|
ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით კირკიტაძის ინიციატივით სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომპანია `ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მატისი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი, გარდაბნის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილი და კომპანია `რუსთავწყალკანალის" დირექტორი ნოდარ შეროზია ესწრებოდნენ.
ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რუსთავის, მარნეულისა და გარდაბნის წყლის მიწოდების ხარისხსა და იმ პროექტებზე მსჯელობდნენ, რომლის განხორციელებასაც ახლა იწყებენ. ახალი პროექტებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადასახადების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარვა და შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამაა გათვალისწინებული, რაც მოსახლეობას ძველი დავალიანების დაფარვაში დაეხმარება. კომპანია `ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის' მფლობელობაში თბილისის წყალის გარდა `რუსთავწყალკანალიც" შედის, რომელიც თავის მხრივ, რუსთავს, ქალაქ გარდაბანს და მარნეულის 9 სოფელს წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს.
იორგ მატისი, კომპანია `ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი:
_ შეხვედრაზე განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები რეგიონის წყალმომარაგების ხარისხთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. მხარის გუბერნატორისაგან მივიღეთ დაპირება, რომ ყველანაირად შეგვიწყობს ხელს მოხმარებული წყლის საფასურის ამოღებაში. თბილისში უკვე ამოქმედდა შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამა თანხის ამოღებასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას ძველი დავალიანების ეტაპობრივად გადახდის საშუალებას აძლევს. ამჯერად ვაპირებთ იგივე განვახორციელოთ რუსთავსა და ქვემო ქართლის მთელ რეგიონში. მალე ამის შესახებ ვაცნობებთ მოსახლეობას მასმედიის საშუალებით და მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა რესტრუქტურიზაციის პროგრამაში.
მეორე საკითხი, რომელიც განვიხილეთ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განკუთვნილი პროგრამაა. ამ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ ქალაქის მერიას, გააკეთონ განაცხადი, რომ სჭირდებათ დახმარება წყლის საფასურის გადახდაში და მათი დავალიანება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება. თანადგომის გამო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავით კირკიტაძეს და რუსთავის მერს მამუკა ჩიქოვანს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის განცხადებების განხილვის შესაბამისად, თითოეული მათგანის წყლის მოხმარების საფასური ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება.
დავით კირკიტაძემ კი მოსახლეობას დავალიანების გადახდისკენ მოუწოდა და თანადგომას დაპირდა:
_ იცით, ცოტა ხნის წინ როგორი პრობლემა იყო რუსთავისა და მთლიანად რეგიონის სასმელი წყლით მომარაგება. ეს პრობლემა დღეისათვის აღარ არსებობს. რუსთავს პრაქტიკულად 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. ამჯერად ვმუშაობთ იმაზე, რომ გარდაბანსა და მარნეულს წყლის მიწოდების გრაფიკი და ხარისხი გავუუმჯობესოთ. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ მოხმარებული წყლის საფასური უნდა გადავიხადოთ, ხოლო ვისაც ამ საფასურის გადახდა არ შეუძლია, ველით მათ განცხადებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია `ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს" და მის ხელმძღვანელს თანამშრომლობისა და საინტერესო წინადადებებისათვის _ განაცხადა მხარის გუბერნატორმა.
ნონა ქარქაშაძე
10.06.2009 |