მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"112-ის" მომსახურება მთავრობამ უნდა დააფინანსოს"

სპექტრი. 2012 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი `112~ ამოქმედდა და შესაბამისად, მომსახურების საფასური სხვადასხვა სატელეფონო ქსელის აბონენტებს უკვე დაექვითათ. ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ ამერიკული ,,911‘‘-ის პირდაპირ კოპირება შეუძლებელია და ის საქართველოს რეალობაზე უნდა იყოს მორგებული. მათივე თქმით, `112~ საჯარო სერვისს მიეკუთვნება და ეს მომსახურება სწორედ მთავრობამ უნდა დააფინანსოს.

გასულ კვირას სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელის აბონენტებმა ასეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება (სმს) მიიღეს: "01.01.2012-დან, მთავრობის #489 დადგენილებით ,,112‘‘-ის საფასური 20 თეთრი (იურიდიულ პირებისთვის 50 თეთრი, ავტ.) დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან დახარჯული თანხა აღემატება 5 ლარს." სმს უმრავლესობისთვის გაუგებარი და დამაბნეველი აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა ჩათვალა, რომ ეს ტექსტი რაღაც გაურკვეველ მაქინაციებს უკავშირდებოდა, ზოგმა სიტუაციის გასარკვევათ ფიჭური კავშირგაბმულობის ოფისებს მიაკითხა. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 27 დეკემბერს მიიღო #489 დადგენილება, რომლითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის `112~-ის მომსახურების საფასური, განაკვეთები და გადახდის წესი დამტკიცდა. დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ასევე აღნიშნულია, რომ დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. `112~-ზე დარეკვით შესაძლებელი იქნება გადაუდებელი დახმარების გამოძახება შემდეგი სახის სიტუაციების დროს: "სახანძრო და სამაშველო სიტუაციები, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობა: სამართალდარღვევისას შესაბამისი სამსახურის გამოძახების აუცილებლობა; ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება; სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება." (დადგენილება #489)

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, საკომუნიკაციო კომპანიებმა, მომსახურების საფასურის დარიცხვა, საკუთარ აბონენტებს იანვრის ბოლო რიცხვებში მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობეს. სსიპ `112~-ის მომსახურებით სარგებლობა ფასიანია. ფიზიკური პირებისთვის _ 20 თეთრით, ხოლო იურიდიული პირებისა და ორგანიზაციებისთვის 50 თეთრი. თანხა ანგარიშიდან იმ შემთხვევაში დაიქვითება, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან გახარჯული თანხა 5 ლარს აღემატება. საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს. გარდა მობილური ტელეფონებისა, დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, ფიქსირებულ ტელეფონებზე საფასური გადაიხდება იმ შემთხვევაში თუ:

*ტელეფონზე კალენდარული თვის განმავლობაში მოხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და ერთხელ მაინც იქნება ტელეფონი ორმხრივად ჩართული;

*ნომერზე არ ხდება სააბონენტო გადასახადის დარიცხვა, მაგრამ კალენდარული თვის განმავლობაში მოხდება ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;

*სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას თუ სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდება ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. (დადგენილება #489)

აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მოსახლეობა `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე, თანხის ჩამოჭრის პრინციპებთან დაკავშირებული ინფორმაცია შედარებით მსუბუქ ფორმებში იყო გავრცელებული. `თუ არ ვცდები კანონპროექტზე საუბარი ნოემბერში იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ ტელეფონიდან თანხა მხოლოდ დარეკვისას ჩამოგვეჭრებოდა, გუშინ კი უკვე 20 თეთრი დამექვითა, ფაქტიურად გვძარცვავენ. ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ არ დავრეკე რატომ უნდა გადავიხადო, თუნდაც ორი თეთრი. ჩემთვის თითოეულ კაპიკსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,~ _ გვითხრა ნელი აბულაშვილმა.

ლარისა ყოჩიშვილის თქმით, ამ მომსახურებისთვის მის ოჯახს თვის განმავლობაში 1 ლარი და 40 თეთრის გადახდა მოუწევს. `ოჯახში ექვსი წევრი ვცხოვრობთ. 5 მობილური გვაქვს, მათ შორის ერთი ორკარტიანი. გარდა ამისა, ვსარგებლობთ სილქნეტის ფიქსირებული ტელეფონით. ამ დროს შესაძლებელია სულ არ დამჭირდეს ,,112‘‘-ის გამოძახება. რისთვის უნდა ვიხადოთ ყოველთვიურად ეს თანხა? ფაქტია, რომ მთავრობას მოსახლეობის ხარჯზე სურს გამდიდრება, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. როგორც ისინი იტყვიან, ყველაფერი ისე იქნება, ჩვენ ვინ რას გვეკითხება?!~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ქალბატონი ნათელა ამბობს, რომ `112~-ის მომსახურება ყველა მოქალაქისთვის უფასო უნდა იყოს: `მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვებულია, ამიტომაც ამ მომსახურებაში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ. ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ უმუშევარი ხალხის რაოდენობა შეამციროს და გადასახადები ისე გაზარდოს. ყველაფერზე ვჩუმდებით, ანდა სხვა რა გზა გვაქვს?!~ _ ამბობს მოქალაქე.

მოსახლეობის მსგავსად, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანია ამ დადგენილებას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული მომსახურება საჯარო სერვისს მიეკუთვნება და მასთან დაკავშირება უფასო უნდა იყოს. `თუ რატომ გახდა საჭირო ,,112‘‘-ის ამოქმედება, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილებაში ამის საფუძველი არ ჩანს. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, ამ მომსახურებაზე ოფიციალური გადასახადის დაწესება, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის. `112~ საჯარო სერვისს მიეკუთვნება, რომლის მიმწოდებელიც მთავრობაა და ეს მომსახურება სწორედ მთავრობამ უნდა დააფინანსოს. აღსანიშნავია ერთი რამ: დადგენილებაში კი წერია, რომ მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების სია უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს მათი მდგომარეობა, რათა არ ჩამოეჭრათ განსაზღვრული 20 თეთრი, მაგრამ ამის მონიტორინგი საკმაოდ პრობლემატური იქნება. თითქმის ყოველთვიურად ხორციელდება ცვლილებები სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და როგორ შეიძლება მობილურმა ოპერატორებმა ეს ყველაფერი დროულად გაითავალისწინონ?!~ _ გვითხრა დავით ნარმანიამ და იქვე განმარტა, რომ `112~ ამერიკული `911~-ის ანალოგია, თუმცა მომსახურების გადასახადის დაწესებისას ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ. `ჩვენ საქართველო ვართ, ამერიკა კი ამერიკაა. იქ მსყიდველუნარიანობა, ეკონომიკური განვითარების დონე, ადამიანის სოციალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია ვიდრე საქართველოში. ამიტომაც მათი შედარება მაინცდამაინც არ არის სასურველი,~ _ განმარტა დავით ნარმანიამ.

დავაკონკრეტებთ, რომ დადგენილების თანახმად, `სსიპ `112~-ის მომსახურების საფასურის გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილიური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები.~ მათ დაწესებული გადასახადი ყოველთვიურად ჩამოეჭრებათ, იმის მიუხედავად, ისარგებლეს თუ არა ამ სერვისით.


ინგა ბიტარაშვილი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Lot of smrtas in that posting!
ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 25 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.