|
საქართველოს ყველაზე სპორტულ ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების რიტმი კვლავაც ძგერს, რუსთაველი სპორტსმენები კი წარმატებულ სერიას განაგრძობენ.
ქომაგთა ინტერესიც სანახაობრივად დატვირთული მატჩებისა თუ ტურნირების მიმართ დღითიდღე უფრო იზრდება. სწორედ სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიაში გასულ წელს განხორციელდა. უკვე 4 თვეა, ყოველ პარასკევს 19საათსა და 15 წუთზე პირდაპირი ეთერის მეშვეობით რეგიონში განვითარებული სპორტული სიახლეები ფართოდ შუქდება.
უფრო ვრცლად ამ პროექტის შესახებ, გადაცემის იდეის ავტორი და წამყვანი გია ქერაშვილი გვესაუბრება:
_ მეც სპორტსმენი ვიყავი, რაგბს ვთამაშობდი, მაგრამ სამწუხაროდ მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ იძულებული გავხდი ვარჯიშისთვის თავი დამენებებინა. გარკვეული პერიოდი ვმსაჯობდი კიდეც. 1985 წელს რუსთავში მოზარდების შემადგენლობით პირველი მორაგბეთა გუნდიც ჩამოვაყალიბე, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო მალევე დაიშალა. იყო ისეთი დროც, როცა ბიზნესით ვიყავი დაკავებული. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სპორტი ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და არის. ამჟამად,შ. რუსთაველის სახელობის ტერიტორიული მმართვის ორგანოს რწმუნებული გახლავართ.
_ რაც შეეხება გადაცემას, როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
_ დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული მსგავსი ტიპის სპორტული გამოშვების გაკეთება მსურდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც ვესაუბრე და მათ გვერდში დგომა აღმითქვეს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს ყოველივე გარკვეულ ფინანსებზეა დამოკიდებული, რომლის მოძიებაც მაშინ ვერ მოხერხდა.
2009 წელს გასართობმა ცენტრმა `მონაკომ” ინიციატივა გამოიჩინა დაეფინანსებინა ჩვენი პროექტი და მათი მხარდაჭერით უკვე მე-16 გადაცემა გავიდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
_ გადაცემის სახელწოდება როგორ შეირჩა?
_ ცნობილია, რომ რუსთავი უკვე 2 წელია ყველაზე სპორტული ქალაქის ტიტულს ინარჩუნებს. ამ პროექტის თანაავტორმა თამარ დაჩიბერიძემ შემოგვთავაზა გამოშვებისთვისაც `სპორტული ქალაქი~ დაგვერქვა და ვფიქრობ ეს სრულიად ლოგიკურიც იყო.
_ თქვენი გადაცემის პირველი ბლოკი მთლიანად სტუმრებს ეძღვნებათ, რა კრიტერიუმით არჩევთ რესპოდენტებს?
_ უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრექტის მთავარი მიზანი ბავშვების სპორტით დაინტერესებაა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი მოზარდი მოწყდეს ქუჩას და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუ-ბრუნდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი სტუმრების ძირითადი ნაწილი მაყურელებისთვის ცნობილი სპორტსმენები და ქალაქის კოლორიტები არიან.
გადაცემაში მოწვეული მყავდა იასონ ალადაშვილი, რამაზ გოგობერიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები ლევან მგელაძე და დავით კაკაბაძე, აგრეთვე ჩვენი ქალაქის საამაყო ახალგაზრდები გურამ გუგენიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი და სხვები.
_ ბატონო გია, რამდენად ადვილად მოირგეთ წამყვანის ამპლუა?
_ პირველი გადაცემის მომზადების პერიოდში ვფიქრობდი, რომ არ გამიჭირდებოდა კამერებთან მუშაობა, თუმცა გარკვეული ღელვა დღემდე არის, რადგან მოგეხსენებათ პირდაპირ ეთერში მუშაობა საკმაოდ რთულია. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს იმ გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის, რომელიც ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევს. მე ბევრი კოლექტივი მინახავს, მაგრამ ასეთი შეხმატკბილებული ჯერ არა...
_ სპორტული ქალაქის სამომავლო გეგმებს შესახებ რას გვეტყვით?
_ შემდეგ გადაცემებში მსურს სტუმრად მოვიწვიო ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, აგრეთვე ისეთი ბუმბერაზი პიროვნება, როგორიც გივი ჭიჭინაძეა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენს გადაცემას სპონსორობას `მონაკო” უწევდა, რომელთანაც გაფორმებულ ხელშეკრულებას სამწუხაროდ ვადა ამოეწურა და შესაბამისად პროექტიც ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ქალაქის მერი მამუკა ჩიქოვანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დახმარებას დაგვპირდა და ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში კვლავ გამოჩნდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ამ კეთილ საქმეს გააგრძელებს და ჩვენს მაყურე-ბელს ყოველ პარასკევს საღამოს ისევ მივესალმებით ეკრანიდან...
ნათია ჯიოშვილი
18.02.2010 |