მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
საერო ინსტიტუტი ,,რვალი" ,,ევროპული ხარისხის ნიშნით" დაჯილდოვდა

საქართველოს საერო ინსტიტუტი "რვალი" საკმაოდ პოპულარული, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია, არა მარტო რუსთავსა და ქვემო ქართლში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და როგორც ქვემოთაც დავინახავთ, მისი კეთილი სახელი არც უცხოელებისათვის ყოფილა უცნობი. ინსტიტუტი უკვე 12 წელია, ამზადებს და აკვალიანებს მაღალი პროფესიული დონის სპეციალისტებს. ამ პერიოდში ინსტიტუტის ისტორიაში მრავალი სასახელო ფურცელი ჩაიწერა. "რვალის" წარსულზე, აწმყოზე, მომავალსა და კიდევ ბევრ სხვა საამაყო და სასიხარულო მომენტებზე გვესაუბრება ინსტიტუტის რექტორი, ქალბატონი გულქან ციცხვაია-ქმოსტელი.

- ქალბატონო გულქან, გთხოვთ, გაგვაცნოთ "რვალის" ისტორია.

- "რვალის" ისტორია 12 ნაყოფიერ, შემოქმედებითი ძიებებითა და მიღწევებით სავსე წელს მოიცავს. 2000 წლიდან ინსტიტუტი რუსთავში ფუნქციონირებს. ჩვენს აქტივშია წარმატებული აკრედიტაციები. პირველი - საყოველთაო აკრედიტაცია 2004 წელს, მეორე - 2006 წელს. ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ დღეისათვის ქვემო ქართლში ერთი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია - "რვალი".

- მაინც რამ განაპირიბა ეს? რამდენადაც ვიცი, აკრედიტაციის პირველი მოთხოვნა იყო სასწავლო-ტექნიკური ბაზა...

- დიახ, ეს ასე იყო. "რვალს" აქვს კარგი ბაზა. ეს არის: კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ლინგოფონის კაბინეტი უცხო ენების შემსწავლელთათვის, ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ინტერნეტ-ტექნიკით, ინფორმატიკის კაბინეტი, თანამედროვე ბიბლიოთეკა 3000-ზე მეტი წიგნადი ფონდით, 5 კომპიუტერით, აუდიო-ვიდეო ტექნიკა... მთლიანად ინსტიტუტში 30 კომპიუტერია... და, პლუს ამას, ფართობი...

- დღეისათვის რამდენი სტუდენტი სწავლობს "რვალში?"

- ამჟამად `რვალში' არჩეულ სპეციალობას 198 სტუდენტი ეუფლება, მათგან 142 ბაკალავრი და 36 მაგისტრანტია.

- როგორი კონტაქტები გაქვთ ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან?

- საკმაოდ ფართო. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შავი ზღვის უნივერსიტეტთან. ამ უნივერსიტეტის ინიციატივითა და დახმარებით "რვალში" შეიქმნა ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რა თქმა უნდა, ორმხრივი ინტერესების შესაბამისად. კაბინეტი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. გაცვლით პროგრამებში ჩვენი ორი სტუდენტი მონაწილეობს. ისინი შავი ზღვის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე ეუფლებიან არჩეულ სპეციალობას ეკონომიკის განხრით. ამასთან, თურქი პროფესორი ქართველ სტუდენტებს თურქულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ასევე, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს გორის უნივერსიტეტთან, დამოუკიდებელ უნივერსიტეტ `გორგასალთან~, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან...

- ინსტიტუტის პრესტიჟსა და პოპულარობას, მის სასწავლო ტექნიკურ ბაზასა და საქმიან კონტაქტებთან ერთად, ალბათ, მაღალკვალიფიციური ლექტორებიც განაპირობებენ...

