|
საქართველოს მორაგბეთა 21-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების დაწყების წინ, რუსთავის `ხარები” ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გადის. ისინი მომავალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდებიან და ამჯერად უკვე საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლასაც გეგმავენ...
ჩვენი ქალაქის რაგბის მოყვარულთათვის კი ერთი სასიხარულო ინფორმაციაც გვაქვს. წელს "ხარების” რიგებში საქართველოში დაბრუნებული წარმატებული სპორტსმენი კახაბერ უჩავაც იასპარეზებს, რომლის თხუთმეტწლიანი სარაგბო კარიერაც ევროპის სხვადასხვა კლუბებში მიღებულ გამოცდილებას და მრავალ საინტერესოდ ჩატარებულ მატჩს ითვლის....
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონ -პრიზიორთან კახაბერ უჩავასთან.
_ დავიბადე 1977წელს რუსთავში.. საშუალო განათლება მე-12 სკოლაში მივიღე. რაც შეეხება სპორტულ მოღვაწეობას ადრეული ასაკიდანვე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვიყავი, ხოლო რაგბით 1995 წელს დავინტერესდი და მას შემდეგ ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
თავიდან ვარჯიში "ხარების” შემადგენლობაში დავიწყე, სადაც მწვრთნელები დავით კაკაბაძე და ზაზა ხუციშვილი იყვნენ. სწორედ მათ შემასწავლეს რაგბის `ანა-ბანა”... თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლიური კლუბი მალევე დავტოვე და წლების განმავლობაში ევროპისა და საქართველოს სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში ვასპარეზობდი. მათ შორის საფრანგეთის `მასსში”, "ლავულტში” და ა.შ.
ბოლო სამი წელი კი რუმინეთის კლუბ "ფარულ კონსტანცას” რიგებში ვირიცხებოდი. აგრეთვე 2008 წლიდან ეროვნული ნაკრების მორაგბე ვარ, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე საამაყო და გამორჩეული მოვლენაა მთელ ჩემს კარიერაში.
მყავს მეუღლე მაკა შერგელაშვილი და ორი თვის შვილი ნინი....
_ კახაბერ იმ გუნდებს შორის, სადაც ასპარეზობა მოგიწია, ყველაზე კარგად რომელი პერიოდი გახსენდება?
_ ალბათ უფრო რუმინეთში გატარებულ წლებს გამოვყოფდი. იქ თავს მართლაც კომფორტულად ვგრძნობდი და თან მოგეხსენებათ, რომ ჩემთან ერთად "ფარულის” შემადგენლობაში კიდევ ოთხი ქართველი მორაგბეც თამაშობდა. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო წელს გუნდი დავტოვე, რაზეც გული მწყდება...
_ რა გახდა გუნდიდან თქვენს წამოსვლის მიზეზი? ეს ყოველივე გასულ წელს მომხდარ იმ გახმაურებულ ინციდენტს ხომ არ უკავშირდება, როდესაც ბუქარესტის "დინამოს” მორაგბეებთან დაპირისპირება მოგიწიათ?
_ არანაირად. რაც შეეხება იმ არასასიამოვნო შემთხვევას, ის უბრალოდ შურისძიება იყო. თქვენთვის ცნობილია, რომ წინა "ერთა თასის” გათამაშებისას რუმინელებმა ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან საკმაოდ დიდი მარცხი განიცადეს. აგრეთვე შეხვედრის მიმდინარეობისას მცირე შეკამათებაც მოგვივიდა. მათ, როგორც ჩანს, ეს გულში ჩაიდეს და ანგარიშის გასწორება შიდა ჩემპიონატში მოინდომეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ დაპირისპირებას გაგრძელება აღარ მოყოლია. რაგბს იმიტომ აქვს ვაჟკაცური სპორტის სახელი, რომ ის, რაც მოედანზე ხდება, იქვე რჩება.
ხოლო კლუბის დატოვების მიზეზი კი ის ფინანსური პრობლემები გახდა, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდს შეექმნა...
_ მომავალ სეზონს თქვენ კვლავ მშობლიური კლუბის სახელით იასპარეზებთ. რა მიზნები აქვთ ამ წელს "ხარებს”?
_ გუნდი საკმაოდ მობილიზებულია და ინტენსიურ ვარჯიშებს გადის. ვფიქრობ, შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით წელს მინიმუმ ოთხეულში შესვლას და საპრიზო ადგილების დაკავებას შევძლებთ.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ 1993 წლის შედეგის განმეორება შევძლოთ და "ხარები” კვლავ ჩემპიონები გახდნენ. ვნახოდ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
_ წარმატებებს გისურვებთ. კახაბერ, რას ეტყოდით მომავალ თაობას, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს რაგბში?
_ უპირველეს ყოვლისა ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ივარჯიშონ. მათ ასაკში ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცმევდი ეროვნული ნაკრების ფორმას და ეს წადილი ავიხდინე... ვუსურვებ, რომ ჯამრთელად იყვნენ და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლონ...
P.s. კახაბერ უჩავას "ხარების” შემადგენლობაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ მისი თანაგუნდელებიც.
მამუკა ცხადაძე
(`ხარების” მორაგბე):
_ ჩემი აზრით ლიდერები გუნდს ყოველთვის სჭირდება წარმატების მისაღწევად. კახას სახით კიდევ ერთი გამოცდილი მორაგბე დაგვემატა, რაც სასიხარულო ფაქტია. მომავალ სეზონში საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ და მისი გვერდში დგომა დიდი ძალაა მთლიანად კლუბისთვის.
ლაშა კაკაბაძე
(`ხარების” მორაგბე):
_ მოგეხსენებათ, კახა რუსთავის სარაგბო სკოლის აღზრდილი და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. მოხარული ვარ, რომ წელს კვლავ მშობლიურ გუნდში იასპარეზებს, რაც ჩვენთვისაც დიდი სტიმულია...
ნათია ჯიოშვილი
18.03.2010 |