მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ლაშა ნოზაძის ბოლო პრემიერა "ბრავოში"

  კლუბური თეატრი `ბრავო~ რუსთავში, 2 წლის წინ, მაისში შეიქმნა. თეატრს სათავეში ახალგაზრდული ჯგუფი ჩაუდგა და მას შემდეგ რუსთაველ მაყურებელს არა ერთი მაღალი დონის სპექტაკლი შესთავაზეს. ‘ბრავოს~ სამხატვრო ხელმძღვანელი ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი ლაშა ნოზაძე გახლავთ, რომელიც რობერტ სტურუას მოსწავლეა და მისგან დიდ მოწონებას იმსახურებს.

 10 დეკემბერს `ბრავოში~ კიდევ ერთი პრემიერა გაიმართა. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. პრემიერის შემდეგ ვესაუბრეთ ლაშა ნოზაძეს.

 _ ლაშა, როგორ შეიქმნა კლუბური თეატრი `ბრავო~?

 _ ბავშვს რომ არ ელოდები და გაჩნდება, აი ზუსტად ასე გაჩნდა `ბრავო~. მე და ჩემი მეგობრები ზვიად კეჭაყმაძე და მაიკო ღუღუნიშვილი 4 წელი ვაპირებდით შეგვექმნა ჩვენი ბუდე, სადაც იქნებოდა ნამდვილი თეატრი. შემდეგ გავიცანი დღეს უკვე ჩვენი თეატრის დირექტორი, ყოფილი კალათბურთელი, გეგი ლიპარტელიანი. გეგიმ საკუთარი ბინა ჩადო ლომბარდში და ამ თანხით შეიქმნა `ბრავო~.

 _ ფინანსური მხარდაჭერა თუ გაქვთ?

 _ ქალაქის მერია გვაფინანსებს, მაგრამ ეს იცი რა თანხაა? დიდი თეატრის ერთი სპექტაკლის ტანსაცმელს თუ ეყოფა. ჩვენ კი ამ ბიუჯეტით გავდივართ მთელი წელი.

 _ და ამ პირობებში თეატრი მაინც არსებობს. რამდენი სპექტაკლი დაიდგა თეატრის შექმნის დღიდან?

 _ საერთოდ დადგმული მაქვს 16 სპექტაკლი. აქედან ზოგი _ ბოლნისში, ზოგი _ სარდაფში. `ბრავოში~ დღევანდელი პრემიერის ჩათვლით ეს არის მეშვიდე სპექტაკლი. გვქონდა უამრავი გასტროლი. `კრიტი~ ვითამაშეთ რუსთაველის თეატრში. `არ გადამრიოს~ მოვლილი აქვს ყველა რეგიონი და ყველა სცენა.

 _ ლაშა, დღეს `ბრავო~ ქიმიკოსთა კულტურის სახლში ფუნქციონირებს. რატომ წამოხვედით ძველი შენობიდან?

 _ აქამდე სადაც ვიყავით, ის იყო კერძო შენობა. დანახარჯები და ქირა იყო ძალიან მაღალი. ჩვენ ფინანსები არ გვაქვს და შესაბამისად ძნელია ამხელა თანხის გადახდა. ორი წლის თავზე, ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით, გადმოვედით აქ, მაგრამ დროებით.

 _ რატომ დროებით?

 _ დროებით იმიტომ ვამბობ, რომ ამ შენობაში არის თოჯინების თეატრი, ჩემი ანსამბლი `რეგიონი~, და `ბრავო~. ანუ ბავშვთა სამყარო და თეატრი ერთად არის. დღეს მოხვალ თოჯინების თეატრი დაგხვდება, ხვალ _ ჰიპური კონცერტი, დაიკვრება რეგეი. ზეგ მოხვალ და მაღალი დონის სპექტაკლს შემოგთავაზებენ. ასე ცოცხლობს ეს შენობა.

 _ დღევანდელმა პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. გილოცავ! როგორც ვიცი, ეს არის იტალიური პიესა. რატომ გადაწყვიტე ამ პიესის დადგმა?