- რა თქმა უნდა... ინსტიტუტი ამაყობს მაღალკვალიფიციური, ამასთან, თავიანთ საქმიანობასა და სტუდენტებზე შეყვარებული ლექტორებით, რაც წარმატებების თავიდათავია. "რვალში" დღეისათვის 32 ასოცირებული და სრული პროფესორი მოღვაწეობს. მათ შორის არიან: ირინა აქუბარდია - სისხლის სამართლის სპეციალისტი, პროფესორი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნელი სესაძე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ახალაია; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია მარღანია; ინსტიტუტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაკა კაჭარავა; ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ დეკანოსიძე; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ჭავჭანიძე და სხვანი...

- ქალბატონო გულქან, ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის და ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საკმაოდ ნაცნობი იყო და არის და ამიტომაც, მე თქვენთან მარტო ამ საკითხებზე საუბრის სურვილმა როდი მომიყვანა... ვფიქრობ, უკვე მივედით ჩვენთვის ძალზე საინტერესო თემასთან, ეს არის თქვენი წარმატებების, ასე ვთქვათ, წლევანდელი პიკი... თქვენი ევროპული მოგზაურობა და მაღალი ჯილდო... მე საუბარი განგებ აქედან არ დავიწყე. მინდოდა, აქამდე მივსულიყავით...

- დიახ... ეს იყო წელს, მარტში... მქონდა სიხარული და ბედნიერება, როგორც საქართველოს საერო ინსტიტუტ `რვალის~ რექტორს, მონაწილეობა მიმეღო "ევა"-ში, ევროპის ბიზნეს-ასამბლეის სამიტში, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ოქსფორდში ჩატარდა. ინსტიტუტ "რვალისა" და პირადად ჩემთვის თავისთავად მარტო ეს მონაწილეობაც ბევრ რამეს ნიშნავდა და თქვენ წარმოიდგინეთ ის ზღვასიხარული, რომელიც მე მერგო, როცა საქართველოს საერო ინსტიტუტმა "რვალმა" მაღალი შეფასება დაიმსახურა და სამიტის ნომინაციური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო სისტემაში, ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ასეთი - ევროპული ხარისხის ნიშანი სულ რამდენიმეა. აქვე, ლიდერთა სამიტზე ამირჩიეს ევროპის რექტორთა კლუბის წევრად და საპატიო მანტია და სამკერდე ნიშანი გადმომეცა. ამასთან, უზბეკეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა თავიანთი პრეზიდენტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადმომცა.

- ვფიქრობ, საინტერესოა, ამ ჯილდოს - ევროპული ხარისხის ნიშნის ოფიციალური ფორმულირება.

- დიახ. ევა-ს სანომინაციო კომიტეტის ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია: საქართველოს საერო ინსტიტუტ "რვალისათვის" საერთაშორისო ჯილდოს - ევროპული ხარისხის მიკუთვნება ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, თქვენი ინსტიტუტი სასწავლო პროცესის ორგანიზაციით არ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის დადასტურება ლექტორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმის, განხორციელებული მუშაობისა და სამეცნიერო კვლევების, საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და რეალიზების ხარისხისა. ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება დაგეხმარებათ, რათა თქვენმა ინსტიტუტმა დაიმსახუროს დაინტერესება ევროპის სამეცნიერო საზოგადოებრიობის მხრიდან, რაც გარკვეულ როლს შეასრულებს თქვენი ინსტიტუტის შესახებ დადებითი შეხედულების ჩამოყალიბებაში.

- ალბათ, მკითხველს დააინტერესებს სამიტის წარმომადგენლობა...

- ძალიან ფართო წარმომადგენლობა იყო. მონაწილეობდნენ 23 ქვეყნის, მათ შორის: ალბანეთის, სომხეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, ეგვიპტის, საქართველოს, ინდოეთის, მალტის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, მოდოვას, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, მასპინძელი დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ბიზნეს-სექტორისა და განათლების წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. ასეთ ფართო წარმომადგენლობაში საქართველოს მონაწილეობა დიდი პატივი იყო.

- ვინ იყვნენ სამიტის უშუალო ორგანიზატორები?

