საკანონმდებლო რეგულაციას, რომელიც მცირეგაბარიტიანი კონტეინერების გადაზიდვისას გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამან ფოთის პორტის მუშაობის პარალიზება გამოიწვია, რადგან მძღოლებმა უარი თქვეს პორტის ტერმინალებიდან ასობით კონტეინერის გატანაზე. შედეგად რამდენიმე გემმა პორტში შესვლა ვერ შეძლო და რეიდზე იძულებით დარჩა.
რეიდზე გატარებული თითოეული დღე, გემების მფლობელებისათვის დამატებით დანახარჯებს მოითხოვს.
საკანონმდებლო შეზღუდვა ე.წ. ორმოცფუტიანი კონტეინერების ტრანსპორტირებას, დაცვის პოლიციის თანხლების გარეშე კრძალავს. გადამზიდავი ფირმები და სატვირთოს მძღოლები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ, რომლითაც კონტეინერების დასაშვები სიმაღლე 4 მ-დან 4,30მ-მდე გაიზრდება.
პროტესტის მონაწილეთა ინფორმაციით, დაცვის პოლიციის მომსახურება მათ მნიშვნელოვნად გაუზრდით დანახარჯს. მაგალითად, არაგაბარიტული ტვირთის ფოთიდან თბილისამდე გაცილებისთვის, მათ დაცვის პოლიციას 1000-დან 1200-მდე ლარი უნდა გადაუხადონ. დაცვის პოლიციის თანხლებას ექვემდებარება, გემიდან რამდენიმე ნავმისადგომამდე ტვირთის გადაადგილებაც, ანუ ხარჯი პორტის ტერიტორიის შიგნითაც ეზრდებათ.
გადამზიდავი ფირმების განცხადებით, ეს გადაზიდვის თვითღირებულებას გაზრდის, მომსახურებას გაუძვირებს დამკვეთსაც და მისთვის მომსახურების ტარიფი გასამმაგდება. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ იმასაც, ეყოფა თუ არა ადგილობრივი დაცვის სამსახურის რესურსი ფოთში გადამუშავებული კონტეინერების მომსახურებას.
საქართველოს გადაზიდვებში დიდი წილი მსუბუქი ავტომობილების გადაზიდვაზე მოდის. მომსახურე ფირმები ეჭვობენ, რომ ამ გაუგებრობის წყალობით ეს სეგმენტიც დაიკარგება.
პროტესტის მონაწილეთა აზრით, ყველაფერი იმის ბრალია, რომ კანონი პირდაპირაა გადმოწერილი ევროპული კანონებიდან და მასში საქართველოს სპეციფიკა გათვალისწინებული არ არის. მაგალითად, მსუბუქი მანქანებისთვის კონტეინერების ეს ზომა ევროპაში გარკვეული შეღავათებით სარგებლობს.
სპეციალისტთა მიერ ცენტრალური მედიისთვის მიცემული განმარტებით, ფოთის პორტში მოძრავი 200 000 კონტეინერიდან, 60 000 მცირეგაბარიტიანია, ანუ მთლიანი გადაზიდვის ერთ მესამედს შეადგენს. სატრანზიტო გადაზიდვებშიც, ამ ტიპის კონტეინერებს ტვირთბრუნვის 55% მათზე მოდის. ტარიფების ასეთი ზრდა აიძულებს დამკვეთს ალტერნეტიული იაფი მარშრუტები ეძებოს. გადაზიდვების ასოციაციის ინფორმაციით, ასეთ ალტერნატივას თუნდაც, ირანი წარმოადგენს, სადაც საწვავის სიიაფის გამო, მომსახურების ფასიც დაბალია. ირანის მარშრუტს დამკვეთისთვის ის მინუსი აქვს, რომ კორიდორი გაცილებით გრძელია და საქართველოს გავლით ტრანსპორტირებისას გადამზიდავი 10-15 დღეს იგებს. თავის მხრივ, საქართველოს უპირატესობა, სწორედ, მოკლე მარშრუტი და მომსახურების მაღალი ხარისხია. ამ ცვლილებების შედეგად კი, საქართველოს კონკურენტუნარიანობა დაეცემა.
27 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების გადახედვას აპირებს. შეიცვლება კანონი თუ პირობები შემსუბუქდება, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მძღოლებისა და გადამზიდავი ფირმების პროტესტი ამ დროისათვის შეწყვეტილია.
30.07.2009 |