|
გიორგი სააკაძისა და ნოღაიდელის შედარება, რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობაა...
ამასწინათ ჩემთვის ფრიად საპატივცემულო გაზეთ ,,რუსთავში~ დიდად აღმაშფოთებელ სათაურს წავაწყდი. ექვსი ათეული წელია ამ გაზეთთან ვთანამშრომლობ, უპირველესად მისი ერთგული მკითხველი ვარ, ბევრი კარგი და შთამბეჭდავიც წამიკითხავს, მაგრამ ენათმეცნიერების დოქტორის და სახელმწიფო მართვის მაგისტრის, ლიანა ბარნაბიშვილის წერილმა სათაურით ,,გიორგი სააკაძის სინდრომი~, გამაოცა და დიდა გამაღიზიანა. არადა, ამ დალოცვილს წერილის შესავალში თვითონვე მოჰყავს ქართველთა დიდი განმანათლებლის ილია ჭავჭავაძის სიტყვები _ ,,ერის დაცემა და გადაგვარება მაშინ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს~. ამ დროს კი ეს ქალბატონი თვითონვე ესვრის ტალახს ჩვენს სახელოვან წარსულს. არ მიკვირს, ასე რომ ჰკიცხავს პრემიერყოფილ ნოღაიდელს, რომელსაც კახელებმა სწორედაც მორგებული მეტსახელი შეარქვეს თავის დროზე, რომელიც ერთბაშად გამილიონერდა, მერე ვითომდა ოპოზიციონერის მანტია მოირგო, საკუთარი პარტიაც გააჩალიჩა და ახლა ჩვენთან მოქიშპე მეზობელი სახელმწიფოს მეთაურთან კუდის ქიცინს ერისკაცობად ასაღებს. და ეს უბადრუკი პოლიტიკოსი, ვითომცდა შორსმჭვრეტელი, სინამდვილეში კი ერის მოღალატედ შერაცხული, ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბურჯს და ქვეყნის გაერთიანებისთვის დაუც-ხრომელ მებრძოლს, გიორგი სააკაძეს შეადარა. დღევანდელი მოღვაწენი ხშირად წარსულის სახელოვან ერისკაცებს ეტო-ლებიან, მაგრამ სად სააკაძე და სად ნოღაიდელი?!
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ჩემს სიყმაწვილეში ე. ი. გასული საუკუნის ორმოციან წლებშიც გიორგი სააკაძის მოღვაწეობაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა. მერე წავიკითხე სიმონ ქვარიანის ,,დიდმოურავიანი~, ბორის ჩორნისა და ანა ანტონოვსკაიას ,,დიდი მოურავი~, შემდგომ კი სტალინის რჩევით ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა უბრწყინვალესი მსახიობების: ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას და სხვათა მონაწილეობით საუკუნის ფილმი შექმნა, რასაც ჩემდა გასაკვირად, ქალბატონი ენათმეცნიერი დიდ უბედურებად მიიჩნევს. ეს მის სინდისზე იყოს. თბილისსა და კასპშიც ხომ აღიმართა გიორგი სააკაძის ძეგლი ქართული სულის უკვდავებისა და ძლევამოსილების სიმბოლოდ. თითქოსდა ამით გაქარწყლდა ყველა ის ნეგატიური აზრი, რომელსაც ქართველებისთვის მხოლოდ ცუდი მოჰქონდა.
და მაინც, შესანიშნავმა პუბლიცისტმა და მწერალმა ჯანსუღ ღვინჯილიამ თავისი მეცნიერული სქელტანიანი წიგნით ერთხელ და სამუდამოდ დაასამარა ყველა ის ფუჭი მცდელობა, რომელიც გიორგი სააკაძის ღირსების შელახვას ისახავდა მიზნად.
თუმცა რად უნდა ამას ამდენი იწილ-ბიწილო, ქართველმა ერმა ხომ ყველას თავის დამსახურებისამებრ მიუზღო? მეფე დავითი `აღმაშენებლის~ ტიტულით შეამკო, გიორგი მეხუთეს ,,ბრწყინვალე~ უწოდა, მეფე დემეტრე ,,თავდადებულად~ მონათლა, გიორგი სააკაძეს კი დღემდე რჩება საქართველოს დიდი მოურავის სახელი.
ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის წლებში, თუ მის მიერ ჩატარებულ მთავრობის სხდომას ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა, ის დღე მისთვის ბედნიერი იყო, რადგან თავისი შინაგან საქმეთა მინისტრის ძალიან ეშინოდა.საინტერესოა, დღეს რამ გაამამაცა სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩამოცილებული ნადიდკაცარი?
და ბოლოს, ქალბატონ ლიანა ბარნაბიშვილს მინდა ვურჩიო, გადაშალოს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მე-8 ტომი, რომლის მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, ხოლო მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან გასული საუკუნის მწერლობის კორიფეები და მეცნიერები. იქ შავით თეთრზე წერია, რომ გიორგი სააკაძე იყო საქართველოს გაერთიანებისათვის თავდადებული მებრძოლი, ტაშისკარის, მარტყოფისა და სხვა ისტორიული ბრძოლების გმირი, რომ გიორგის ზეობის წლებში შაჰ-აბასმა 60 ათასზე მეტი მეომარი დაკარგა საქართველოსთან ომში და თავისას რომ ვერ მიაღწია, საბოლოოდ ხელი აიღო საქართველოს დაპყრობაზე.
P.s. ეს პასუხი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს _ ამ ჩვენს უწიგნურობისა და უვიცობის ხანაში შეიძლება ზოგიერთმა გზადაკარგულმა ქალბატონ ლიანას წერილი წაიკითხოს და დაიჯეროს, რომ მართლაც იმ დიდი მოურავის ტოლი და სწორია ეს პატარა კაცი, ნოღაიდელი...
გივი ჯახუა
18.03.2010 |