|
სპექტრი. რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის თემის სოფელ ზემო ბოლქვში მოსახლეობის მიერ შეგროვილი თანხით წყალი დაბურღეს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჭაბურღილი მაშინვე დაზიანდა. წყალი მილის ნაცვლად ახლაც მიწიდან ამოდის, მიმდებარე ტერიტორია და სავარგულები მუდმივად იტბორება, რის გამოც, სოფელს დაჭაობება ემუქრება.
"წლების განმავლობაში სოფელში წყალი არ გვქონდა და იძულებულები ვიყავით შორი მანძილიდან ურიკაზე დალაგებული ბალონებით მოგვეტანა. რამდენიმე წლის წინ შეწუხებულამ მოსახლეობამ ჭაბურღილის მოწყობა თავად გადაწყვიტა და ამ მიზნით, თანხაც შეაგროვა. საკუთარი ძალებით ბურღიც დავარტყით, მაგრამ წყალი ტრუბაში ერთხელაც არ ამოსულა, გამოსასვლელი გვერდზე იპოვა და იქიდან მოედინება. მილის ირგვლივ კი მიწა თანდათან დაბლა იწევს და შესაძლოა, მალე ჩაინგრეს კიდეც. მეზობლად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და შიშით ბავშვებს გარეთ ვეღარ უშვებენ. შესაძლებლობა რომ გვქონდეს, კიდევ ერთხელ შევეცდებოდით ამ პრობლემას საკუთარი ხარჯებით მოგვარებას, მაგრამ სოფელში ისეთი გაჭირვებაა, რომ ამ თანხას ვერანაირად ვერ მოვაგროვებთ," _ გვითხრა საფირა გიგოლაევამ.
რადგან ლაგოდეხის ტერიტორია ჭარბწყლიანია, მოსახლეობის შიში აღნიშნულთან დაკავშირებით რეალურია. მით უფრო, რომ ანალოგიური პრობლემა ამავე სოფელში გასულ წლებშიც არსებობდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირა. "სოფლის ახლოს მდებარე მინდორში წლების წინ სწორედ ასეთმა შემთხვევამ ტერიტორია დააჭაობა, რასაც რამდენიმე უბედური შემთხვევა მოჰყვა. ჭაობმა რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა, რომ არაფერი ვთქვათ პირუტყვსა და ტექნიკაზე. საქონლის მომწყემსისას მწყემსი ჭაობში ჩავარდა და დაიხრჩო. ერთ-ერთი ჩვენი სოფლელი დაბინდებისას ნაკვეთიდან ბრუნდებოდა და ტრაქტორი ჩაუვარდა. თუ ეს პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, შეიძლება ამჯერადაც იგივე განმეორდეს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ჭაბურღილი დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს," _ ამბობს მზია კაჩლაევა.
მისივე თქმით, უკვე მრავალი წელია მოსახლეობა ამ საკითხის მოგვარებას ითხოვს და დაპირებას ყოველი არჩევნების წინ იღებს კიდეც, მაგრამ რეალურად დღემდე არაფერი გაკეთებულა.
"რამდენჯერმე სოფლის რწმუნებულს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსაც კი მივმართეთ და პრობლემის მოგვარებასაც დაგვპირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო 3 წლის მანძილზე თანხა ადგილობრივ ორგანოს ბიუჯეტში ირიცხებოდა, ფული სახეზე იყო, მაგრამ ვინ ჭამდა და ვინ იჯიბავდა, არაფერი ვიცით. პასუხსაც არ გვეუბნებოდნენ რაში იხარჯებოდა გამოყოფილი თანხა," _ აღნიშნავს სინდი გიგოლაევა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე პრობლემის შესახებ საქმის კურსშია და მისი მოგვარების პირობასაც დებს.
"ვერ გეტყვით ჭაბურღილი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსახლეობის ხარჯებითაა გაკეთებული თუ სახელმწიფოსი, მაგრამ ვიცი, რომ ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამისათვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია და პრობლემის მოგვარება უახლოეს მომავალში იგეგმება," _ ამბობს დიმიტრი ლოლაძე.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მსგავსი დაპირებები გასული არჩევნების დროსაც არაერთხელ მიიღეს, ამიტომ შიშობენ, რომ ესეც მორიგი წინასაარჩევნო დაპირება არ აღმოჩნდეს.
მარი გონაშვილი
11.08.2012 |