|
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ამბულატორიის მედპერსონალი და მოსახლეობა შენობის რეაბილიტაციას ან ახლის აშენებას ითხოვს. როგორც ექიმები განმარტავენ, პაციენტების მიღება საშინელ პირობებში უწევთ. საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი კი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გახარჯვა და პრობლემის მოგვარება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ამბულატორიები მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.
სოფელ ბაკურციხეში, რომელიც ქალაქ გურჯაანიდან 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 3 ათას 500 კაცი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბულატორიის შენობის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ. ორბრიგადიან (ორი ოჯახის ექიმი და ორი ექთანი) მედპერსონალს პაციენტების მიღება და დახმარების აღმოჩენა გაუსაძლის პირობებში უწევს. ექიმი მანანა ძმანაშვილი `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ კარდენახში ამბულატორიისთვის ორსართულიანი შენობა გარემონტდა, რომელიც პროექტის მიხედვით ბაკურციხესა და ძირკოკსაც მოემსახურებოდა. `მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა სამი სოფლისთვის ერთი ამბულატორია გააკეთეს. იქ უნდა გვევლო ყველას, რაც ძალიან ცუდია, რადგან ტრანსპორტირება ჭირს. ბაკურციხიდან კარდენახამდე ტაქსით რომ გადახვიდე, 2-3 ლარია საჭირო, მოსახლეობას ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ არ დავთანხმდით და აქ დავრჩით. ერთი ამბულატორია სამ სოფელს ემსახურებოდეს ეს ამერიკულ-ინგლისური ვარიანტია და ჩვენს რეალობას არ ერგება,~ _ ამბობს მანანა ძმანაშვილი და იქვე განმარტავს, რომ ახალი სამედიცინო აღჭურვილობაც აქვთ, თუმცა შენობა დაუცველია და მოპარვის საფრთხე არსებობს. `საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს: შაქრის გლუკოზის ტესტი, კარდიოგრამის გადასაღები აპარატი და ა.შ. ჩვენს საკუთრებაშია, რომელიც 2010 წელს პრეზიდენტმა სიმბოლურად ერთ ლარად გადმოგვცა, მაგრამ სად მოვიტანოთ, ან სად დავდგათ?! რა თქმა უნდა, ფასეულია და მოიპარავენ. ძველისძველი რადიატორები დაჭრეს და წაიღეს, აპარატურას ვინ შეგვარჩენს?! ამით ხომ ჩვენი მოსახლეობა ზარალდება! რა პროცედურების გაკეთებაც აქვე შეიძლება, იმისთვის სხვაგან რატომ უნდა წავიდნენ? სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ მინიმუმ 5 ოთახი მაინც შერემონტდეს, ან ეზოში ახალი შენობა აგვიშენონ,~ _ აღნიშნავს იგი.
ბაკურციხის ამბულატორიის ექიმი ლელა ბერიძიშვილი ამბობს, რომ ამბულატორიის პირობების გაუმჯობესებისთვის ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან ოჯახის ექიმებს, თითოეულს 2 ათასი ლარი ჩაერიცხათ, თუმცა თანხას ვერ იყენებენ. `პრეზიდენტის ფონდმა მეც და მანანასაც თანხა გადმოგვირიცხა, (ავტ: საქართველოს მთავრობის #62 განკარგულების საფუძველზე 800 სოფლის ექიმს გადაეცა 5000 ლარის ღირებულების აღჭურვილობა და 2000 ლარი მიზნობრივი გრანტისოციალური დახმარების სახთ www.gfma.ge) მაგრამ ამ დრომდე ხელუხლებელია. სულ ოთხი ათასი გამოგვდის, მაგრამ არაფერში გვეყოფა ჭერი რომ გავაკეთოთ იატაკი სადაცაა ჩაინგრევა, იატაკი რომ გამოვცვალოთ, ახლა ჭერიდან ჩამოვა წყალი. ორივესთვის კი საკმარისი არ არის. ამიტომ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ველოდებით, იქნებ რამე გვიშველონ და ამ თანხას დავამატოთ,~ _ ამბობს ოჯახის ექიმი ლელა ბერიძიშვილი.
