მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
დახმარების გარეშე დარჩენილი დაზარალებული მოსახლეობა

სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზაფხულზე მომხდარი სტიქიის შედეგად არაერთი ოჯახი დაზარალდა. მათ დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 33 ათას ლარამდე თანხა გამოიყო, რომელიც დაზარალებულებს 100 ლარის ოდენობით გადაუნაწილდათ. თუმცა, ზოგიერთმა ოჯახმა კომპენსაცია იმიტომ ვერ მიიღო, რომ გამგეობას განცხადებით არ მიმართა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენისა და არეშფერანის თემის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. მათი თქმით, სტიქიამ მოსავალთან ერთად, ზამთრისთვის დამარაგებული პროდუქტებიც გააჩანაგა. "წყალდიდობის შედეგად ზამთრის მარაგი საერთოდ გაგვინადგურდა. რასაც პადვალში ვინახავდით, ყველაფერი წყალში ტივტივებდა. სარდაფიდან წყალს ჯერ ვედროებით ვეზიდებოდით, ელექტროენერგიის მოსვლის შემდეგ კი პომპებით ვტუმბავდით. ქვევრები ახლაც წყლით არის სავსე. სახლის საძირკველიც დაზიანდა. დახმარებისთვის განცხადებით მივმართე ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მალევე მოვიდნენ, შეამოწმეს, ფოტოები გადაიღეს და დახმარებასაც დაგვპირდნენ," _ ამბობს ქვემო ბოლქვის მცხოვრები ლეილა დევლარაშვილი.

ზარალის შესახებ მისი მეზობლებიც საუბრობენ. "ოთხ ჰექტარზე სიმინდი მქონდა და ორი წყალმა საერთოდ გაანადგურა, ასევე დაზიანდა კიტრის სათბური, საიდანაც 1500-2000 ლარის შემოსავალი მაინც უნდა მქონოდა, მაგრამ 500 ლარიც ვერ ავიღე. ცელოფნის ვალი დღესაც გასასტუმრებელი მაქვს. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა, მხოლოდ ტალახი და ქვიშა შემოიტანა წყალმა ეზოში და წიწილები დამიხოცა," _ გვითხრა არეშფერანის თემის სოფელ ქვემო ბოლქვში მცხოვრებმა ბულბული ბერიძემ.

მოსახლეობის თქმით, წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად ზიტა თედეევის ოჯახი დაზარალდა, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. "გაზაფხულზე მომხდარმა წყალდიდობამ სახლი დამიზიანა, კედელი ჩამოინგრა და რაც საოჯახო ნივთები მქონდა, ყველაფერი დაიმტვრა. ოჯახში რვა ადამიანი ვცხოვრობთ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია და ღამეებს შიშით ვათევთ. კედელთან გარდერობი მაქვს მიდგმული, რომ კედლის დარჩენილი ნაწილი შიგნით არ გადმოინგრეს. პატარა ნიავის დროსაც კი სახლი მთლიანად ზანზარებს. დახმარებისთვის განცხადება დავწერე და შესამოწმებლადაც იყვნენ მოსულები. მართალია, 100 ლარი ჩემთვის არაფერია, როცა ასეთი პრობლემა მაქვს, მაგრამ ხელს მაინც მოვინაცვლებ," _ ამბობს ქვემო ბოლქვში მცხოვრები ზიტა თედეევი.

მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დახმარების თაობაზე განცხადება არ შეუტანია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. "ნიაღვარმა მთლიანად დატბორა ეზო და პადვალი. რასაც წყალი მოხვდა, ყველაფერი გაფუჭდა: ფქვილი, ქატო, ხორბალი, სიმინდი, რაც კი რამე მებადა. ეზოში სამშენებლო მასალა და სკამები მეწყო, იქვე ყუთში წიწილები მყავდა და ყველაფერი ერთად ტივტივებდა წყალში. რისი გადარჩენაც მოვახერხე, მეორე სართულზე ავიტანე, რაც არა და, გადავყარე. როდესაც სანახავად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (ყოფილი) ტარიელ თედეევი მოვიდა, მითხრა: სკები მაინც ამოიღეთ წყლიდან, ფუჭდებაო, არადა სკებთან ერთად 800-900 ლარის სამშენებლო მასალა ცურავდა წყალში. მთელი ორი კვირა დატბორილი იყო ეზო და შეძლებისდაგვარად ვცდილობდით როგორმე გონს მოვსულიყავით. ამიტომ განცხადების შეტანაზე არც კი მიფიქრია, მითუმეტეს, რომ ბატონმა ტარიელმა თავისი თვალით ნახა რა მდგომარეობა იყო ჩემს სახლში," _ გვიყვება არეშფერანის მკვიდრი იზოლდა მამაიაშვილი.

ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს, `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნავს: "სოფელს ისედაც მრავალი პრობლემა აქვს, სტიქიური მოვლენები რომ არ ემატებოდეს. წყალდიდობამ ძალიან არა, მაგრამ მეც დამაზარალა. რაც შეეხება დახმარებას, მას ის ადამიანები უფრო იღებენ, ვისაც ეს ნაკლებად სჭირდება, ვიდრე ისინი, რომლებიც რეალურად დაზარალდნენ," _ ამბობს არეშფერანის თემის სოფელ ხოშოტიანში მცხოვრები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობს და სახლის დანგრევის ფაქტს გამორიცხავს. "გაზაფხულზე დიდი წვიმების შედეგად მოვარდნილმა წყალმა აფენისა და არეშფერანის თემის სოფლები დატბორა, რის გამოც მოსახლეობას ფქვილი და სურსათი გაუნადგურდა. კომისია ადგილზე ჩავიდა და არსებული მდგომარეობა შეამოწმა. არ მახსოვს, რომ სახლის დანგრევის საფუძველზე ვინმეს მოემართა. ასე რომ ყოფილიყო, სტიქიური უბედურებით დანგრეულ სახლებზე კომპენსაციას გავცემდით. სამწუხაროდ, სახლები ხშირად ინგრევა სიძველის, ცემენტის ნაკლებობის და სხვა მიზეზების გამო, ამიტომ მოსახლეობა მარტივ გამოსავალს ეძებს და სახლების დანგრევას სტიქიურ უბედურებას უკავშირებს," _ განმარტავს დიმიტრი ლოლაძე.

მისივე თქმით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დაზარალებულების დასახმარებლად 33 ათას ლარამდე გამოიყო, რომელიც თითოეულ ოჯახზე გადანაწილდა. "ზარალი კატეგორიების მიხედვით არ დაგვიყვია და სრულადაც არ აგვინაზღაურებია. რისი შესაძლებლობაც იყო, იმის მიხედვით დავეხმარეთ ხალხს. ვინც კი განცხადებით მოგვმართა, ყველას 100-100 ლარი გადაეცა," _ გვითხრა დიმიტრი ლოლაძემ.

მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომელიც დახმარების გარეშე დარჩა, უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ განცხადების დაწერა იყო საჭირო. როგორც ისინი ამბობენ, მართალია, 100 ლარი ძალიან მცირეა, მაგრამ კომუნალური გადასახადების დასაფარად მაინც გამოიყენებდნენ. ამიტომ ადგილობრივ ხელმძღვანელობას სთხოვენ, მათი გასაჭირი გაითვალისწინოს და მცირედით მაინც დაეხმაროს. 


მარი გონაშვილი
11.08.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 25 °C
ღამით + 17 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.