მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
სტიქიიდან ოცდამეერთე დღე და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები

სპექტრი. კახეთში მომხდარი სტიქიიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. საყოველთაო მობილიზაციის მიუხედავად, დაზარალებულ სოფლებში ჯერ კიდევ მრავლადაა სახურავგადახდილი სახლები. ხელისუფლების თქმით, შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებიან, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი უკმაყოფილოა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ამ ხნის განმავლობაში კვლავაც მოუგვარებელია.

სტიქიით დაზარალებულ სოფლებში საცხოვრებელი სახლების გადახურვა თითქმის 2 კვირაა, რაც დასრულდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხელოსნების ჯგუფები უკვე თავიანთ რაიონებში დაბრუნდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა და შველას ისევ ხელისუფლებისგან ელის, თუმცა ამის იმედიც ნაკლებად შერჩათ. სოფელ კალაურში მცხოვრები ნინო გვარაძის სახლი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. დამტვრეული სახურავის ერთ ნაწილს ე.წ. `პალატკა~ აქვს გადაფარებული, თუმცა, ამის მიუხედავად ოთახიდან ცა მაინც მოჩანს. ქალბატონი ნინოს თქმით, მისი გასაჭირის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია, მაგრამ ჯერ არავინ დახმარებია. "თქვენც ხედავთ სახლი რა მდგომარეობაშია. ამ ზამთარს თოვლი რომ მოვიდა, მაშინვე 13 ადგილას გაიბზარა ჭერი, ამას კიდევ სტიქიაც დაემატა. რკინის ქალამნები ჩავიცვი და სად აღარ ვიარე, მაგრამ კაციშვილი არ არის ჩემი მომხედი. სტიქიიდან მეორე დღესვე კომისია დილის 9 საათზე მოვიდა. ამ დროს მუხლებამდე წყალში ვიდექით. ექსპერტმა გამგებელს უთხრა: ძალიან სავალალო მდგომარეობააო. ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვათ? გურჯაანის გამგებელი და მოადგილეებიც მოვიდნენ. დამპირდნენ, მეორე ეტაპი იქნებაო, მაგრამ პასუხს გარკვევით არ მეუბნებიან. ჩემს მეზობლად კი ჭერი ყველას დაუფარეს," _ გვითხრა ნინო გვარაძემ.

როგორც ქალბატონი ნინო აღნიშნავს, მართალია, მისი ოჯახი 100%-ით დაზარალებულთა სიაში მოხვდა, მაგრამ 1500 ლარი, რომელიც ამ კატეგორიის მოსახლეობას ეკუთვნის, პრობლემებს ვერ გადაჭრის. "როდესაც სურსათი მოგვიტანეს, ბატონი ადეიშვილიც აქ იყო. მაშინ ვუთხარი: თქვენი არც პროდუქტი მინდა და არც არაფერი, სახლს მიმიხედეთ, სამი წლის შვილიშვილი მყავს და როდის ჩამომენგრევა ჭერი თავზე არ ვიცი-მეთქი. სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ ვიღებ. ატმის ორი ბაღი მქონდა და ერთი ვენახი, ყველაფერი 100%-ით გამინადგურდა. ამ კუთხით ჯერ არავინ დაგვხმარებია, უბრალოდ მოვიდნენ და რაღაცეები ჩაიწერეს. ერთ ბაღში 5 ტონა ატამი მაინც უნდა დამეკრიფა. არადა, კომპენსაციას მხოლოდ 1500 ლარს გვპირდებიან. აბა, იმ ადამიანისთვის, ვისაც მწვანილიც კი აღარ აქვს ბოსტანში, ეს რა თანხაა?! ასე ჰაერში და ღვთის ანაბარა ვართ მიტოვებული."

ნინო გვარაძემ ისიც აღნიშნა, ამ მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ თუ არ დაეხმარებიან, არც თვითონ დადგება მათ გვერდში. გურჯაანში სტიქიის ეპიცენტრი, სოფელ ვაჩნაძიანი იყო, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა. თუმცა, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ აქაც ბევრი სახლი დარჩა შესაკეთებელი. გივი დალაქიშვილის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კომისიამ უკვე შეაფასა მისი მდგომარეობა, დახმარებასაც დაპირდნენ, მაგრამ უშედეგოდ. "ჩვენი სახლის სახურავიც დაზიანდა. შესამოწმებლად გამგეობიდანაც მოვიდნენ და თბილისიდანაც იმყოფებოდა საფინანსო ინსპექტორი. ზარალი აღწერეს და თქვეს, ჟეშტი გადასახდელია და ახლიდან არის გასაკეთებელიო. გამგებელმა თვითონ მისცა დავალება, მაგრამ მითხრეს უკვე ყველაფერი დამთავრდაო. ამის შემდეგ არანაირი ყურადღება აღარ მოუქცევიათ. არადა, ჭერი ყველა მხრიდან ახდილია, წყალმა რომ შემოასხა, კედლები დასველებულია. რაც კი ზამთრისთვის პროდუქტი გვქონდა დამარაგებული, სულ განადგურდა," _ გვითხრა გივი დალაქიშვილმა.