მისივე თქმით, შენობა იმდენად დაუცველი და ძველია, რომ გასულ ზაფხულს ორი ქვეწარმავალი თავად მოკლა. `სარდაფიდან გველები ამოდიან, ორჯერ ჩემი ხელით მოვკალი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ცუდ მდგომარეობაში ყოფნა არამარტო ჩვენ, არამედ თავად მოსახლეობასაც უწევს. მაგალითად, გუშინ (24.01.2012) 20 ბავშვი ავცერით. ერთიციდა ბავშვები გაყინულ კორიდორში იყვნენ, სადაც არც სკამია და არც გათბობა. შეშა ჩვენ თვითონ ვიყიდეთ, 100 ლარი გადავიხადეთ და მხოლოდ ერთ პატარა ოთახს ვათბობთ. პაციენტებსაც აქ ვიღებთ, სხვა გზა არ გვაქვს,~_ გვეუბნება ლელა ბერიძიშვილი.
ბაკურციხის მკვიდრი მანანა ბეჟაშვილი ამბობს, რომ სოფელი ცენტრალური მნიშვნელობისაა და ამბულატორია აუცილებლად სჭირდებათ. `ბაკურციხე დიდი სოფელია. ასეთ მრავალრიცხოვან მოსახლეობას ნორმალური სამედიცინო დაწესებულება უნდა ჰქონდეს და ექიმთან კონსულტაციისთვის კარდენახში არ უნდა დადიოდეს. არადა ეხლა ისეთი ცუდი მდგომარეობაა, შენობაში სიცივეა, ზაფხულში გველები ამოდიან, დასაჯდომად სკამიც არ არის. იქნებ გაითვალისწინონ და ყურადღება მოგვაქციონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ეხება,~ _ განმარტავს მანანა ბეჟაშვილი.
ამბულატორიის მედპერსონალის თქმით, მათ თელავის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და ანაზღაურებასაც სწორედ აქედან იღებენ. `ადრე ამბულატორიების გაერთიანება იყო, ახლა ფიზიკური პირები ვართ. ხელშეკრულება კი `სოფლის ექიმის პროგრამა~-ზე გვაქვს გაფორმებული. ანაზღაურების 20%-ს საგადასახადოში ვიხდით, გარდა ამისა ყველა ხარჯს ჩვენი ხელფასიდან ვფარავთ (ფხვნილი, შეშა, ჟელე), გაზი და წყალი არ გვაქვს. რაც შეეხება დენს, თვითონ შემოვიყვანეთ და გადასახადსაც ჩვენ ვიხდით. იმდენი ხარჯი გვაქვს, ხშირად ვამბოთ ხოლმე, რომ ჩვენი ხელფასი `კონკიას ნამცეცებია,~ _ ამბობენ ექიმები.
სოფელ ბაკურციხის ამბულატორიის პრობლემის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფორმაციას ფლობენ, თუმცა საკითხის მოგვარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული საკითხი გუბერნატორთან განსახილველად წარადგინეს. `უახლოეს დღეებში გუბერნატორთან ერთად ბაკურციხეში უნდა მივიდეთ. ადგილზე ვნახავთ, თუ რა მდგომარეობაშია შენობა: აღსადგენია თუ ახალია ასაშენებელი,~ _ განმარტა ზაქარია იაგანაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა საკრებულომ არაერთხელ განიხილა, თუმცა საკითხის გადაჭრა ვერ ხერხდებოდა. `ზოგადად, ამბულატორიები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, სახელმწიფო ქონებაა და მაგისთვის თანხის გახარჯვის უფლება არ გვაქვს. ბოლო ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში უკვე მზადდება ბრძანების პროექტი, რომლის თანახმადაც ამბულატორიების მთელი უძრავ-მოძრავი ქონება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. მას შემდეგ, რაც ბრძანებას მივიღებთ, მოგვეცემა საშუალება, რომ ამ საკითხზე ფული დავხარჯოთ. ეს ბარიერი უახლოეს მომავალში მოიხსნება,~ _ გვითხრა ზაქარია იაგანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ამბულატორია 1960 წელსაა აშენებული და ამ შენობაში, თავდაპირველად მეურნეობის კანტორა იყო განთავსებული.
ინგა ბიტარაშვილი
06.02.2012 |