|
ქალბატონი ლეილა ძირძველი რუსთაველია: დაიბადა, გაიზარდა და მოღვაწეობს რუსთავში. #2 საშუალო სკოლის შემდეგ დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის პუშკინის სახელობის ინსტიტუტის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტები. მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, იყო განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი, ამჟამად #1 საბავშვო ბაღის გამგე და განათლების მუშაკთა პროფკავშირების საქალაქო საბჭოს თავმჯდომარეა. ჰყავს მეუღლე _ ზაურ გელაშვილი და ერთი ქალიშვილი _ მარიამი.
_ ქალბატონო ლეილა, რა არის თქვენთვის რუსთავი, უბრალოდ, ქალაქი, სადაც თქვენ ცხოვრობთ თუ...
_ რუსთავი ჩემთვის იმდენად ყველაფერია, რომ სიმართლე გითხრათ, მიჭირს მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს ჩემი ქალაქია. აქ დავიბადე, გავიზარდე... აქ ვიპოვე ჩემი ადგილი ცხოვრებაში. აქ შევქმენი ოჯახი. არასოდეს მიოცნებია სხვა, უფრო დიდ ქალაქში, თუნდაც, დედაქალაქში ცხოვრებაზე... მე აქ, რუსთავში, `შინ~ ვარ...
_ დღეს ადამიანები უფრო პრაქტიკულები და პრაგმატულები გავხდით(თუმცა, ყველა არა ან ვერა!) და სხვაგვარად ვაფასებთ: ფაქტებს, მოვლენებს, ერთმანეთს... რა მოგცათ რუსთავმა?
_ ბევრი, ძალიან ბევრი რამ: აქ მოღვაწეობდნენ ჩემი მშობლები. აქ გავახილე თვალი, შევიცან ცხოვრება. პიროვნებად ჩამოვყალიბდი. აქ მაქვს ოჯახი, სამსახური, მყავს სამეგობრო... თითქმის ყველას ვიცნობ, უბრალოდ კი არა, სახელითა და გვარით... ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ აქ გაიარა... ჩემს შესაძლებლობებს აქ ვუკეთებ რეალიზებას. მე აქ მთლიანად ვიხარჯები, მიცნობენ, მენდობიან... განა ეს ცოტაა?
_ ეს ის საკითხია, რომელსაც მეორე ბოლოც აქვს: თქვენ რა მიეცით რუსთავს?
_ მეც, გავბედავ და ვიტყვი: ყველაფერს ვაძლევ ჩემს ქალაქს _ ჩემს ცოდნას, განათლებას, გამოცდილებას, ენთუზიაზმს, ენერგიას... რუსთავი ჩემი სამშობლოს ერთი, სხვისთვის შეიძლება პატარა, მაგრამ ჩემთვის დიდი და საყვარელი ქალაქია... მე აქ, ამ ქალაქში ვემსახურები ჩემს ქვეყანას... აქ, რუსთავში, მაქვს ქართული ოჯახი და ქართველ შვილს ვზრდი...
_ ქალბატონო ლეილა, ყველა ჩვენი ბავშვობიდან, ჩვენი ოჯახებიდან მოვდივართ... თქვენ როგორი მემკვიდრეობა მიიღეთ თქვენი მშობლების ოჯახიდან?
_ ძალიან ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. დედა _ ეთერ ბარბაქაძე, სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი იყო, #1 საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებელი, პირველი მეთოდისტი... წლების მანძილზე მე-18 და 28-ე საბავშვო ბაგა-ბაღების გამგე. მამა _ ნესტორ გორგაძე, მეტალურგი იყო. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ოჯახი გვქონდა. ძალიან ლამაზი, ძალიან დაფასებული, ძალიან მოსიყვარულე მშობლები მყავდა. მათ მასწავლეს ცხოვრებაში მართალი ნაბიჯებით სიარული, მათ სიყვარული მასწავლეს... რაც რამ კარგია ჩემში, მათგან მაქვს... მათმა შვილობამ ბევრი რამ მომცა და კიდევაც ბევრს მავალებს...
_ ახლა თქვენ თვითონ ბრძანდებით ოჯახის დიასახლისი და დედა. როგორ დამოძღვრავთ თქვენს ქალიშვილს?
_ ჩემი მარიამი უკვე 14 წლისაა... ამ ასაკის გოგონასთვის დედას ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი... მაგრამ მე ისევ და ისევ, ჩემი მშობლების მაგალითით ვცდილობ, მარტო სიტყვებით კი არ დავმოძღვრო, უფრო ჩემი მოქმედებით ვაჩვენო, ვასწავლო, როგორი უნდა იყოს ის... მინდა, რომ ჩემს მარიამს ყოველთვის ახსოვდეს, რომ ის ქართველია, რომ ის რუსთაველია. იცოდეს უფროს-უმცროსობა, უყვარდეს მეგობრები, ახლობლები... იყოს ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ღირსეული შვილი... იყოს განათლებული, რათა თავისი ადგილი დაიმკვიდროს ცხოვრებაში...
