|
26 ივნისს რუსთავს პოლონეთის დამეგობრებული ქალაქ ლოძის მერი ჯეზი კროპივინსკი ესტუმრა, რომელმაც რუსთავის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
ცოტა ხნის წინ პოლონეთში ვიზიტით მყოფმა რუსთავის მერმა ინდუსტრიულ ქალაქ ლოძის ხელმძღვანელობასთან ურთიერთდამეგობრების ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად კი მეგობარი ქალაქების პირველმა პირებმა სხვადასხვა პროექტებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. პროექტის აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების საბჭო.
ჯეზი კროპივინსკი, ქალაქ ლოძის მერი:
_ დღეს მომეცა საშუალება, ადგილზე გავცნობოდი, როგორ წყვეტს პრობლემებს რუსთავის ხელისუფლება. ასეთი ვიზიტები ძალიან სასარგებლოა ორივე ქალაქისათვის, განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება. ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტებსა და მიმართულებებზე, რომელშიც ლოძი და რუსთავი ერთობლივ მონაწილეობას მიიღებს. ინდუსტრიულ ქალაქად წოდებულმა ლოძმა ძველი მნიშვნელობის შენარჩუნების პარალელურად, ქალაქის ინფრასტრუქტურა განავითარა, რაც დადებითად აისახა პოლონური ქალაქის ეკონომიკაზეც. რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი მათგან გამოცდილების გაზიარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის მერი:
_ ევროკავშირის მიერ აღიარებული პროგრამის მიხედვით, რამდენიმე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება, კონკრეტული პროექტების საფუძველზე დაფინანსება მოიპოვოს.
ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი პარტნიორია ქალაქი ლოძი, რომელიც ვფიქრობ, რომ კარგ პარტნიორობას გაგვიწევს. ლოძი ინდუსტიული ქალაქია, რომელმაც სახელის შენარჩუნებასთან ერთად ინფრასტრუქტურა განავითარა, რის საფუძველზეც, ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ჯეზი კროპივინსკის მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულების რვა პროექტზე ევროსტანდარტების შესაბამისად და იმედი გვაქვს, მათი საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ დაფინანსებას მოვიპოვებთ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლოძის მერმა მასპინძელი ქალაქი დაათვალიერა. იმავე დღეს რუსთავს კიდევ ერთი დამეგობრებული ქალაქის, სუმგაითის დელეგაცია ესტუმრა.
აზერბაიჯანელმა სტუმრებმა შეხვედრა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც ტრადიციული ურთიერთობების აღდგენაზე, ამ ორი ინდუსტრიული ქალაქის კავშირების გამყარებასა და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.
აკიფ კარიმოვი, ქალაქ სუმგაითის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:
_ გავიხსენეთ ძველი ურთიერთობები და დავისახეთ ახალი მიზნები, რაც ჩვენი ქალაქების ეკონომიკას სასიკეთოდ წაადგება. სამომავლოდ გვექნება მუდმივი კონტაქტი კულტურის, ეკონომიკის, მრეწველობის და სხვა მრავალ სფეროში. უკვე მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა შემოდგომაზე შედგება. ვიცით, რომ რუსთავში გაქვთ სუმგაითელი მეტალურგების ქუჩა, ჩვენთანაც არის ძალიან ლამაზი რუთავის ქუჩა და, ასევე, რესტორანი "რუსთავი".
კახა ბარათაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:
_ ჩვენ გავიხსენეთ, პირველ რიგში, რომ ძველი მეგობრები ვართ, ვისაუბრეთ ჩვენს ქალაქებში არსებულ პრობლემებსა და წარმატებებზე და იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენს საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მასპინძლები და ჟურნალისტები სამომავლოდ სუმგაითურ რესტორან `რუსთავშიც" მიგვიპატიჟეს.
ნონა ქარქაშაძე
06.07.2009 |