაქმდება ადგილობრივი კადრი, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს და გამოკვლევებს ჩაატარებს. ოპერაციების შემთხვევაში კი ბრიგადა თბილისიდან ჩამოვა," _ განმარტა `ოფთალმიჯის~ ხელმძღვანელმა, გია ჯავრიშვილმა.
გურჯაანში თვალის მიკოროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის ახალი ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც პირველი პაციენტი იყო, ამ სიახლეს საკმაოდ დადებითად აფასებს. ასევე კმაყოფილები არიან გურჯაანელები და ამბობენ, რომ ამ კლინიკის გახსნა დროის მოგების მიზნით მათთვის ხელსაყრელია. "ძალიან კმაყოფილი ვარ და მივესალმები ამ სიახლეს. მხედველობა მაკლია და თვალის გამოსაკვლევად მოვედი. დიდი ყურადღება მომაქციეს და საკმაოდ კარგი კონსულტაცია გამიწიეს. 15 ლარი გადავიხადე, ფასები მისაღებია და როგორც ჩანს, პროფესიონალი კადრიც ჰყავთ შერჩეული," _ ამბობს გურჯაანელი ლილი სააკოვი.
"16 წელია, რაც `ოფთალმიჯი~ არსებობს. 1998 წელს გაიხსნა თელავის ფილიალი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. იმედია, კლინიკა გურჯაანშიც წარმატებით იმუშავებს და მოსახლეობა კმაყოფილი იქნება. რაც შეეხება მომსახურებას, პირველ რიგში მოხდება პაციენტების სრული დიაგნოსტიკა, ხოლო თვეში ორჯერ თბილისიდან მოვიწვევთ ოფთალმიჯის წამყვან ქირურგებს, რომლებიც ჩაატარებენ ოპერაციებს. აქვე აღვნიშნავ, რომ კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობას ვთავაზობთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს, ოპერაციებისა და მკურნალობის ღირებულება არსებულ სტანდარტებთან შედარებით დაბალი და ხელმისაწვდომი იქნება," _ განმარტა კახეთის რეგიონში `ოფთალმიჯის~ ხელმძღვანელმა მანანა ხუციშვილმა.
მარინა პეტრიაშვილი
29.12.2011 |