|
შპს "ფოთის წყალკანალის" ყოფილი დირექტორის, ვლადიმერ მსხილაძის სასამართლო პროცესზე მისი ახლობლები და ყოფილი თანამშრომლები სხდომათა დარბაზში შესაღწევად რიგში იდგნენ. პროცესი ორი საათის დაგვიანებით დაიწო და 10წთ-ში დასრულდა. ბრალდებულის დაცვის მხარის მიერ წინა სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის, საპროცესო გარიგების შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურას არც ამჯერად ჰქონდა მიღებული. მიზეზად სამხარეო პროკურორის დედაქალაქში ყოფნა დასახელდა. წამოვა თუ არა პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე, 22 სექტემბერს გაირკვევა, რადგან სხდომა სწორედ ამ დრომდე გადაიდო. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, "გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი დროა". სხდომათა დარბაზში, ზოგიერთები სამხარეო პროკურორის მიერ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გამართული კონსულტაციების შესახებ ეჭვსაც გამოთქვამდნენ.
ვლადიმერ მსხილაძის ადვოკატის, მურთაზ ქვარაიას განცხადებით, "ბრალდებული თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს".
სასამართლო პროცესზე ჟურნალისტის გამოჩენამ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი კომენტარისა და საკუთარი პოზიციის აღნიშვნას თავს არიდებენ, "ოჯახის პირადი საქმის გამოქვეყნების სურვილის არქონის" მიზეზით, და დამატებით განმარტების გაკეთების უფლებას არც ადვოკატს აძლევენ.
მსხილაძე სამხარეო პროკურატურამ სახელმწიფო თანხის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. მას პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი თანხის მითვისებას ედავება. ბრალად ედება 2002-2008 წწ წყალსაკანალიზაციო სისტემის სარემონტო მუშაობისას ყალბი დოკუმენტებით 477 ათასი ლარის მითვისება, მის მიერ დაფუძნებულ და მის მფლობელობაში არსებულ შპს "ქემაილის" მიერ ხობში ნაპირსამაგრი სამუშაოებიდან 200 ათასი ლარის, და სენაკში, წყალსადენის შიდა ქსელის სამუშაოების შესრულებისას, ხელოვნურად გაზრდითა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 1 115.454 ლარის მითვისება. ამ ბრალდებების გათვალისწინებით, საპროცესო გარიგებაზე წამოსვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სასამართლო მას სოლიდური თანხის გადახდას დააკისრებს. წინასწარი ინფორმაციით, ლაპარაკია მილიონ ლარზე.
იზა სალაყაია
16.09.2009 |