მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
სწავლის მძებნელთა ცხელი ზაფხული...

წლევანდელი ზაფხული საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, კურსდამთავრებულთა და მათი მშობლებისათვის, ორმაგად ცხელია: კლიმატურად, მიმდინარე ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და ახალი სასწავლო წლის საზრუნავის გათვალისწინებით. 

წლის სადაგ დღეებზე გვესაუბრება რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი-ფინანსისტი, ქალბატონი ნელი ლიქოკელი.

- ქალბატონო ნელი, სამეურვეო საბჭოების არჩევნები სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორ ჩაიარა ამ პროცესმა რუსთავის საქალაქო სკოლებში?

- დიახ, სამეურვეო საბჭოების არჩევნები სკოლების, და არამარტო სკოლების ცხოვრებაში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რამდენადაც სამეურვეო საბჭოებს დიდი როლი აკისრია სკოლის მართვაში. სამეურვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ სკოლის ბიუჯეტს და დირექტორისაგან იბარებს ანგარიშს სასკოლო ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ. აქტიურად ერთვება სკოლის წინაშე არსებული ყველა პრობლემის განხილვაში. ირჩევს დირექტორს და მასთან აფორმებს ხელშეკრულებას (შეწყვეტის უფლებით). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები თანაბარი რაოდენობით და ერთი უფროსკლასელი მოსწავლე.

სამეურვეო საბჭოების არჩევნებს წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები. საბჭოს ასარჩევი კომისიის შემადგენლობის რეგისტრაცია, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და მათ მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატების დარეგისტრირება. სამეურვეო საბჭოების არჩევნები რუსთავის სკოლებში 14 ივნისს გაიმართა. არჩევნები ჩატარდა სათანადო დებულების საფუძველზე. ამ დღეს არჩევნები რუსთავის 22 საჯარო სკოლაში ჩატარდა, არ ჩატარდა 4 სკოლაში წინა წლებში ამ სკოლების ოპტიმაციის გამო. არჩევნები ჩატარდა მოსწავლეთა მშობლების აქტიური მონაწილეობით. მხოლოდ რამდენიმე სკოლაში აუცილებელი გახდა განმეორებითი არჩევნების ჩატარება თანაბარქულიანი კანდიდატების გამო. საბოლოოდ ყველა სკოლაში არჩეულია სამეურვეო საბჭოები სავალდებულო შემადგენლობით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ სამეურვეო საბჭოები მუშაობას შეუდგებიან.

- სკოლების და, საერთოდ, განათლების სისტემაში ასევე დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ეროვნული გამოცდები. როგორ დაიწყო და მიმდინარეობს ეროვნული გამოცდები რეგიონში  - რუსთავსა და ქვემო ქართლში?

- გამოცდების მონაწილე აბიტურიენტები დარეგისტრირდნენ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. ეროვნულ გამოცდებში რუსთავიდან და ქვემო ქართლიდან 1114 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათ შორის კურსდამთავრებული აბიტურიენტი იყო 165, მეთორმეტეკლასელთა რაოდენობამ 949 შეადგინა. გამოცდებში მონაწილეობა არ მიიღო 4 კურსდამთავრებულმა და 25 მეთორმეტეკლასელმა, რადგან ექსტერნის წესით ჩატარებულ გამოცდებში საჭირო შეფასება ვერ მიიღეს. ეროვნული გამოცდები დაიწყო 2 ივლისს, დასრულდება 17 ივლისს. გამოცდები მიმდინარეობს #4 საჯარო სკოლაში. განვლილი დღეების მანძილზე გამოცდების მსვლელობისას რაიმე სახის გაურკვევლობას ადგილი არ ჰქონია და იმედია, ასევე დასრულდება. ამის გარანტიას გამომცდელთა და დამკვირვებელთა პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა იძლევა.

- რაიმე სიახლე ხომ არ არის გამოცდებზე შარშანდელისაგან განსხვავებით?

- გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობარის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრა 25 ქულით, უცხო ენებისათვის - 20 ქულით, ნაცვლად შარშანდელი 14 ქულისა. შესაბამისად, აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 26 ქულა, უცხო ენებში _ 21 ქულა, რომ გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

- ცნობილი გახდა, რომ სასკოლო ცხოვრებაში ისევ შემოვა ოქროსა და ვერცხლის მედლების პრაქტიკა...

- საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უკვე მიიღო ინსტრუქცია, რომლის თანახმად წარმატებული მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას მიიღებენ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის ნიშანია 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალოსნის ატესტატს, ხოლო ყველა დანარჩენი, ვისი საფეხურის საერთო ნიშანია 10, დამრგვალების შედეგად, ანუ 9 და 5-დან 9 და 9 დიაპაზონში, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

- ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მქონე აბიტურიენტებს რა უპირატესობა ან შეღავათი ექნებათ ეროვნულ გამოცდებზე?

- არავითარი. მისაღებ გამოცდებზე მედალოსნების პრივილეგიები არ აისახება.

- რუსთავის სკოლებიდან რამდენი მოსწავლეა ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატზე წარდგენილი?

- სულ 96, მათგან 13 ოქროს და 83 ვერცხლის მედალოსნის ატესტატზე...

- პრივილეგიები შეიძინოს. როგორია ამ სიახლისადმი სკოლის _ პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების და საზოგადოების დამოკიდებულება?

- რა თქმა უნდა, დადებითი. პირველ რიგში, მოსწავლეებისათვის, ეს მათ კარგი სწავლისათვის წაახალისებს...


თინათინ სიყმაშვილი
14.07.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.