|
სულ რაღაც ერთია წელია, რაც გარდაბნის სასპორტო სკოლების გაერთიანება შეიქმნა და ამ ხნის მანძილზე მისი მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონს 100-ზე მეტი ჩემპიონი შეემატა, რომელთაც წარმატება როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო მასშტაბითაც მოიპოვეს.
ამ ორგანიზაციაში 1000-მდე სპორტსმენია გაერთიანებული, რომელთა კარიერულ წინსვლაზეც 50 მწვრთნელი ზრუნავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსწონთ, თითქმის ყველა სპორტის სახეობაში შეუძლიათ ბედი სცადონ.
ფეხბურთი, რაგბი, კრივი, თავისუფალი ორთაბრძოლები.. თუმცა წამყვანი სპორტი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაინც ჭიდაობაა. სწორედ ამ სახეობაში დაიკავეს ადგილობრივმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილი და წარმატებულ ასპარეზობას 2012 წელსაც გვპირდებიან.
სასპორტო სკოლების გაერთიანების მხარდაჭერით არაერთი ტურნირიც გაიმართა. აგრეთვე პირველად ჩატარდა რამდენიმე ვეტერანი სპორტსმენის სახელობის შეჯიბრი და როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
გეტყვით იმასაც, რომ გასულ წელს წარმატებული სპორტსმენები წახალისების მიზნით ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
_ ჩვენი ორგანიზაცია უკვე ერთი წელი, რაც ჩამოყალიბდა და თითქმის ყველა სახეობაში გვყავს სპორტსმენები.
2011 წელს რამდენიმე სკოლაც გავხსენით. შეიქმნა რაგბის კლუბიც, ხოლო ფეხბურთში კი სხვადასხვა ასაკში 18 გუნდი გვაქვს. მაგრამ განსაკუთრებით წარმატებით გარდაბნის წარმომადგენლები ჭიდაობაში ასპარეზობენ. წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ჩემპიონი ჩვენ გვყავდა.
რაც მთავარია კარგი თაობა მოდის და 2012 წელს უფრო მეტი ტურნირის გამართვასაც გვეგმავთ. რამდენიმე შეჯიბრის დამატებაც არის მოსალოდნელი, როგორც ჭიდაობაში, აგრეთვე სხვა სახეობებში.
ასევე ვაპირებთ, მოყვარულთათვის სატრენაჟორო ოთახი გავაკეთოთ, რომ შეძლონ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. წარმატებული სპორტსმენების წახალისებასაც აუცილებლად გავაგრძელებთ. _აღნიშნა გარდაბნის სასპორტო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი შინჯიკაშვილმა.
ნათია ჯიოშვილი
20.01.2012 |