|
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია 2009 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დაწყებისთანავე, ადგილობრივ მოსახლეობაში არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი. მათი თქმით, გამრიცხველიანების შემდეგ გადათხრილი ქუჩები, ორმოები და დაზიანებული ტროტუარები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია `სერპანტინის~ მიერ გადათხრილი გზებისა და უყურადღებოდ მიტოვებული ორმოების გამო რედაქციას ამჯერად უკვე რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს. მათი თქმით, ყოფილი საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ორმოა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რიგით გამვლელს.
რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლების განმარტებით, ამ საკითხზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წყალმომარაგების კომპანიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
"ეს ორმოები მაშინ გათხარეს, როდესაც `სოჩიკები~ დააყენეს. მუშებმა გვითხრეს, ცოტა ხანში მოვალთ და ამასაც გავაკეთებთო, მაგრამ არავინაც არ მოსულა. ყოველდღიურად ამ გზაზე ასობით ადამიანი დადის, მათ შორის ბავშვებიც. აქვე სკოლაა, 9 აპრილის ქუჩიდან მოსწავლეები სულ ამ ჩიხით დადიან და რამდენჯერმე ამ ორმოში ჩაცვივდნენ კიდეც, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩნენ. ასე ღიად როდემდე უნდა იყოს? ხომ შეიძლება მსგავსი შემთხვევა ღამით მოხდეს და ადამიანი მოკვდეს კიდეც. დღისით ვინმე დაინახავს და მიეხმარება მაინც," _ გვითხრა გულჩინა ყარალაშვილმა.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები ლია ელიზბარაშვილის თქმით, ეს მონაკვეთი ძალიან საშიშია და სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს. "გიორგი ჯაჯანაშვილს ათასჯერ მაინც დავურეკეთ და ასეთი პასუხი გაგვცა: "კი, ბატონო, მოვალთ და გავაკეთებთო, მაგრამ დღემდე არ აღირსეს. ბავშვები შიშით გარეთ ვერ გამოგვიშვია. იყო შემთხვევა, როდესაც მანქანა ჩავარდა და ძლივს ამოათრიეს."
მას ეთანხმებიან მეზობლები: თემურ ქურდაძე, შორენა ბაჩანაშვილი, ციალა მთვარელაშვილი და სხვები.
ხშირად შექმნილი ავარიული სიტუაციის შესახებ საუბრობენ მძღოლებიც, რომლებსაც ამ გზაზე სიარული ყოველდღე უხდებათ. "მანქანა მყავს და ვტაქსაობ. საავადმყოფო ახლა აქეთ გადმოიტანეს და ამ გზაზე მოძრაობა დღეში რამდენჯერმე მიწევს. ავარიული სიტუაცია ძალიან ხშირად იქმნება. ისედაც ვიწრო მოსახვევია და ქვემოდან რომ მოდიხარ, სანამ არ შემოუხვევ, ორმოები არც ჩანს. ამ დროს, თუ ზემოდან შემხვედრი მანქანა მოდის, იძულებული ხარ, ნაპირზე გადახვიდე და შესაძლოა, ორმოში ჩავარდე. თუ ვერ მოარიდებ, მაშინ მანქანას უნდა დაეჯახო. ასე არ შეიძლება, ეს გზა აუცილებლად უნდა გაკეთდეს," _ გვითხრა მალხაზ სოლოღაშვილმა.
მოსახლეობა იმის შესახებაც საუბრობს, რომ სწორედ ამ ჩანგრეული გზის ქვეშ გადის საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ღიად მიედინება. გარდა იმისა, რომ შესაძლოა ამ თხრილში ადამიანი ჩავარდეს და დაშავდეს, ქუჩაში დგას საშინელი სუნი, რაც მოსახლეობას კიდევ ერთ პრობლემას უქმნის. "ზაფხულია და ამ სიცხეში ადამიანი სახლში როგორ გაჩერდება?! არადა, ზოგჯერ ისეთი სუნი დგას, რომ ამ ტერიტორიაზე გავლაც კი შეუძლებელია, არათუ საღამოობით გარეთ გამოსვლა და დასვენება. იქნებ ვინმემ ამ საკითხის მოგვარებაზე უზრუნოს," _ ამბობენ რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გურჯაანის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერს გიორგი ჯაჯანაშვილს მივმართეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხების მოგვარება მათ აღარ ეხებათ. "ეხლა იწყება ამ ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარის დაგება, რომელსაც საგზაო სამსახური ახორციელებს და ცოტა ხანში ამ პრობლემას ისინი გამოასწორებენ."
ამგვარ სიტუაციაში ქალაქ გურჯაანში არაერთი ქუჩაა. აღნიშნულის თაობაზე გაზეთი `სპექტრი~ გასულ ნომრებშიც წერდა. სტატიებში საუბარი იყო ლომონოსოვის, კოსტავას, ქოროღლიშვილის, გურამიშვილის, 9 აპრილისა და სხვა დაზიანებული ქუჩების შესახებ, სადაც დღესდღეობით იგივე მდგომარეობაა და პრობლემები ჯერაც მოუგვარებელია.
მარინა პეტრიაშვილი
11.08.2012 |