 _ ეს არის თანამედროვე იტალიელი ავტორის სპირო შიმონეს სცენარი _ `კონვერტი~. მან გამოუგზავნა რუსთაველის თეატრს. რობერტ სტურუა ჩემი მასწავლებელია და მან მომცა ეს პიესა.

 _ ანუ, სპექტაკლი პირველად დაიდგა `ბრავოს~ სცენაზე?

 _ კი, მსოფლიოში არსად არ დადგმულა, არც ერთ სცენაზე, სცენარი ექსკლუზიურად `ბრავოსთვის~ არის განკუთვნილი.

 _ სცენარი საკმაოდ უცხო და არაბანალურია. რა არის სპექტაკლის მთავარი აზრი, შენი მთავარი სათქმელი?

 _ სცენარი ძალიან მომეწონა, იმიტომ, რომ აბსურდია. მთავარი გმირია კანიბალი პრეზიდენტი, რომელმაც ელჩი შეჭამა, მაგრამ მე გავაკეთე ავტოფირმის პრეზიდენტზე. მთავარი, რაც მინდოდა ამ სპექტაკლით მეთქვა, ის არის, რომ ადამიანები და, მით უმეტეს ჩვენ, ქართველები ხშირად ვლაპარაკობთ ისეთ თემებზე, რომლებიც არ გვესმის. დღეს ყველა პათოლოგი ურად არის გაპოლიტიკოსებული, რაც სასაცილოა.

 _ რობერტ სტურუა თვალს ადევნებდა ამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესს და დაესწრო წინა საპრეზენტაციო ჩვენებას. როგორია მის შეფასება?

 _ ბატონი რობერტ სტურუა მსოფლიოში უკვე პირველი მაესტროა. ინგლისის გარდა არსად არ დადის სპექტაკლის საყურებლად და ეს კაცი ჩამოვიდა რუსთავში. მგონი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს _ ეს არის ჩემი ბოლო სპექტაკლი, რომელიც `ბრავოში~ დავდგი.

 _ რას აპირებ?

 _ დიდ სცენაზე მინდა ასვლა, ნორმალური თეატრი რომ ერქვას და ფიზიკურად დავეტიოთ. აქ როგორ არის, იცი? ბილეთი არასოდეს არ არის, შესაბამისად ადგილიც არასოდეს არ არის. 6 კაცზე მეტს სცენაზე ვერ ვატევ, ვეძებ ისეთ პიესებს, სადაც ცოტა ხალხია საჭირო. ჯერ-ჯერობით მიმართლებს, მეხმარებიან და მაწვდიან პიესებს. თან არ მიყვარს იმის კეთება, რაც უკვე დადგმულია. მაგრამ თუ რეჟისორობის პრეტენზია გაქვს, `ჰამლეტი~ მაინც უნდა დადგა, რომ შენი ხელწერა დატოვო. აქ ეს შეუძლებელია.

 _ რომელ დიდ სცენაზე აპირებ საქმიანობის გაგრძელებას, შორს გინდა წასვლა?

 _ არა, შორს არა. ჩემი საქმე მინდა გავაკეთო აქ, ჩემს ქალაქში. _ როგორც მივხვდი, ლაპარაკია რუსთავის მუნიციპალურ თეატრზე...

 _ კი, მართალი ხართ. ქალაქში ერთი თეატრი მაინც უნდა იყოს ძლიერი, რომელშიც ხალხი მოიყრის თავს.

 _ ანუ რუსთავში აპირებ დარჩენას?

 _ მთელი გულით მინდა, რომ აქ ვიყო. სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს რუსთავში, პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემზე კარგად ვერავინ დადგამს სპექტაკლს. იმიტომ, რომ რუსთაველი ვარ და ზუსტად ვიცი, ამ ხალხს რა უნდა. ყველას ვიცნობ და ვიცი მათი გემოვნება. უცხო რომ მოდის, ის ფიქრობს დროზე მოგიცილოს, ფული წაგართვას და წავიდეს, მაგრამ თუ არ არის საჭირო ჩემი აქ ყოფნა, ხელიც ამიწევია. მე ჩემი გზა ნაპოვნი მაქვს და გულდაწყვეტილი წავალ.

