|
აპრილის კრიზისი..... ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარით გაირღვა, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოში პირველი შემთხვევაა. რა გახდა რეალურად ამის მიზეზი, რის ხარჯზე ხდება დღეს ბიუჯეტის შევსება და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში? ამ თემებზე ეკონომიკის ექსპერტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით ნარმანია გვესაუბრა.
- ბოლო ხუთი წელია, ქვეყანაში ბიუჯეტი პირველად არ შესრულდა. რა კომენტარს გააკეთებდით, რა არის დღეს საქართველოს ბიუჯეტის მთავარი პრობლემა?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის რამდენიმეწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, საქართველოში ბიუჯეტის დაგეგმვის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ დასახვეწია. ბიუჯეტი რეალურ პროგნოზებზე დაყრდნობით უნდა დაიგეგმოს, უნდა მოხდეს მაკროეკონომიკური პროგნოზირება, რათა შემდგომ ცვლილებების ხშირად განხორციელება საჭირო არ გახდეს. გარდა ამისა, ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტის დაგეგმვა პრიორიტეტების შერჩევის ფონზე უნდა განხორციელდეს. პირველ რიგში, ის უნდა დაფინანსდეს, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოება მინიმალური დოზით მონაწილეობს.
მოგეხსენებათ, ბიუჯეტის შესრულებას ნახევარი მილიონი ლარი დააკლდა, რაც მთლიანი ბიუჯეტის მოცულობით თუ ვიმსჯელებთ, საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. მაგრამ, სამწუხაროდ, ახლო მომავალში აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისა და გაგრძელების რეალური საშიშროება არსებობს. ერთი მხრივ, საერთაშორისო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ძალიან შემცირებულია. მეორე მხრივ, პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, ცხადია, ეკონომიკის განვითარებასა და კონკრეტულად, საბიუჯეტო შემოსავლებზე უარყოფით გავლენას ახდენს. დაბალი საბიუჯეტო ტენდენციების შენარჩუნება მოსალოდნელი და ლოგიკურია.
- რა ხდება გადასახადების კუთხით? ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, დღევანდელი ბიუჯეტი მარტო კრედიტებითა და გრანტებით ივსება...
- 2009 წლის ბიუჯეტს საერთაშორისო ფინანსურმა დახმარებებმა და კრედიტებმა მართლაც სულზე მოუსწრო. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება რუსული აგრესიის შემდეგ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილ თანხებს, მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად იყენებს, იქნება ეს სხვადასხვა სოციალური ღონისძიება, თუ შრომის ანაზღაურების გაცემა საჯარო დაწესებულებებში მომსახურე პირებისთვის. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები, რომლებიც წესით, შრომის ანაზღაურებას უნდა ხმარდებოდეს, ბიუჯეტში იმ მოცულობით არ ირიცხება, რაც ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად და დასაფინანსებლად არის საჭირო. ხელისუფლება კი ისეთ უკიდურეს ზომებს მიმართავს, როგორიც არის საერთაშორისო დახმარებებით ხელფასებისა და სოციალური ღონისძიებების დაფინანსება.
4,5 მილიარდიდან 2 მილიარდი სუფთა დახმარებაა, 2,5 მილიარდი კი კრედიტების სახით გვეძლევა. კრედიტებიდან მიღებული თანხის მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოყენება იმას ნიშნავს, რომ სოციალური ღონისძიებების დასაფარად რეალურზე მეტი ხარჯების გაწევა გვიწევს, რადგან როდესაც კრედიტების გასტუმრების დრო მოვა, ეს კრედიტები პროცენტების დამატებით უნდა გავისტუმროთ. მსგავსი ტენდენცია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის კარგი ნამდვილად არ არის. თუ ქვეყნის ხელისუფლება მიზნობრივად არ დახარჯავს იმ თანხას, რისთვისაც წინა ტრანშები იყო გამოყოფილი, შესაძლებელია, შემდგომი ტრანშების გამოყოფა აღარც მოხდეს. თუმცა ფაქტია, 2009-2010 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო დახმარებებსა და კრედიტებს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, შემოვა თუ არა ქვეყანაში 4,5 მილიარდი, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი მოცულობის დახმარება შემოდის, რასაც კვლავ ვიმეორებ, ხელისუფლება მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად იყენებს.
- თქვენი პროგნოზით, რა მოხდება წლის ბოლომდე ბიუჯეტში და არა მხოლოდ ბიუჯეტში. ექსპერტების ვარაუდით, საქართველოში კრიზისი პიკს შემოდგომაზე მიაღწევს.
- საქართველოში კრიზისის პიკი ჯერ არ დამდგარა. მართალია, ერთმა ტალღამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა, მაგრამ შემდგომი ტალღა ჯერ წინ არის. კრიზისის გარკვეულწილად შესუსტებას ექსპერტები მხოლოდ 2010 წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
ასეთ დროს სახელმწიფომ სამი მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გაითვალისწინოს. 1) მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს ნებისმიერი ქვეყანა თვალს უნდა ადევნებდეს. 2) თითოეულ სახელმწიფოს რეალურად მოქმედი ანტიკრიზისული სტრატეგია უნდა გააჩნდეს (დღეს მსგავსი სტრატეგია საქართველოს ნამდვილად არ გააჩნია). 3) ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყანამ ეკონომიკური ინტერესები არ შეიძლება შესწიროს.
ბიუჯეტში რესურსები იმ სფეროებისკენ უნდა მიმართონ, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით უკუგებას მოგვცემენ. აქცენტი იმ სფეროებზე უნდა გაკეთდეს, რომლებიც თუნდაც რამდენიმე ადამიანით მეტს დაასაქმებენ. გალამაზებისა და გამწვანების ღონისძიებებზე ფულის დახარჯვა გაცილებით ნაკლები მოგების მომტანი იქნება, ვიდრე ამ თანხების სოფლის მეურნეობაზე ორიენტირება, რომელიც ერთდროულად ადამიანების დასაქმებისა და დამატებითი პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.
ფინანსთა სამინისტროს, ხელისუფლებასთან ერთად, ბიუჯეტის გადახედვა მოუწევს. შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აუცილებელი გახდება. საქართველოში კრიზისის
თემურ კობახიძე
14.06.2009 |