|
22 აპრილს კომპანია სი–ჯი–სიმ (საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციია) რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფაზე, რითაც იგი გაერთიანებული ტელეკომისგან სატელეფონო წყვილებით მომსახურების აღდგენას ითხოვდა. განცხადებას თან ერთვის სი–ჯი–სისა და გაერთიანებული ტელეკომს შორის 2007 წლის 3 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სი–ჯი–სი აბონენტთა მომსახურებისთვის გაერთიანებული ტელეკომის სახაზო–საკაბელო წყვილებს იყენებდა. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2008 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. განცხადებას თან ერთვის ასევე სი–ჯი–სის წერილობითი მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე 2009 წლის 31 დეკემბრამდე, რაზეც გაერთიანებული ტელეკომის თანხმობა არ არსებობს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილების შედეგად გაერთიანებულ ტელეკომს აეკრძალა კორპორაციისთვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შეწყვეტა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარე უნდა იყოს გაერთიანებული ტელეკომი და არა ფილიალი ქვემო–ქართლი ტელეკომი, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია სარჩელი, ვინაიდან კომპანიის ფილიალი ცალკე იურიდიულ სუბიექტს არ წარმოადგენს. შესაბამისად მოსარჩელე მხარეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შეეტანა კომპანია გაერთიანებული ტელეკომის წინააღმდეგ. თავის მხრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო ამ საკითხზე სი–ჯი–სის განცხადება.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მომსახურების აღდგენის უზრუნველყოფას ავალდებულებს იმ მხარეს, რომელთანაც კორპორაციას კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული, ხოლო დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის დეკემბრში ამოეწურა. ასევე, კორპორაციის წერილზე კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე გაერთიანებული ტელეკომისაგან თანხმობა არ მიუღია. არაკვალიფიციური დადგენილების გამოსატანად ეს ვადაგასული დოკუმენტები მიიჩნია მოსამართლემ არგუმენტირებულად. გაერთიანებული ტელეკომი თავის მხრივ, მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედების გამო იუსტიციის საბჭოში ჩივილს აპირებს. ამავე განჩინების უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, 28 აპრილს გაერთიანებულმა ტელეკომმა მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით და ახალი განჩინებით უარი უთხრას შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას მოთხოვნას. აღნიშნულ საკითხს რუსთავის საქალაქო სასამართლო 13 მაისს განიხილავს.
ნონა ქარქაშაძე
12.05.2009 |