 _ გულწრფელად გეტყვი, რომ ნამდვილად ჭირდები ქალაქს, მაგრამ თუ რუსთავში არა, სად?

 _ ვინც კარგ საქმეს აკეთებს, ყველგან შეუძლია წასვლა. იგივე რუსთაველის თეატრში ან თავისუფალ თეატრში. არც ერთი არ იქნება პრობლემა.

 _ `ბრავოდან~ მარტო შენ წახვალ თუ მთელი დასი?

 _ `ბრავოს~ ჰყავს მცოცავი დასი, ანუ ერთ სპექტაკლში ერთი ჯგუფი თამაშობს, მეორეში _ მეორე ჯგუფი. რომ შევიკრიბოთ, იმდენი ვართ, რომ დიდ სცენაზე ვეღარ დავეტევით. წავალთ ძირითადი ბირთვი,

 _ შენი წასვლის შემდეგ `ბრავო~ შეწყვეტს ფუნქციონირებას?

 _ არა, სცენას დავუთმობ ახლებს, დამწყებებს და ჩემს გამოც დილებას მოვახმარ მათ.

 _ წახვედი `ბრავოდან~, რას გააკეთებ პირველ რიგში?

 _ როგორც კი დიდ სცენაზე დავდგები, აუცილებლად გავაკეთებ გურამ დოჩანაშვილის `სამოსელი პირველს~. იმიტომ, რომ ეს არის ახალი `კავკასიური ცარცის წრე~. გავაკეთებ შექსპირის `ჰამლეტს~ და ვაჟა-ფშაველას `გველის მჭამელს~. მაგრამ სამივე, იცი, როგორი იქნება? ყველა მიხვდება, რომ ეს `შებერტყილი~ ნოზაძის სპექტაკლებია. ანუ ამბავს კი არ მოვყვები წიგნიდან, მართლა თეატრი იქნება. ბევრი ეფექტი ჭირდება ახალ თეატრს. სცენაზე ტანკი და გემი თუ არ დადის და მსახიობი თუ არ დაფრინავს, ხალხს ვეღარ გააკვირვებ.

 _ ლაშა, დასაწყისშიც რამდენჯერმე ახსენე დრამატული თეატრი, შენი აზრით, რა ეტაპზეა თეატრი რუსთავში?

 _ არ ვითარდება რუსთავში თეატრი 10 და 20 წლის განმავლობაში, როცა ამის ფინანსებიც არსებობს და ხალხიც არის, ვინც ამ საქმეს გააკეთებს, თუნდაც მე. მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი კეთდება. სრული სერიოზულობით ვამბობ, თუ საჭირო გახდება, ქუჩაში გავაჩერებთ ახალგაზრდებს და დავუსვამთ კითხვებს: როგორი თეატრი უნდათ? მოსწონთ ისეთი, როგორიც დღეს არის და უნდათ თუ არა ეს კაცი თეატრში? სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

 _ წარმატებებს გისურვებ, დიდი სურვილი მაქვს რუსთავის დიდ სცენაზე გიხილოთ.

 _ სანამ დიდ სცენაზე ავალ, მე და `რეგიონმა~ გადავწყვიტეთ კეთილი საქმე გავაკეთოთ თეატრისთვის. `რეგიონი~ ცხოვრებაში პირველად დაარღვევს თავის სტილს და არ დაუკრავს რეგეის. დავუკრავთ მხოლოდ იმ თემებს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ. იქნება კონცერტი, მაგრამ არ ვიმღერებთ. დაიკვრება მუსიკა და მე და გიგა ჯღარკავა, `რეგიონის~ მეორე სოლისტი, წავიკითხავთ მონოლოგს. პროექტს ჰქვია `მუსიკა თეატრს~ და ეს აქ იქნება `ბრავოში~. მერე უკვე წავალ დიდ სცენაზე, ოღონდ სად, არ ვიცი.


ანი ციცქიშვილი
02.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.