_ მაინც რა არის ქალისათვის ბედნიერება?
_ თანამედროვე ქალის ბედნიერება, ჩემი აზრით, მრავალგანზომილებიანი და მრავალწახნაგიანია. დღეს ქალი უნდა იყოს საზოგადოების ღირსეული წევრი. ამისათვის აუცილებელია მას ჰქონდეს განათლება, სპეციალობა, სამსახური... მაგრამ ბედნიერებისათვის ეს საკმარისი როდია. ქალი პირველ რიგში ოჯახური, დედური ბედნიერებისათვის შექმნა ღმერთმა. ქალი უნდა იყოს მეუღლე, ოჯახის დიასახლისი, დედა... მაგრამ არ უნდა იყოს თავის თავში ჩაკეტილი. ქვეყნის სიხარულითა და ტკივილებით უნდა ცხოვრობდეს... ბედნიერად მიმაჩნია ქალი, ვისაც აქვს საშუალება, ყველაფერ ამისათვის დაიხარჯოს...
_ ქალბატონო ლეილა, თქვენ ღირსეულად ატარებთ ღირსების ორდენს... ახლა კი, რუსთავქა-ლაქობაზე, რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მოგენიჭათ... რა არის თქვენთვის საპატიო მოქალაქეობა და როგორ აღიქვით ეს ჯილდო?
_ ჩემთვის ეს არის უმაღლესი ჯილდო და არამარტო ჯილდო, არამედ, ჯვარიც, სასიამოვნოდ სატარებელი ჯვარი. როცა ამ ჯილდოს ნიშნად დიპლომი გადმომცეს და მე მასზე დაწერილი სიტყვები წავიკითხე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამიერიდან არ მაქვს უფლება, ისე ვიცხოვრო, როგორც გუშინ და გუშინწინ ვცხოვრობდი. ახლა უფრო მეტ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი რუსთავისა და რუსთაველების წინაშე.
იმასაც ვფიქრობ, რომ ამ ჯილდოთი ჩემი ქალაქი მარტო მე კი არა, ქალაქის მთელი განათლების სფეროს და მის მუშაკებს მოეფერა და მე ეს პასუხისმგებლობის გრძნობას კიდევ უფრო მმატებს...
მე დღეს ამაყად დავდივარ რუსთავში არა მარტო იმიტომ, რომ მისი საპატიო მოქალაქე ვარ, არამედ იმიტომაც, რომ ჩემმა ქალაქმა ახალი სიცოცხლე, ახალი ცხოვრება დაიწყო...
_ თქვენ გაქვთ საყვარელი სამუშაო: სკოლამდელი აღზრდის ერთ-ერთ კერას ხელმძღვანე-ლობთ... განათლების მუშაკთა პროფკავშირებიც თქვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. ოჯახიც... როგორ ართმევთ თავს ყველაფერ ამას? ოჯახი როგორ გიწყობთ ხელს სამსახურებრივი და საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებაში?
_ ჩემი ოჯახი ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს. ოჯახი, პირადად ჩემი მეუღლე, ზაური, ყველანაირად ხელს მიწყობს და მეხმარება... უამისოდ მე, მართლაც, ძალიან გამიჭირდებოდა...
_ ვიცი, რომ თქვენი სტუმართმოყვარე ოჯახი უცხო სტუმარს მასპინძლობს...
_ ჩემი ოჯახის სტუმარია ჩიკაგოელი გოგონა, 23 წლის ელისონ კილერი. სპეციალობით ლინგვისტია. ის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამით იმყოფება და ჩემს ოჯახში ცხოვრობს.
_ რა იცოდა ელისონმა საქარ-თველოზე აქ ჩამოსვლამდე?
_ თითქმის არაფერი. როცა სამშვიდობო კორპუსის წევრი გახდა, მაშინ გაიგო საქართველოს არსებობა...
_ როგორ ეგუება უცხო გარემოს? რა მოსწონს ჩვენი, ქართული?
_ ბევრი რამ უკვირს... მაგრამ ყველაფერი მოსწონს. პირველ რიგში, ჩვენი, ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო, სიმღერები, ცეკვები... თვითონაც ცდილობს... ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა და კარგადაც გამოუდის... სულ 6 თვეა ჩვენთანაა და უკვე კარგად ლაპარაკობს ქართულად...
_ როგორი ურთიერთობაა მასპინძლებსა და უცხო სტუმარს შორის?
_ მე ახლა 2 შვილი მყავს: მარიამი და ელისონი... ორივეს ვეფერები და ვესიყვარულები...
_ საინტერესო იქნება პირადად მასთან საუბარი...
_ სიამოვნებით შეგახვედრებთ...
_ ქალბატონო ლეილა, რას უსურვებთ რუსთავსა და რუსთაველებს?
_ მშვიდობას, გაძლიერებას... გამრავლებას... ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას!
თინათინ სიყმაშვილი
01.03.2010 |