მისივე თანასოფლელის, ვაჟა დალაქიშვილის თქმით კი, მარტო სახლის გადახურვა არაფერია, თუ ადამიანს საარსებო წყარო არ აქვს. ამ მიზნით, სოფლის მაცხოვრებლების სახელით, ტრქატორის გამოყოფას ითხოვს, რომ მიწები დაამუშავონ, რათა სამომავლოდ მაინც ჰქონდეთ მოსავალი. "ჩვენი თხოვნაა, სოფელზე ტრაქტორი გამოყონ. კერძოდ რომ ვქირაობთ, ფასიც უნდა გადავუხადოთ, საწვავიც ჩავუსხათ და საჭმელიც ვაჭამოთ, ამის საშუალება კი არ გვაქვს. სალიარკაც ძალიან გაძვირდა. ტრაქტორის ქირა რომ აღარ გვექნება გადასახდელი, საწვავის თანხას ნელ-ნელა როგორმე დავფარავთ, თუ არადა, საერთოდ ვერ ამოვისუნთქებთ. ჯერ იყო და, მარწყვი დაგვესეტყვა, მერე ატამი და ვენახი. რით უნდა გავიდეთ იოლას? ამიტომ გვინდა ადგილები დავამუშავოთ, რომ იქნებ მემრისისთვის მაინც მოვიყვანოთ მოსავალი," _ გვითხრა ვაჟა დალაქიშვილმა და იქვე ისიც დაამატა: "სამუშაოც არაფერია, რომ დღიურ მუშად მაინც იაროს ადამიანმა. ხალხს საჭმელი არ აქვს და წარმოდგენა არ გვაქვს, რით უნდა ვიარსებოთ. სახლებს სახურავები დაახურეს და გაკეთებულს მეტს ვერაფერს ვხედავ. ფულადი ანაზღაურება ჯერ არავის მიუღია. ამ ზამთარს მთავრობამ რამენაირად უნდა გაგვატანინოს თავი, რომ მშივრები არ დავიხოცოთ. მიწასთან ვართ გასწორებულები. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის 2 მეშოკი ფქვილი არაფერია," _ თქვა მან.

აღნიშნული პრობლემების თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით მესხიშვილს მივმართეთ. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს. "სტიქიის შედეგად დაზიანებული ყველა ბინა გადაიხურა. რაც შეეხება კრამიტიან სახლებს, მარტო ერთი კი არა, 100-ზე მეტია და მათი აზომვები დღესაც მიმდინარეობს. ყველაფერი აღრიცხულია და გვინდა გამოვთვალოთ რა მასალა სჭირდება, თანხობრივად რა დაჯდება, რომ იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ამ სახლების მეპატრონეები არავითარ შემთხვევაში უყურადღებოდ არ დარჩებიან," _ აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

მან აქვე უარჰყო ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ვინმეს სახლის გადახურვაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ პროგრამა დამთავრდა. "ჩვენ ვაკეთებთ იმ სახლებს, რომელიც სტიქიამ დააზიანა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ბინა მანამდეც იყო დაზიანებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვერანაირ დახმარებას ვერ გავუწევდით, რადგან პროექტი მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებისთვისაა გათვლილი. შეიქმნა სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც ათვალიერებდნენ და სწორედ ამ გარემოებებს არკვევდნენ. ყველაფერი აქედან გამომდინარე გაკეთდა," _ გვითხრა დავით მესხიშვილმა.

"სპექტრის" კითხვაზე: თქვენ ფიქრობთ, რომ გივი დალაქიშვილის სახლი სტიქიამდე იყო დაზიანებული? დავით მესხიშვილმა გვიპასუხა: `არა, მე ასე არ ვფიქრობ~. მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის შესახებაც გვესაუბრა: "მოგეხსენებათ, დაზარალებულ სოფლებში მთავრობის მიერ დარიგდა შხამქიმიკატები და საწვავის ტალონები ნაკვეთების დასამუშავებლად. რაც შეეხება ტრაქტორებს, კახეთში ნამდვილად არ იგრძნობა მათი ნაკლებობა. ვაზისუბანში არის სპეციალური ტრაქტორების პარკი, სადაც ახალი ტექნიკაა შემოყვანილი და მოსახლეობას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია ისარგებლოს მათი მომსახურებით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში გვერდში დავუდგეთ ხალხს და მოვუგვაროთ პრობლემები," _ გვითხრა დავით მესხიშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, დაზარალებული მოსახლეობა შიშობს, რომ რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის შესახებაც ასე აქტიურად საუბრობენ, შესაძლებელია საერთოდაც არ განხორციელდეს. მით უფრო, თუკი მათი შესრულების ვადა არჩევნების შემდეგ გადაიწვეს. 


მარინა პეტრიაშვილი
11.08.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 27 °C
ღამით + 18 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.