- სამიტის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ევროპის ბიზნეს-ასამბლეა, მისი პრეზიდენტი ჯონ ნეტინგი, ლიდერთა საერთაშორისო კლუბი და მისი პრეზიდენტი პოლ ბრიქსი და ევროპის რექტორთა კლუბის პრეზიდენტი უილ გუდიერი.

- "რვალს" მარტო თქვენ წარმოადგენდით?

- ჩემთან ერთად ოქსფორდში იყვნენ ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მაკა კაჭარავა და ინგლისური ენის სპეციალისტი თინა დეკანოსიძე.

- ქალბატონო გულქან, გაზეთ "რუსთავის" მკითხველთა სახელით თქვენს ინსტიტუტს და პირადად თქვენ გილოცავთ ამ დიდ ჯილდოს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ჯილდო - ევროპული ხარისხის ნიშანი არის და იქნება არა მარტო მიღწეული წარმატებების დასტური, არამედ სამომავლო საწინდარიც... და მაინც... გარდა ამ დადებითი სასიხარულო ემოციებისა, პრაქტიკულად რა მოგცათ ამ ჯილდომ? და რას მოგცემთ ხვალ, ზეგ?

- ძალიან ბევრს... კერძოდ, დამყარდა საქმიანი კონტაქტები ინგლისის, სახელდობრ, ოქსფორდის და ესპანეთის ქალაქ ბარსელონას სამ უმაღლეს სასწავლებელთან. ესენია: ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი, ესკოლას უნივერსიტეტი, არაკომერციული უნივერსიტეტი `წმინდა დიოდორეს ფონდი". ეს კონტაქტები ეხება გაცვლით პროგრამებს და ჩვენი ინსტიტუტის მაგისტრანტებისათვის ორმაგი დიპლომების გაცემას. პროგრამის ხელმძღვანელია ესპანეთის მხრიდან `წმინდა დიოდორეს ფონდის~"დირექტორი ტატიანა კომპანიეტსი. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს პროგრამების გაცვლას საერთაშორისო ბიზნესსა და მარკეტინგში, რის გავლის შემდეგ მაგისტრანტს ორმაგი დიპლომი გადაეცემა. ორმაგი დიპლომის მქონე პირს კი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის უფლება ექნება.

- როგორი იქნება პირველი ნაბიჯები უახლოესი პერიოდისათვის?

- გაცვლითი პროგრამა წელს, სექტემბრიდანვე, ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყებიდანვე ამოქმედდება. "რვალის'" წარჩინებული სტუდენტები წარიგზავნებიან ესპანეთში, ბარსელონას უნივერსიტეტში, სადაც ისინი ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან. შემდეგ ისინი დაბრუნდებიან რუსთავში, `რვალში~ განაგრძობენ სწავლას. მათ მიერ დიპლომის დაცვა მოხდება ჩვენთან, ესპანეთის წარმომადგენლის მონაწილეობით.

- როგორია "რვალის" უახლოესი მიზნები?

- ჩვენი უპირველესი საზრუნავია - გვქონდეს ინსტიტუტისათვის საკუთარი შენობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოება და თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ტექნიკითა და ინვენტარით მისი აღჭურვა.

- რა სიახლეები გექნებათ ახალ სასწავლო წელს? - როგორი იქნება სტუდენტთა მიღება?

- ბაკალავრიატის სპეციალობებზე სტუდენტთა მიღება წარმოებს ორი მიმართულებით: ბიზნესი და მართვა და განათლების... სამაგისტრო პროგრამებზეც ორი მიმართულებაა: პირველი - ჰუმანიტარული მეცნიერება (ქართული ლიტერატურა და ლიტერატურათმცოდნეობა, ლინგვისტიკა და პროფესიული ინგლისური და სლავისტიკა) და მეორე - ბიზნესი და მართვა (საფინანსო და საბანკო საქმე, საერთაშორისო ბიზნესი და მარკეტინგი), რომელიც ბარსელონაში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას ითვალისწინებს.

- ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო სიახლეები გველის... გილოცავთ და ახალ წარმატებებს გისურვებთ!...


თინათინ სიყმაშვილი
14.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.